"გვარამიას მაშინ გამოუშვებს ივანიშვილი, თუ იგი ამაში პოლიტიკურ მიზანშეწონილობას დაინახავს"

ეჭვგარეშეა, რომ ნიკა გვარამიას დაკავება განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით. როგორი შეკრულიც არ უნდა იყოს საქმე ფაქტობრივად თუ იურიდიულად, სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ პასუხობს დემოკრატიული მართლმსაჯულების პრინციპს თუ ის არის როგორც კანონიერი, ისე პირველ რიგში, სამართლიანი, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას დაკავებას FirstNews.ge-თან საუბარში "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.

 

მისივე თქმით, შერჩევითობა იურიდიულად ყველაზე მყარ საქმეს აქცევს პოლიტიკურ საქმედ.

 

"მიდგომა რომ შერჩევითია, ალბათ არავის ეპარება ეჭვი. კანონის უზენაესობის სტანდარტს რომ უყენებდნენ ყველას, მაშინ ივანიშვილით დაწყებული მისი ჩინოსნების 80 % ით დამთავრებული ახლა გაცილებით უფრო მასშტაბური დარღვევებით, გადაცდომებით და კრიმინალის ხარისხით უნდა ისხდნენ საპატიმროში. აშკარაა, რომ ეს არის მიზანმიმართული სელექციური მიდგომა.

 

რაში დასჭირდათ ეს, ამაზე პასუხი სპეკულაციური იქნება და არარელევანტური. ამით სააკაშვილის ფაქტორის განეიტრალება და ფოკუსის გადატანა უნდათ, სავაჭროდ დასჭირდათ დასავლეთთან თუ ევროინტეგრაციის შეფერხება სურთ, მეორე ხარისხოვანია, ვინაიდან ქვეყნის ცივილიზებულობის იმიჯს ეს ვნებს ქვეყნის გარეთ, ხოლო შიგნით ამყარებს განუკითხაობის შეგრძნებას. ერთ მშვენიერ დღეს ყველა მოქალაქე იქნება დაშინებული, დაზაფრული და სახელმწიფოსგან ანგარიშსწორების მოლოდინში, თითიდან გამოწოვილი საბაბით, როგორც ეს ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ," -აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნინო კალანდაძე.

 

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ, გვპასუხობს:

 

"ოპოზიცია ბევრ რამეს უნდა აკეთებდეს 2012 წლიდან მოყოლებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ და არ აკეთებს. ოპოზიცია თამაშობს ბიძინას დაწერილი თამაშის წესებით ბიძინას კარზე. ამაში ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ოპოზიციურ მედიას თავისი წვლილი აქვს.

 

მე არ მჯერა, რომ რუს ოლიგარქებს, კრიმინალებს და ეფესბეს მიერ კომპრომიტირებულ კლანებს დათმობით და ცივილიზებული საუბრით აჯობებ. მე მჯერა დიპლომატიის და დიპლომატიური ძალის, ანუ უპირატესობის ენის. ოპოზიციამ კი ყველა ბერკეტი ნებაყოფლობით დათმო. ასეთი ძალის და უპირატესობის დემონსტრირების საშუალება ოპოზიციას რეალურად ჰქონდა სულ 2- ჯერ - 2016-ში და 2020-ში. 2016 წელს, როცა ივანიშვილმა ხალხზე ზეწოლით, მანიპულაციით, მოსყიდვით, ძალის და კრიმინალის გამოყენებით იძალადა ამომრჩევლის ნებაზე, ხოლო ოპოზიციამ ეს არ არჩევნები უღიარა და შესაბამისად უკანონოდ მოპოვებული კონსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაცია დაუშვა - მას შემდეგ ივანიშვილმა ყველა საკვანძო რგოლი დაიქვემდებარა ტოტალურად, სამწუხაროდ პოლიტიკური უმცირესობაც. და 2020-ში, როცა აშკარა იყო, რომ საპარლამენტო ბოიკოტი და ოცნების რეჟიმის მარტო დატოვება ძალიან მტკივნეულ დარტყმას აყენებდა ოცნებას. ეს კარგად გამოჩნდა, როცა მედიატორთა მთელი წნეხი გადმოვიდა ოპოზიციაზე, რათა მათ შეეწყვიტათ ბოიკოტი. სხვა ზეწოლის ბერკეტი ოპოზიციას პრაქტიკულად აღარ ჰქონია. მათ შეეძლოთ 2021 ში მეორე ტურებზე უარის თქმით სააკაშვილის გათავისუფლება გამოევაჭრათ, ესეც კი არ ქნეს. შესაბამისად, ხვდებით ალბათ, რომ ახლაც სკეპტიკურად ვუყურებ ოპოზიციის შესაძლებლობებს.

 

გვარამიას მაშინ გამოუშვებს ივანიშვილი, თუ იგი ამაში პოლიტიკურ მიზანშეწონილობას დაინახავს და ამით თვითონ ხეირს ნახავს სანაცვლოდ. და არა იმიტომ, რომ მასზე ოპოზიციის ან საზოგადოების მღელვარება რამე გავლენას იქონიებს. ვიმეორებ, გავლენის მოსახდენად საჭიროა ძალა, ანუ იძულების ბერკეტი. ეს კი ოპოზიციას, დღეს, სამწუხაროდ არ აქვს,"- აცხადებს ნინო კალანდაძე ჩვენთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

წაკითხვა 1424 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 17 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.