"ჩვენ წინაშეა ახალი შესაძლებლობები, გამოწვევები, რომლებიც ითხოვს პასუხს, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად და ერთიანობას"
ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ერთიანობას ,ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს ყველამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, აკეთებს თუ არა ყველაფერს, რაც ქვეყანას სჭირდება.
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდათ ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება. დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და მოითხოვს ღირსებასა და თავდადებას. 26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება. ამგვარად, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 მაისი მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არ არის და არც ჩვეულებრივი დღესასწაული, არამედ 26 მაისი არის დაფიქრების და გააზრების დღე.
„დღე, როცა ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ, თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა, რამეთუ დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს, თუმცა ეს დაფიქრება ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენს წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა. ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება – ერთიანობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო