" ვიცი, ეს რთული დღეები გაივლის და ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება"
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენას ,,ჩამოქცეული ცა“ უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის მიზანი ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა და თავად, ხელოვანების მხრიდან კი, ეს ომის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი მანიფესტია.
,,ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, აქ, ორბელიანების სასახლეში ვუმასპინძლოთ პირველ გამოფენას, ვიცი შემდეგ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოფენები და გამოფენა-გაყიდვები სხვა გალერიებშიც, მაგრამ აქ გამოფენას სხვა დატვირთვა აქვს.
ეს სწორედ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ თქვენი ქვეყნისა და იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს თქვენი ქვეყანა იმყოფება. თქვენი აქ ყოფნა, ამ გამოფენის გამართვა უკვე განაცხადია; განაცხადია იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით, რა მძიმე ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რასაც ჩვენი ერთობლივი, ევროპული გზა ჰქვია.
დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, რადგან ნამდვილი უსაფრთხოება რეალურად მიღწეულია, როცა იმ ოჯახში ხარ, სადაც ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ყველა. ეს ჩვენი მომავალია!
მე ამ მომავალს გისურვებთ თქვენ და ვუსურვებ ჩვენს ხალხს! ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული!“ , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს უკრაინის დახმარებისა და ამ ტრაგიკულ მომენტში, უკრაინული კულტურის მხარდაჭერისთვის.
,,დიდება უკრაინასა და საქართველოს! დიდება იმ გმირებს, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ! ერთად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა კასიანოვმა.
ორბელიანების სასახლეში გამოიფინა ლიუბოვ დუშინას, ოლგა ლისიცკას, ირინა ვინიჩენკოს, პოლინა ბალაცკოს, ევა კოჟარინოვას, ანასტასია კლიმენკოს, ნიკა ხვოროსტენკოს, ნატალია კოსსის ნამუშევრები.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
