''მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში'' - ''ველოდები, რომ წავლენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმისთვის, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი''

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელში ჩავლენ და მუშაობას ადგილზე დაიწყებენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სტატუსის მიღების პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომ ჩვენ წლის ბოლოს მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ ჩვენ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რომელზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი, ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავლენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმისთვის, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი, როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, მუშაობა ასევე უნდა დაიწყოს პარლამენტში, რისთვისაც პრეზიდენტის თქმით, შესაბამის დოკუმენტს ხელიც კი მოაწერა.

„როდესაც გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მე მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ყველამ ყველგან უნდა ვიმუშაოთ. იმაზე უარი თქვა და ამაზე „კი“, ასე არ გამოვა. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85%, [საჭიროა] მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, გარკვევა რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით - ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაგები. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში - ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. მათ ხელში არის ამ კანდიდატურის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ მუშაობაზე იმ ერთმანეთთან ჭიდილის რეჟიმიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, არამედ ასევე არის გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ არ იყოს პასუხები და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე,რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს - ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის,რომ ყველანაირად გვაჩვენონ - მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 274 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.