"ამერიკელ პარტნიორებს კარგად ესმით გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, შეხვდნენ „იუესაიდის“ წარმომადგენლობას და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს.
მინისტრის განმარტებით, ყველა შეხვედრაზე მთავარი თემა იყო საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხარდაჭერა.
ოთარ შამუგია აღნიშნავს, რომ სასურსათო უსაფრთხოება რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა.
„საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და აშშ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (USAID) საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროგრამასა და პროექტს ახორციელებენ. საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ხარისხიანი სათესლე მასალა, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემა ფერმერთათვის.
ამ მიმართულებებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხის განხილვას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა და დამატებითი შეხვედრა გაიმართა სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) გენერალური დირექტორთან. დეტალურად განვიხილეთ საქართველოში მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის გაზრდასთან დაკავშირებული გეგმები, სადაც ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრები, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით ის გამოწვევები, რომლის წინაშე საქართველო დგას, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მარტო უახლოეს პერსპექტივებზე ვისაუბროთ, არამედ – ამერიკის მხრიდან საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დახმარებაზე როგორც ექსპერტული კუთხით, ისე ტექნიკური საშუალებებით, მათი გამოყენების გაზიარებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ოთარ შამუგიას შეფასებით, აშშ-ში ვიზიტი აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს.
„მსოფლიო ბანკის დირექტორთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოში ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით მსოფლიო ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტები. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის ახალ პროექტზე – „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი“ (GRAIL), რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის უფრო განვითარებას. განსაკუთრებული დადებითი შეფასება მოჰყვა საქართველოს პროგრესს კლიმატის ცვლილებების კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. CNFA-ის (Cultivating New Frontiers in Agriculture) პრეზიდენტს, სილვან როის და ორგანიზაციის დირექტორატთან შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პოზიტიურ შედეგებზე და თხილის მოსავლის რაოდენობრივი, ხარისხობრივი მაჩვენებლისა და ექსპორტის ზრდაზე გამახვილდა ყურადღება, რაზეც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანოზაციას უდიდესი წვლილი მუძღვის. ორგანიზაცია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და აგრარული დარგის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრებზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და უმსხვილეს ბაზრზე დამკვიდრება. ქართულ აგროსასურსათო პროდუქტს აქვს პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით, მათ შორის, ქართულ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამებზე გამახვილდა ყურადღება. ღვინის ეროვნული სააგენტო ათწლიანი სტრატეგიის ჭრილში გეგმავს, მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობები განახორციელოს სტრატეგიულ ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ასევე პირდაპირ აისახება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე.
ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიასთან, რომელმაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით შეიმუშავა პოპულარიზაციის და მარკეტინგის გეგმა, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე. USAID-ის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ მზადაა, რეგიონული ოფისის ჩართულობით, მხარი დაუჭიროს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაინტერესებული კომპანიები ერთმანეთთან დააკავშიროს.
ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებთან, მაღაზიების მფლობელებსა და მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო და პარტნერსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მზადყოფნ გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენ, რაც უდავოდ აისახება ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„კოლანჯელო და პარტნერსი“ ერთ-ერთი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიაა, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, შეიქმნას და დამკვიდრდეს „ქართული ღვინო“, როგორც გლობალური ბრენდი, მოხდეს მისი პოპულარიზაცია მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის უნიკალური მომენტი, როცა ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს. ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქართული ღვინის ექსპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების სტრატეგია. ამერიკაში ქართული ღვინის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართული ღვინის კომპანიებისა და ამერიკელი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების დაკავშირება, ამავე დროს, ამერიკაში მოღვაწე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობაა საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ვაშინგტონში მდებარე ღვინის მაღაზიაში „Bach 13“ ქართული ღვინის გაყიდვების მაჩვენებლების გაცნობა. მაღაზია ამერიკელ მომხმარებელს საქართველოდან 30-მდე კომპანიის ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტს სთავაზობს. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართული ღვინის 8 ათასწლოვან ისტორიას. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული სასურსათო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, ამერიკის ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებისა და გამოწვწვბის საკითხებზე ვიმსჯელეთ. მათ ამერიკაში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პირობა მივეცით. როგორც ექსპორტიორებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში, ამერიკის ბაზარზე აღნიშნულ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო