“რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა” - თორნიკე შარაშენიძე
“გააჩნია, ჩვენ რას ველოდით სამიტისგან.
თუ იმას, რომ წევრად წელს ან გაისად მიგვიღებენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არ გამართლდება, თუ არ ასრულდა ის, რასაც ბევრი ვნატრობთ, რომ რუსეთი გავიდეს კავკასიიდან. ასეთ შემთხვევაში შეიძლება წელსვე გავხდეთ ნატოს წევრი. თუ ველოდებოდით უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვას, ესეც გამორიცხულია, ნათელი იყო თავიდანვე. შესაბამისად, მოხდა ის, რაც იყო მოსალოდნელი - უკრაინისთვის მხარდაჭერა, იარაღით მომარაგება, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარების განლაგება, რათა რუსებმა მერე, ვთქვათ, პოლონეთისკენ ან ბალტიის ქვეყნებისკენ არ მოინდომონ გაწევა. არა მგონია, ეს მოხდეს, მაგრამ მაინც ჯობს, ჰყავდეთ ჯარი და, ბოლოს და ბოლოს, რუსეთს დისკომფორტი შეუქმნან”, - აცხადებს “ჯიპას” პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა”.
“დღეს უსაფრთხოების მთავარი გარანტორი ამერიკაა და არა მარტო უკრაინისთვის. თუმცა მეორე საკითხია, უკრაინასთან თანამშრომლობაში რა იგულისხმება. იარაღს ისედაც აწვდიან და ამის ფორმალიზება თუ მოხდება, რომ იარაღი სისტემატურად მისცენ, სხვა ამბავია, თორემ ჯარს იქ არავინ გზავნის. საინტერესო ის არის, ამის იქით რა ხდება. როდესაც ეს გვეცოდინება, შეფასება მერე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინას ალიანსს, სინამდვილეში არაფერი იყო. ჯერ ერთი, ამას მემორანდუმის სახე ჰქონდა და არა საერთაშორისო ხელშეკრულების და მეორე - საქმეში გამოჩნდა, რომ ჯარი ვერც ერთმა ვერ გაგზავნა; მესამე - რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა. რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ ალიანსს, სადაც ამერიკა არ იქნება, არაფერი გამოუვა. ამიტომ არის ნატო მნიშვნელოვანი, რომ იქ ამერიკაა და არა იმიტომ, რომ “ნატო” ჰქვია. შესაბამისად, როდესაც ახლა საუბარია მცირე ალიანსების შექმნაზე, ვფიქრობ, მოლოდინი გადაჭარბებულია, რადგან ქმედითი ალიანსის შექმნა ასე იოლი არ არის. ნატოს მაგალითიც იმას გვეუბნება, თუ რატომ არის ნატო ძლიერი, რამდენი ხანია, არსებობს და ვერავინ ეხება მის წევრ სახელმწიფოებს, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ მათ ამერიკა იცავს. ამიტომ საუბარი ახალ მცირე ალიანსებზე, ილუზიაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“უკრაინამ და რუსეთმა როგორ უნდა მოილაპარაკონ? რუსეთი ითხოვს ტერიტორიას, უკრაინა კი მას არ დათმობს. დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკება თეორიულად კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ტერიტორიისა და მისი პოლიტიკური სტატუსის საკითხი ძალიან მტკივნეულია. მოლაპარაკება შედეგიანი ვერ იქნება, როცა არც ერთი მხარე არ იხევს უკან. უკრაინა ასე მარტივად არ დათმობს ტერიტორიებს, მით უმეტეს, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს. ამასთან, რუსეთში ხალხი დემორალიზებულია. რუსეთს მანამდე ყველა ომში ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა, ახლა კი ასე არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “საინტერესოა ერდოღანის ჩამონათვალში შეთანხმებულად მოხსენიებული საკითხები. რა შანსია, რომ უკრაინა ამაზე დათანხმდეს და ამ მოცემულობით ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება?” - “პასუხობს:
“თუ უკრაინა ამაზე თანახმაა, ეს ნიშნავს, ანგარიშს უწევს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, მაგრამ ტერიტორიულ მთლიანობას ასე იოლად არ დათმობს. ვერ წარმომიდგენია, ისე როგორ უნდა მოაწერონ შეთანხმებას ხელი. თუ შეთანხმების ტექსტში ტერიტორიების საკითხს მიაჩუმათებენ, საერთოდ არ დასვამენ, მაშინ გასაგები გახდება, რომ უკრაინა ამ ტერიტორიებს თმობს. თუ მკაფიოდ არ ჩაიწერა, იგულისხმება, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებიდან არ გავა, არც ყირიმიდან და არც დონბასიდან. რუსეთი დადებულ ხელშეკრულებებს არღვევს და სიტყვაზე მისი ნდობა როგორ შეიძლება? მით უმეტეს, არ ვიცით, ახლა რა გეგმა აქვს. მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელი პირობა ჯერ არ ჩანს. ორი ვარიანტია: პირველი- რუსეთი ძალიან გამოიფიტოს და მეორე - ძალიან გამოიფიტოს უკრაინა. ამას კი დრო სჭირდება...”
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი