''ყველა, ვინც ჩვენ დროს საელჩოებში ფინანსური მენეჯერი იყო, მინისტრი გახდა: ა, ბატონო შედეგი!''

ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება - ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის! - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის განცხადებით, ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ხელისუფლების „დამსახურებაა“.

 

„სახელმწიფო, რომელიც ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, ბერლინშიც აღიქმებოდა როგორც რეფორმების ლოკომოტივი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღმოჩნდა მაჩანჩალა. თუ ამის მიზეზის ძებნას დავიწყებთ და ხელს მივყოფთ იმას, რაც ქართულ პოლიტიკურ კლასს ასე ძალიან უყვარს - ერთმანეთის დადანაშაულება - მაშინ ევროპული პოლიტიკური ცხოვრების მთავარი პოსტულატი გავიხსენოთ: წარუმატებლობაში ყოველთვის პასუხს ხელისუფლება აგებს! ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ხელისუფლების „დამსახურებაა“. საკმარისია ორი თარიღი გავიხსენოთ: 5 ივლისი, როდესაც ფიზიკურად დაამცირეს, გალახეს, უშვერი სიტყვებით ლანძღეს ჟურნალისტები და 19 აპრილის შეთანხმება, როცა ევროპის კავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ასე თუ ისე ცივილიზებულ კალაპოტში დაბრუნებულიყო. რატომღაც მავანს ეგონა, რომ ევროპის კავშირი იმ შეურაცხყოფას დაივიწყებდა, რომელიც მას და მის უმაღლეს თანამდებობის პირს მივაყენეთ. ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ორი კვირა დარჩა. ამ ორი კვირის განმავლობაში საჭიროა, რომ ჩვენი თანამდებობის პირები, ვინც ბრიუსელში ექსკურსიაზე დადიან, ჩაბრძანდნენ, გამოიკვლიონ, ევროპარლამენტარებს შეხვდნენ, დაელაპარაკონ მათ და ჩვენთან მიმართებაში ყველა პრეტენზია გაარკვიონ, თუმცა მშვენივრად ვიცით, რა არის ეს პრეტენზიები. ეს არის: სამართალდამცავი სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა, უკანონო მიყურადებები, საარჩევნო სისტემა. ავიღოთ ვალდებულება იმისა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორება!

 

არსებობს ამის ალტერნატივაც - „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფმა“ ევროპარლამენტარებთან ძველბიჭური ლაპარაკი გააგრძელონ და მაღალი ტრიბუნიდან აცხადონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს თურმე ჩალის ფასი აქვს. ეს არის მათთვის მეორე გამოსავალი.

 

ოპოზიციას ხელი არაფერზე მიუწვდება, არავინ არაფერს გვეკითხება, ყველაფერი თვითონ იციან, ყველაფრის სპეციალისტები არიან, ყველა დიპლომატიის ბრწყინვალე ოსტატია და ყველა, ვინც ჩვენ დროს საელჩოებში ფინანსური მენეჯერი იყო, თურმე მინისტრები გახდნენ. ა, ბატონო შედეგი!" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კითხვაზე, გაიზიარებს თუ არა ევროპული საბჭო ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ მან არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა აქვე დასძინა, რომ „საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უკიდურესად მტკივნეულია გყავდეს სანქცირებული პერსონა - არა აქვს მნიშვნელობა მოგწონს ეს ადამიანი თუ არა“.

 

„ეს ის არის, რომ გაუთანასწორდე რუსეთსა და ბელარუსს“, - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

წაკითხვა 259 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 10 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.