“ევროპელებისთვის „ხათაბალა“ ქვეყანა ვართ და მათ შეუძლიათ ყოველთვის რაღაც დაგვაბრალონ”

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ კანდიდატის სტატუსი  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭოს, საქართველოსთან მიმართებაში მისი ევროპული პერსპექტივა აღიაროს. ევროკავშირი მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  თქმით, ეს ერთ-ერთი ისტორიული  დღე იყო საქართველოსთვის.

 

„ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი მალე მივიღოთ. ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას. მადლობა ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტებს“, – წერდა ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. გიგი უგულავას თქმით, გამოსავალია „ხელისუფლების  იძულება“, გადადგნენ და ახალმა კოალიციამ გააკეთოს უმოკლეს ვადაში ის, რაც ევროკავშირის კანდიდატობას წლის ბოლოს მოგვცემს. 

 

„პრინციპულად არასწორი ფრაზაა – „ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს ვალდებულებები კანდიდატობისთვის“

 

განმარტებისათვის: ეს ფრაზა გულისხმობს, რომ სადაც აღმოვჩნდით, ვიღაც მესამეს ბრალია, და არა ივანიშვილის და ოცნების. ნიშნავს რომ ივანიშვილს კიდევ აქვს რესურსი ქვეყნის დეოლიგარქიზაციის; ნიშნავს – ეს ღარიბაშვილ-კობახიძის ბრალია და არა ივანიშვილის შეგნებული არჩევანი,“- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

 

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ბოლო დროინდელი მოვლენები „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ისტორიკოსმა დიმიტრი შველიძემ შეაფასა.

 

- კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და ეს თავისთავად მძიმე შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ მიზეზები არაერთგვაროვანია. 

როგორც ისტორიკოსმა, ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო. 1922 წელს, გენუაში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა და საქართველოს გაქცეულ ხელისუფლებას (იმ დროს უკვე საბჭოთა ხელისუფლება იყო) მონაწილეობის მიღება სურდა. იქიდან კი, უარზე იყვნენ და რაღაც მიზეზი ხომ უნდა ეთქვათ?! პასუხი კი ასეთი გამოგზავნეს, (თუ არ ვცდები ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაუგზავნა ჩვენს ძველ ხელისუფლებას) - "იცით, ეს კონფერენცია არის ევროპის წარმომადგენლებისთვის და საქართველო კი, ევროპაში არ მდებარეობს, ის აზიაშია." ასეთი ეს შემთხვევა გვაგონებს მაკრონის განცხადებას - "საქართველო გეოპოლიტიკურად სხვა სფეროში მდებარეობსო, ცოტა მოშორებით არის ევროპასთან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვაო".  ეს ძირითად მიზეზად შეიძლება არ ჩაითვალოს, მაგრამ ჩვენ ხომ  არ ვიცით შიგნით რა აზრი ტრიალებს?! 

 

რეალურად, ევროპა ჩვენი მისწრაფებაა პოლიტიკურადაც, მენტალურადაც, ინტელექტუალურადაც და ა.შ. თუმცა, მაინც არსებობს ეს მოსაზრება, რომ საქართველო მოშორებულია ევროპას, ზღვის აქეთ ვართ, ხოლო უკრაინა და მოლდოვა, აღმოსავლეთ ევროპაა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზია. 

 

მეორე მიზეზია საქართველოდან წასული იმპულსები, რომელიც არაერთგვაროვანი იყო. პარლამენტის თავმჯდომერეს, შალვა პაპუაშვილს რბილი და გაწონასწორებული განცხადებები ჰქონდა. მკვეთრად უარყოფითი, კრიტიკული იყო და არ იცვლებოდა ირაკლი კობახიძის განცხადებები. ის ევროპას ეპაექრებოდა, თითქოს ჩვენ კი არა, ისინი გვთხოვდნენ და გვეხვეწებოდნენ. ღარიბაშვილის განცხადებები წინააღმდეგობრივი იყო, ხან - დადებითი, ხან კი მკვეთრად კატეგორიული და კრიტიკული. ვფიქრობ, ხელისუფლების პოზიცია ევროპელებისთვის ძნელად გასაგები იყო. არადა, როცა ქვეყანას ესაუბრები, ან ჰო უნდა გიპასუხოს, ან - არა, ჩვენ კი, სადღაც შუაში ვიყავით. ამ დროს კი, საზოგადოების განწყობა მკვეთრად დადებითია. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპელებისთვის „ხათაბალა“ ქვეყანა ვართ და მათ შეუძლიათ ყოველთვის რაღაც დაგვაბრალონ. ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, ხელისუფლებამ მკვეთრად უნდა გამოხატოს, თუ რა უნდა. 

 

- ევროკომისიის ერთ- ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაცია იყო. როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმება და რამდენად გამართლებულია ეს საქართველოსთვის?

 

- ყველამ ვიცით, რაც იგულისხმება. მოდით ასე დავიწყოთ, უცნობის ტერმინოლოგიით, ვციტირებ -  "რომ ჩვენი პირველი მოქალაქე ძალიან კარგი კაცია, კარგი ხასიათი აქვს, კარგი მეცენატი და ქველმოქმედია. როგორ არ უნდა დავინახოთ, ეს ხომ უმადურობაა, ამდენი ეკლესიაა ააშენა." თუმცა, მე გავახსენებდი, რომ არცერთი ქარხანა არ აუშენებია.

 

ახლა თქვენს კითხვას ევროპული პასუხი გავცეთ - კი ბატონო, კარგი კაცია, ქველოქმედი, პატრიოტი, მაგრამ ერთი კაცი არ უნდა განაგებდეს დემოკრატიულ ქვეყანას. ერთი კაცის ნება და დემოკრატია შეუთავსებელია. თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა არ ვართ, მაშინ იყოს ოლიგარქია. ჩვენ ევროპელები გვთხოვენ დეოლიგარქიზაციას. თუ არ გავაკეთებთ ამას, ევროპა უარს იტყვის ჩვენზე. ამ შემთხვევაში, ეს დეკემბერი კი არა, 10 დეკემბერი რომც მოვიდეს არავინ მიგვიღებს ევროპაში. 

 

ახლა იტყვიან პოლიტიკიდან წავიდა ბიძინაო, თუმცა არსად წასულა, აქვეა. მაშინ ივანიშვილმა დაამტკიცოს პატრიოტობა (თუ ეს შეუძლია) და უარი თქვას ამ როლზე (რადგან, ამ როლის ტყვეა, რომელიც გარედან მიეცა). თუ ის დამოუკიდებელი კაცია და არავის მინიჭებულ როლს არ ასრულებს და არავისგან არ მიუღია დავალება, ამას შეძლებს. ყველანაირად, ინსტიტუციურად შეუძლია ისეთი გარემო შექმნას, რომ ანტიოლოგარქიული რეფორმები გაატაროს, როგორც ეს უკრაინასა და მოლდოვაში გააკეთეს. 

 

ძალიან მარტივად გასაკეთებელი საქმეა და მგონი აქ არცაა საჭირო დაპირისპირება. დავიღალეთ, გაგვიწიონ ანგარიში ოპოზიციამაც და პოზიციამაც, არ ეცოდებათ საკუთარი ქვეყანა და ხალხი, შვილები, შვილიშვილები, რა მაგალითს აძლევენ მათ?! 

 

- იგივე დეოლიგარქიზაციაა აღნიშნული უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში... აქ რასთან გვაქვს საქმე?

 

- უკრაინა მიიღეს ევროკავშირის კანდიდატთა სიაში არა იმიტომ, რომ ეს კარგი ქვეყანაა ან დემოკრატიულია და ა.შ.  სამწუხაროდ, იქაცაა კორუფცია. ჩვენ რომ ერთი ოლიფგარქი გვყავს და 50 მილიონერი, იქ როგორც ვიცი, ორმაგად ბევრნი არიან. არ დავივიწყოთ, რომ უკრაინა კანდიდატთა სიაში პოლიტიკური ნიშნით მიიღეს. სჭირდებათ უკრაინა და ის უნდა დაიცვან. ის დემოკრატიული ნიშნით, ან ევროპული სტანდარტების დაცვით არ მიუღიათ. 

 

ასევე, მოლდოვაც პოლიტიკური ნიშნით მიიღეს, ისიც იქვეა, მეზობელია და უკრაინიული სივრცის ქვეყანაა. ჩვენ კი, მაკრონის არ იყოს და შორს ვართ.

 

- ოპოზიციის მოთხოვნები მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით ამ სიტუაციაში რამდენად გამართლებულია?

 

- ჩვენ, ქართველები რადიკალები ვართ. შეიძლება ცოტა არ აჩქარებულიყვნენ და რბილი მოთხოვნები გაეგზავნათ. პირველ ეტაპზე გაეფრთხილებინათ, მოეთხოვათ პირობების შესრულება, ამათ კი პირდაპირ დააჯახეს. თუმცა, ამბობენ, რომ დრო აღარ ითმენს, ესეც გასაგებია. 

 

ამას, ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს კონტრზომებით. მაგალითად, უკვე ერთი კვირა გავიდა და რამე რეფორმა გაატარა?! ტაქტიკა ან შიდასტრატეგია შეცვალეს?! არაფერი შეუცვლიათ... გამოდის, რომ ოპოზიცია მართალია?! გადადგი რა, რამე ნაბიჯი, მიდი ოპოზიციასთან, ესაუბრე, დაუყვავე. შევარდნაძე მაინც გაიხსენონ, მარტივი ფიგურაა, მაგრამ მამაცი კაცი იყო. რთულ სიტუაციებში მიდიოდა ხალხთან სასაუბროდ, განრისხებული გულშემატკივრების ბრბოში ჩავიდა, აღშფოთებული სტუდენტების წინაშე გამოვიდა. დავიჯერო, ერთი ვაჟკაცი კაციც კი არა არის ხელისუფლებაში, რომ ჩავიდეს და დაელაპარაკოს?! ამბობენ, რომ ნაცების გაკეთებული აქცია.... აღარ გვინდა რა, დაივიწყეთ „ნაცები“, რაღა დროს „ნაცებია“... თუ „ნაცებს" შეუძლიათ 150 000 კაცის გამოყვანა და ამას აღიარებენ, მაშინ დროა, გადააყენონ ხელისუფლება. ამიტომ, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი და დაანახოს ხალხს, რომ ევროპა უნდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის გამოსავალი არსებობს.

წაკითხვა 267 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.