'' ყველა ვალდებულება პირნათლად შევასრულეთ, ახლა ჯერი ევროკავშირზეა, ველოდებით ევროპელების სწორ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას''
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირებულ ტრიოს შორის, რომელიც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას აერთიანებს, საქართველო არის უპირობო ლიდერი ყველა პარამეტრით.
ღარიბაშვილის თქმით, ეს არის ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისა და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ინსტიტუტების შეფასება.
„მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს, რა თქმა უნდა, არ არის წევრობა. წევრობამდე დიდი და რთული გზა გვაქვს გასასვლელი, ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ეს სტატუსი შესაძლოა, მივიღოთ ჩვენ – საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ.
ძალიან მოკლედ მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველო ბოლო 9 წელია, არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, ე.წ. შეთანხმება და გამოიყო ქვეყნები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სახით. ამ ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველო არის უპირობო ლიდერი, ყველა პარამეტრით, ყველა მიმართულებით და ყველა მიღწევით. რაც მთავარია, ეს არ არის გაზვიადებული შეფასება, ეს არის ჩვენი კოლეგების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისა და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ინსტიტუტების შეფასება, რომ საქართველო ყველა პარამეტრით არის წინ ამ ქვეყნებს შორის.
უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს ანგარიშვალდებულება, მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ანტიკორუფციული მიმართულებით ეფექტური რეფორმები, ბიზნესის მიმართულებით, ჩვენ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო მსოფლიოში გავიდა პირველ ადგილზე, პირველად. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე მთავრობა, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც მართლაც ხალხის დაკვეთას ასრულებს. ჩვენს ამბიციურ გეგმებსა და რეფორმებს, რომლებიც დავიწყეთ 9 წლის წინ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ.
უფრო მეტიც, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ ჩვენ ახლახანს დავასრულეთ მუშაობა ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია ყველა ის რეფორმა, ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და მთელი რიგი ვალდებულებებისა, რეფორმებისა და ინიციატივებისა არის გადმოტანილი ცნობილი ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან. ანუ, პრაქტიკულად არაფერზე კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველომ ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შეასრულა პირნათლად და ახლა ჯერი ევროკავშირზეა.
„ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად გვესმის და მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, რომ ნამდვილად არ არის მარტივი სიტუაცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია, ევროპის შუაგულში, ევროპაში ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უკრაინაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და მის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას. და რეალურად, ეს არის მთელი მსოფლიო წესრიგის დიდი გამოწვევა. ამიტომ ამ რეალობაში, ბუნებრივია, არსებობს სკეპტიციზმი ზოგადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, უკრაინასთან მიმართებაში, რადგან მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება, შეტანა ევროპაში და არსებობს მთელი რიგი სხვა მიმართულებები პრობლემებისა, რომელიც უკავშირდება ომს და ომთან დაკავშირებულ რისკებს, საფრთხეებს. ამ პროცესში ჩვენ, საქართველომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა. კიდევ გავიმეორებ, არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, მეორე ომი არ იქნება საქართველოში. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ჩვენ და ჩვენს ხალხს, ეს არის ჩვენი დაკვეთა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერსებს. ამაში ვერავინ შეგვაცვლევინებს ჩვენს აზრს.
მეორე მხრივ, ჩვენ მივყვებით ჩვენს დასახულ მიზანს, გეგმას, ჩვენი მთავარი გზამკვლევი ამ პროცესში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირთან ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის 45% გვაქვს შესრულებული. ამ ნიშნითაც ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. თავისუფალი ვაჭრობის შესრულების ნაწილში 50% -ზე მეტი გვაქვს შესრულებული, მთელი ის ვალდებულება, რომელიც არის ნაკისრი, არის პირნათლად შესრულებული, ჰარმონიზაცია კანონმდებლობის და სხვა უამრავი ვალდებულება. იგივე უვიზო რეჟიმისთვის ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ და ახლა დავაგვირგვინეთ ჩვენი დაპირება, რომელიც 2024 წელს უნდა შესრულებულიყო, 2024 წელს ვაპირებდით შეტანას, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი. ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელების სწორ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ველოდებით სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ერთგული არის და მივყვებით ჩვენს ძირითადად გეზს, პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ ახლა მშვიდად, მტკიცედ, წყნარად დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არაფერი შემაფერხებელი არ იქნება, ბოლომდე მივიყვანთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი