''„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“ ყაჩაღურად მიიტაცა'' - ირაკლი კობახიძე

კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი სასამართლოს მხრიდან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გვარამიაც და დამენიაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და ამჟამად ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, ვფიქრობთ, არ იძლევა საფუძველს, მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების ფაქტს პოლიტიკური განცხადებით გამოვეხმაუროთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„იმთავითვე აღვნიშნავთ, რომ გვარამიას და დამენიას მიმართ დამდგარ განაჩენზე არც ახლა ვგეგმავთ საუბარს. ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მხოლოდ იმ ისტერიულ კამპანიაზე, რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად უნდა შეფასდეს.

ვიდრე ამ მცდელობას შევაფასებდეთ, მინდა, გაგახსენოთ ციტატა 20-ზე მეტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: „როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“.

ეს არის ციტატა სასამართლოს არა გუშინდელი განაჩენის, არამედ 2017 წლის გადაწყვეტილების შესახებ. მაშინაც, 5 წლის წინ, ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი და მათი უცხოელი ლობისტები აწარმოებდნენ ისტერიულ, სიცრუეზე და „ფეიკზე“ დაფუძნებულ კამპანიას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. ეს სიცრუე და „ფეიკი“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორ წელიწადში ამხილა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „რუსთავი 2“ სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა.

„ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა საზოგადოება, სამწუხაროდ, დღესაც. შეგახსენებთ, რომ ქრონოლოგიურად სწორედ „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების „მიწებებით“ დღემდე წარმოებს.

გუშინდელი სასამართლო განაჩენის დეტალებზე საერთოდ არ გვსურს, საუბარი. ყურადღებას გავამახვილებთ საქმის მხოლოდ ერთ გარემოებაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ფსევდო-იურისტები განაჩენის „აბსურდულობას“ ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს არის სრულიად უსუსური არგუმენტი – როდესაც ტელეკომპანიის უკანონო მფლობელები და გენერალური დირექტორი კანონიერი მფლობელისთვის დასაბრუნებელი ტელეკომპანიის ძარცვაზე თანხმდებიან, ეს გენერალურ დირექტორს პასუხისმგებლობისგან, ბუნებრივია, ვერ გაათავისუფლებს.

კიდევ ერთი ციტატა, ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სანდრო გირგვლიანის საქმეზე: „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

ეს ადამიანები უსამართლობის გარშემო კოორდინაციით ადრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გვაოგნებდნენ, ახლა ისინი ოპოზიციის რიგებიდან გვაოგნებენ. მართლაც გამაოგნებელია შეთანხმებული ქმედებები, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსთავი 2-ის მიტაცების საქმეზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის“ და კორუფციის საქმეებზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ რუსთავი 2-ის ძარცვის საქმეზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, 2017 წლის ისტერიული კამპანიის ფონზე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა, რითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დაბრუნება ორი წლით შეჩერდა.

„ამ გადაწყვეტილებამ გვარამიას მისცა შესაძლებლობა, ტელეკომპანია კიდევ რამდენიმე მილიონით გაეძარცვა. ამით, რადიკალურმა ოპოზიციამ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ენჯეოებმა და უცხოელმა ლობისტებმა სტრასბურგის სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. თუმცა, სასამართლოსთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ სრულად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება, რითაც მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორებისა და ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია გააშიშვლა და ისინი სიცრუეში ამხილა. თუმცა, ამის შემდეგ მათ ბოდიში არ მოუხდიათ უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლისთვის, აგრეთვე პირველი და მეორე ინსტანციის ოთხი მოსამართლისთვის, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ. შეგახსენებთ, რომ გვარამიას მხრიდან მოსამართლე თამაზ უთმელიძის სამარცხვინო ბულინგი სტრასბურგის სასამართლომ საგანგებოდ დაგმო.

სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებსენჯეოებს, მარგველაშვილს და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს.

ახლა კი, ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ „რუსთავი 2“-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების ბულინგს მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ ბულინგს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში, ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი, როცა მიხვდნენ, რომ სასამართლო მას უსათუოდ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა, გაძარცვეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან „მიუგდეს“.

„ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს.

ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი შულავერის კომიტეტი, „ომისა და ღალატის პარტია“, რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა, სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ.

ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ.

ბოლოს, უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი.

სამართლის უზენაესობის გარეშე კი, ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 499 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 17 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.