"ჩვენი მთავრობის მიზანია, რომ საქართველო ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ"

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას - „თრეის ინთერნეიშენალის" მიხედვით საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში - „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას".

2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორებიცაა - სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და თურქეთი - უსწრებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის"  კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში, შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო იყო 51-ე ადგილზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის" მიხედვით, 2022 წელს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რეიტინგში იკავებს მე-14 ადგილს მსოფლიოში.

 

„საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. 2012 წელთან შედარებით, 2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10 წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, რეგიონში არსებული უმწვავესი ვითარების და მათ შორის ჩვენი მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად. 2012 წელს, შედარებისთვის, მსოფლიოს უკანასკნელ ოცეულში ვიყავით გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ომი არ იყო, იყო რეჟიმი, სასტიკი, დანაშაულებრივი, კრიმინალური რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო მომდევნო წლების მუშაობის შედეგად ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ. თუ შევადარებთ ჩვენ საქართველოს მონაცემებს მოლდოვას და უკრაინას, ნათელია, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ყველამ კარგად იცის, მთელმა მსოფლიომ იცის და ეს რეიტინგები, რომელიც ჩამოვთვალე, ეს არის მათი დაწერილი, ევროპული, ამერიკული საერთაშორისო გლობალური, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები," - განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 263 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.