"მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არდაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია"
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თომას ჯეფერსონის ქვეყნის დიპლომატები ახორციელებდნენ ჩარევას სასამართლოს დამოუკიდებლობაში - რაც არის წარმოსადგენი "ნაცმოძრაობისთვის", ლომჯარიასთვის და სხვებისთვის, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, მათ ეტყობა არ იციან, რა ღირებულებებზე დგას აშშ თომას ჯეფერსონიდან მოყოლებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის აშშ- ში დაგეგმილი ტრენინგიდან მოხსნის თაობაზე.
კობახიძის განცხადებით, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არ დაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია და "საელჩომ უნდა უარყოს ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენა ოპოზიციამ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასთან და არაფორმალური მმართველობის მცდელობასთან დაკავშირებით."
„ჩვენ მივმართეთ საელჩოს, რომ ნათელი მოეფინოს ამ ყველაფერს, რადგან ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია უყენებს საელჩოს, არის ძალიან მძიმე. პირდაპირ ბრალს სდებენ. დავანებოთ თავი საელჩოს და წარმოიდგინეთ, პარლამენტი აწყობს სემინარს, არ მოეწონა მოსამართლის გადაწყვეტილება, იბარებს მოსამართლეს და ეუბნება, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, შენ სემინარზე აღარ დაიშვები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის მიზანიც არის ზემოქმედება კონკრეტულ მოსამართლეზე და ზემოქმედება მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეებზე. რადგან თუ მოსამართლეები ხედავენ, რომ სხვა მოსამართლეზე განხორციელდა კონკრეტული საქმის გამო ზეწოლა, მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეები, ბუნებრივია, ამის მიხედვით შეიძლება იღებდნენ განსხვავებულ გადაწყვეტილებას. საელჩომ უნდა უარყოს ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენა ოპოზიციამ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასთან და არაფორმალური მმართველობის მცდელობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან უხეში ბრალდება, რაც წაუყენა საელჩოს რადიკალურმა ოპოზიციამ და ამაზე პასუხია საჭირო. თუმცა, მე მესმის, რომ საელჩოსთვის შეიძლება უხერხული იყოს ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც. ამიტომ არ გვაქვს აბსოლუტური მოლოდინი, რომ საელჩო პასუხს გასცემს,“ - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო