''რისი რევოლუციის თავი აქვს ოპოზიციას?'' - გუბაზ სანიკიძე

''ხომ მძიმე დღეშია „ქართული ოცნება“, მაგრამ უარეს დღეშია ქართული ოპოზიცია, ქართული ოპოზიცია არის სხვაგან, საქართველო და ქართველი ხალხი - სხვაგან'' .ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოპოზიცია თავს იმართლებს, რომ რევოლუციას არ აპირებენ, მაგრამ ისედაც „არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს“ და ოპოზიციას ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგებაც არ შეუძლია.

„რას იმართლებენ თავს, რისი რევოლუციის თავი აქვს ამ ოპოზიციას? რევოლუციები ასე არ კეთდება. ყველას ვიცნობ, ბევრი ჩემი მეგობარია, პატივს ვცემ, მაგრამ არცერთი რევოლუციონერს არა ჰგავს. კარიკატურაა ეს ყველაფერი - ხელისუფლებაც კარიკატურაა და ოპოზიციაც. დააკვირდით, ხალხი აღარ რეაგირებს უკვე, აღარც ხელისუფლების და აღარც ოპოზიციის განცხადებებზე.

გამოდიან „მეოცნებეები“ და ამბობენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რევანშიო. აბა , პოლიტიკა რა არის? - ხან შენ უნდა მოიგო, ხან მე უნდა მოგიგო. თურმე როგორ უნდათ რევანში.

ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების მოგების ძალა ოპოზიციას არ აქვს, განულებულია ოპოზიცია. ხომ მძიმე დღეშია „ქართული ოცნება“, უარეს დღეშია ქართული ოპოზიცია, არაადეკვატური ქმედებებით. ოპოზიცია ვერ აფასებს სწორად ვითარებას და არ აქვს სწორად აღებული პრიორიტეტები. იბრძვის წვრილმანებისთვის და მთავარი სტრატეგიული საკითხები ისე ჩაიშხუილებს ხოლმე, ვერც დაინახავენ.

ხალხი დიდი ხანია მზად არის ცვლილებებისთვის, ეს რამდენიმეჯერ დადასტურდა. 20 ივნისს, მერე ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებზე, აგერ, უკრაინის მხარდამჭერი აქციებიც. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ საზოგადოებას, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ქართული ოპოზიცია არის სხვაგან და საქართველო და ქართველი ხალხი არის სხვაგან. ეს არის პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი პრობლემა არ არის ეს, ძალიან მალე ქართველი ხალხი განაჩენს გამოუტანს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ამ სახით, როგორიც არის დღეს. პერსონებს არ ვაკრიტიკებ, ამ სტრუქტურას, ამ სქემას, რა სქემითაც ოპოზიცია მოქმედებს, ეს არის განწირული. განულებული ვითარებაა. ეს არის გამოგონილი ვითომ ერთობა, რამდენჯერ გამოაცხადა ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობა? პრინციპში მართალია, ასეთი ერთობები მე არსად მინახავს. არჩევნების წინ შეიკრიბებიან, დათქვამენ რაღაცას, დაიფიცებენ ხატზე ერის წინაშე, რომ ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ, ერთად ვიქნებით და ერთ თვეში იშლებიან მერე. ოპოზიციური ინგრედიენტები არსებობს, მაგრამ თვითონ ოპოზიციური კერძი არ კეთდება სწორად. პოლიტიკური მაგიდა არ არის საინტერესო ქართველი ხალხისთვის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი ქართველი ხალხისთვის უცხოა და ამიტომ რეიტინგებიც დაბალი აქვთ, „ნულების პარადია საქართველოში".

„ეს პოლიტიკური სპექტრი არის ზოგადად უცხო ჩვენი ხალხისთვის, გადახალისებაზე მეტად სწორი კონსტრუქციის აწყობაა საჭირო. ვეუბნები რაცაა გასაკეთებელი და უკუღმა აკეთებენ იმას. უნდა გაკეთდეს ოპოზიციური საბჭო, ეროვნული ხსნის კომიტეტს დავარქმევთ თუ რასაც დავარქმევ, მოძრაობა უნდა შეიქმნას, საკუთარ პარტიებზე უარი უნდა თქვან. ვიმეორებ, ნულების პარადია საქართველოში. ჰქვიათ რაღაც ქვეყნის გადარჩენის, ბიბლიური ტერმინოლოგიით მოიხსენიებენ თავიანთ პარტიებს და აქვთ 0,8; 0,3; 1,2 ამნაირი შედეგები. პარტია რატომ იქმნება? რაღაც სოციალური ჯგუფის ინტერესების გამომხატველი უნდა იყვნენ და რისი გამომხატველები არიან? არის ერთი დიდი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მას სხვა პრობლემები აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის გამტარი მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ხალხს შორის. მაგრამ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჰყოფნის ვითარების გამოცვლას“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

წაკითხვა 302 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.