"ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა" - პარტია „საქართველოსთვის“

გახარიას გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, რომელზეც ერთობლივი მუშაობის დაწყების თხოვნით "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა დაინტერესებულ პირს მიმართა. გეგმის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხოჯევანიშვილმა დეპუტატებთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, გეგმა პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და მასზე მუშაობა დღესვე ერთობლივად უნდა დაიწყოს.

 

„საქართველო იყო ლიდერი ქვეყანა "ასოცირებულ ტრიოში", "ოცნების" მთავრობის ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში წარმოებული პოლიტიკის შედეგად, დღეს არამარტო ეს პოზიცია დავკარგეთ, არამედ ვდგავართ რეალობის წინაშე, რომ ტრიოს 2 ქვეყანა იღებს, ხოლო საქართველო ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს!

 

ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხი ასოცირებული ტრიოდან ამოვარდნაა და არა ის მოთხოვნები, რომლებიც დაგვიწესეს, რადგან ეს რეფორმები თავად საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია!

 

დღეს ევროკავშირმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ 2022 წლის ბოლომდე დავბრუნდეთ დემოკრატიის, ევროპულ, თავისუფლების გზაზე!

 

სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და რომელზე მუშაობაც არა ზეგ, მაზეგ, ან 2 კვირაში, არამედ დღესვე ერთობლივად უნდა დავიწყოთ.

 

ხაზგასმით ვამბობთ, ერთობლივად, რადგან "ოცნების" ხელისუფლების გარეშე, თუ მან არ აღიარა ის პრობლემები, რაც ქვეყანაში შექმნა და მკაფიო ნება არ გამოხატა მათ გამოსასწორებლად, ვერც გამოასწორებს მათ, ხოლო თუ ოპოზიციის და საზოგადოების ფართო სპექტრი არ იქნება ჩართული ამ პროცესში, ვერ დაიძლევა პოლარიზაცია, რომელიც არის ევროკომისიის მოთხოვნების პირველი პუნქტი.

 

ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური მოწყობის სისტემის აღდგენას, ნებისმიერი შემდეგი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, ძალაუფლების რეალურ დანაწილებას, ქმედით საპარლამენტო კონტროლს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რაც, საბოლოო ჯამში - გამორიცხავს ქვეყანაში შემდგომშიც ოლიგარქიულ მმართველობას“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებსაც გააცნეს კონკრეტული გეგმა. გახარიას გუნდი მოუწოდებს ყველას, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, 24 ივნისამდე, დღესვე დაიწყონ ერთად მუშაობა.

 

„თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ამ გეგმაზე ერთობლივ მუშაობას, იგულისხმება, რომ ის ღიაა მსჯელობისთვის და კორექტირებისთვის.

 

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია, როგორც ყველა აქტიური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, ისე - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პირადად გავაცანით ჩვენი თხოვნა.

 

ახლა კი, კიდევ ერთხელ, საჯაროდ მივმართავთ მათ:

 

გთხოვთ, "ქართულ ოცნებას", გთხოვთ, "ნაციონალურ მოძრაობას" და გთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს, დღესვე დავიწყოთ მუშაობა, პირველ რიგში, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, 24 ივნისამდე ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველებს მიუხედავად ერთმანეთთან დაპირისპირებისა, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის, შვილების მომავალს, შეგვიძლია შეთანხმება, რაც მთელს მსოფლიო დაანახებს, რომ შეგვწევს კომპრომისის და დიალოგის უნარი, ვართ ევროპელები და ვართ ევროპული დემოკრატიისთვის მზად!

 

ეს პროცესი დღესვე უნდა დავიწყოთ და 2022 წლის ბოლომდე ლოგიკურ შედეგამდე მივიყვანოთ, რადგან საქართველოს შევუნარჩუნოთ ევროპული პერსპექტივა და მომავალი“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

წაკითხვა 306 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 20 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.