ივანიშვილის იურისტები აცხადებენ, რომ ''Credit Suisse''-ი ბიზნესმენს მორიგ შეზღუდვებს უწესებს

წამყვანი შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეზღუდვებს უწესებს. ამის შესახებ საუბარია ივანიშვილის დაქირავებული კომპანიის, MKD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ შინაარსის წერილი კლიენტმა 2022 წლის 5 ივლისს მიიღო.

"საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება", - წერია ივანიშვილის დაქირავებული იურიდიული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია უპრეცედენტოს უწოდებს ივანიშვილისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციას და მას ბანკის იმიჯის შემლახავად აფასებს:

 

"კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი".

 

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მითითება უადგილოა, რადგან იმ დოკუმენტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და არ გაიზიარა ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ.

 

"მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ", - წერია განცხადებაში.

 

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ჯერ კიდევ 10 ივნისს, ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებამდე თქვა, რომ მისი კლიენტი 4 მარტიდან "ფაქტობრივი სანქციების პირობებშია".

 

უფრო ადრე, 6 მაისს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო. მიზეზად დასახელებული იყო "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში". "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ ეს შეაფასა, როგორც უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩართვის შესაძლო მცდელობა.

წაკითხვა 333 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.