''გავანაწყენეთ ყველა ინსტიტუტი, ერთგვარად კიდეც ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო, არ ვიცი, ფარდას როგორ ვხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს''
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების შანსი, აჩქარებული პროცესი უკრაინელების თავგანწირვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგია, ხოლო კანდიდატურის საკითხში უკან დახევა კი საქართველოს ხელისუფლების და ნაწილობრივ, ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია.
„რეზოლუციის გარდა, არის კანდიდატურის განხილვის საკითხი. პირველი, ჯერ უნდა ითქვას, რომ ეს აჩქარებული პროცესი, აჩქარებული ნაბიჯი, კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი. სამ მარტს კანდიდატურის განცხადებაზე ხელის მოწერა მხოლოდ ამის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება. კანდიდატურის საკითხში უკან დახევა, ჩვენი ადგილის უკან დახევა კი ჩვენი, ანუ ჩვენი ხელისუფლების და ნაწილობრივ ასევე ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია. შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯები, რაც მიღებული იქნა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როცა ჩვენ ვიკრიბებოდით პეტრაში, ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, აქეთ, მაია სანდუ და შარლ მიშელი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი ტრიოს ფორმატში.
ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება, პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება. კაცი ჩამოვიდა 19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება, შემდეგ 5 ივლისის საქმეზე არაშედეგიანი გადაწყვეტილებები, არაქმედითი გადაწყვეტილებები, 75 მილიონიან ევროკავშირის სესხზე უარის თქმა ისე, რომ ჩვენ ეს რაში გვჭირდება, უარის თქმა გენპროკურორის ახალი არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს, სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები, ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ნოემბერში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევისა და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა, უზენაეს სასამართლოში აჩქარებული წესით ოთხი მოსამართლის დანიშვნა დეკემბერში, როცა გვთხოვდნენ ამის შეჩერებას. დეკემბერში კიდევ სასწაული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით. თუნდაც შეიძლება, ვახსენოთ გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ამაზე მე კი მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, მაგრამ პოლიტიკას კი, ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. ბოლოს ახლა აჩქარებული წესით ასევე მიყურადების კანონში ცვლილების შეტანა, ეს ყველაფერი გარედან იკითხება, რომ ყველაფერი ისე გადადგმულია, დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნოშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ვიაროთ ამ მიმართულებით და შეიძლება, სხვა რამე გვაინტერესებდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ქმედებების გვერდით „არ დაგვაკლდა უმოქმედობაც“.
„არჩევნებისა და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ არ ყოფილა ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტები რომელიმე წამყვან ევროპულ ქვეყანაში – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი ან კიდევ დიდი ბრიტანეთი, არც აშშ-ში და არც კანადაში.
ჩვენთან ასევე შესამჩნევლად შემცირდა მაღალი დონის ევროპელი ვიზიტორები. ესეც ხომ რაღაცის მანიშნებელი უნდა იყოს და უნდა დავფიქრდეთ. ამავე დროს, ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა ტრადიციულად ჩვენი მთავარი მოკავშირეები იყვნენ ევროინტეგრაციის გზაზე, პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართული არის, ეხმარება უკრაინას და ცხადია, თვითონ უკრაინა. თვითონ შარლ მიშელი სამჯერ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და გვევლინებოდა, როგორც ერთ-ერთი ჩვენი ინსტიტუციური მხარდამჭერი, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, რომ თქვენი დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერს მხარს. ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტის ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ასევე ევროპარლამანტის თავმჯდომარის პარტიაა, ანუ, ყველა ის ინსტიტუტი და დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ვხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, მემგონი, ეს უნდა გვადარდებდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი