"გოგაშვილის ფიგურა რეჟიმის დანაშაულებრივ და კორუფციულ ბუნებას განასახიერებს, მისი დაკავება ბანალური შიდაბოლშევიკური ანგარიშსწორებაა"- ზაზა ბიბილაშვილი

სოსო გოგაშვილი ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სახეა. მას უამრავ მძიმე დანაშაულში აქვს მონაწილეობა მიღებული - ცხადია, არა საკუთარი ინიციატივით, არამედ ივანიშვილის დავალებით. სანაცვლოდ, ის ერთი რიგითი ბოგანოდან მულტიმილიონერად გადაიქცა,- ასე გამოეხმაურა FirstNews.ge-თან საუბარში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებას "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი.

 

მისი თქმით, გოგაშვილის ფიგურა ერთდროულად განასახიერებს რეჟიმის დანაშაულებრივ და კორუფციულ ბუნებას ისეთ მასშტაბებში, რომელიც უკან იტოვებს არათუ 2004-2012 წლების ე.წ. „ელიტურ კორუფციასა“ და „დანაშაულებს“, არამედ ავადსახსენებელ 1990-იან წლებსაც.

 

"გოგაშვილის დაკავება, დაკავებისას მისი ცემა და მისთვის ცინიკურად იარაღის ჩადება ბანალური შიდა ბოლშევიკური გარჩევებისა და ანგარიშსწორების ნიშანია. არაფერი საერთო ამ ქმედებას სამართალთან, სამართლიანობასთან და კანონიერებასთან არ აქვს.

 

ივანიშვილი ვერაგი ოლიგარქია. მისი მოქმედების მოდუსი ნათელია - ის ჯერ „აფუჭებს“ მოწინააღმდეგეს (მაგ., ან ჯერ დანაშაულში ჩართავს, რომ საკუთარი დანაშაულის მძევლად აქციოს, ან რაღაც ეტაპამდე მოისყიდის და მერე გაუშვებს თავისუფალ ცურვაში, უკვე კომპრომეტირებულს) და, როგორც წესი, მხოლოდ მას მერე იჭერს, რაც მისი მორიგი მსხვერპლის მიმართ საზოგადოების ფართო ფენების სოლიდარობა გამოირიცხება.

 

ისტორიკოსები დამეთანხმებიან: საბჭოთა რეჟიმის არსი არ იცვლებოდა მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეტაპზე მეორე თაობის ბოლშევიკებმა პირველი თაობის ბოლშევიკები დახვრიტეს (1920იან წლებში), ხოლო მესამე თაობის ბოლშევიკებმა - მეორე თაობის მუშაკებს მოუწყეს სასტიკი რეპრესიები 1930-იანებში. პირიქით, ამით ბოროტი სტალინური სისტემა მხოლოდ გამყარდა. ანალოგიურად, ის, რომ დღეს კობახიძე პირველი თაობის ქოცებს (მაგალითად, ბესელიას) ლანძღავს (და პირიქით) ან ის, რომ ივანიშვილის დავალებით მისი რაზმეულები გოგაშვილს იჭერენ და უსწორდებიან (რადგან ეს უკანასკნელი მის ამფსონებს ამხელს), არსებითად არაფერს ცვლის კანონმორჩილი, პროდასავლურად განწყობილი რიგითი ქართველებისთვის,"- აცხადებს ჩვენთან საუბარში ზაზა ბიბილაშვილი.

 

კითხვაზე: - შეიძლება ითქვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" რეპრესიები დაიწყო და ყოფილ თანაგუნდელებს სჯის?

 

ზაზა ბიბილაშვილი გვპასუხობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" რეპრესიები და პოლიტიკური დევნა ხელისუფლების გადაბარების მომენტიდან, ანუ 2012 წლის ბოლოდანვე დაიწყო".

 

როგორც ის განმარტავს, ოლიგარქის პირველი ტყვეები იყვნენ გენერალი გიგი კალანდაძე და სხვა სამხედროები, რომლებიც ივანიშვილმა, წულუკიანის დახმარებით, სრულიად შეგნებულად, ნატოს დელეგაციის ვიზიტის დროს დაიჭირა, ამ ვიზიტის ჩასაშლელად.

 

"ის, რომ ივანიშვილი პერიოდულად შიდა წმენდას ახორციელებს ჩვენთვის მხოლოდ უარესობის მანიშნებელია. ყურადღება მიაქციეთ - ყოველი შემდეგი თაობის ქოცი პოლიტიკურად კიდევ უფრო უსახური, კიდევ უფრო უსიტყვოდ მორჩილი, უფრო აგრესიულად უბირი და ტოტალურად თავისუფალია ყოველგვარი ადამიანური მორალისგან. ამრიგად, სამწუხაროდ, ივანიშვილის რუსული რეჟიმი ფესვებს იდგამს და ჯერჯერობით ამას ვერაფერს ვუპირისპირებთ. მიუხედავად ამისა, მჯერა, საქართველო შეძლებს საკუთარ თავში იმ ადამიანური რესურსის აღმოჩენას და ორგანიზებას, რომელიც შეძლებს საკუთარი სისუფთავით, პრინციპულობითა და თანმიმდევრულობით დაამარცხოს რუსული ბოროტება, რომელიც ქვეყანას დაპატრონებია,"- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ზაზა ბიბილაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

18 ივლისს კი სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

წაკითხვა 1668 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.