“ოცნებას” გაუჭირდა და ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართო" - პაატა ზაქარეიშვილი

“ქართული ოცნება” ძალიან სასაცილო მდგომარეობაშია.

საქართველოს წინააღმდეგ მერამდენედ იქნევს ჯოხს და თავში ირტყამს. ამ წერილმა ხომ დაადასტურა, რომ სიტუაციას ივანიშვილი მართავს? აშკარად ჩანს, რომ “ოცნებას” ძალიან გაუჭირდა, ზარი ახლობელთან დასჭირდა და ეს ახლობელიც გამოეხმაურა. გაუმზადეს წერილი, აშკარად ფორმალურია, მას ხალხური ლაპარაკი უყვარს და თავად რომ დაეწერა, სხვანაირად დაიწერებოდა. აშკარაა, რომ ესაა თხოვნა "გვიშველე", მანაც უშველა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ არა მხოლოდ ძალაუფლებას ფლობს, არამედ რეალურად მართავს პოლიტიკას”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებას” გაუჭირდა და ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართო” - ზაქარეიშვილი წერილზე.

 

“ეს პირველ რიგში ომის კონტექსტში ჩანს, რომელიც “ოცნებიდანაა” წამოსული. მართლაც უცნაური, აბსოლუტურად გაუმართლებელი და უსაფუძვლო იდეაა, რომ ომი თავიდან ავიცილეთ. ომის თავიდან აცილების არავითარი საფუძველი არ არსებობდა. თავიდან რა უნდა აეცილებინათ, როცა ომის არავითარი საფრთხე არ არსებობდა. როგორც ჩანს, ეს თემა არ იყიდება და საზოგადოებას არ სჯერა. ამიტომაც ივანიშვილის სახით ძლიერი არტილერია ჩართეს. მან მაინც დაადასტუროს, რომ დიახაც, ომის საფრთხე მართლაც იყო. მას არაფერი მტკიცებულება არ მოჰყავს. ერთადერთი, ვინც ომისკენ მართლა მოგვიწოდებდა, ეს უკრაინის ერთი-ორი უდღეური პოლიტიკოსი იყო, მაგრამ მათ საქართველოსთან საერთო არაფერი არ აქვთ. მმართველ გუნდს დღემდე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ საქართველოში რომელიმე პარტია, რომელიმე ჯგუფი ან პარლამენტის წევრი ომს მოითხოვდა. მათ ეს მოიგონეს, თითიდან გამოწოვეს, ახლა თავიანთ მიერვე დაგებულ მახეში გაებნენ და ივანიშვილის მხარდაჭერა დასჭირდათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“წერილში ეს ერთ-ერთი წამყვანი თემაა, რომელმაც “ოცნების” მოსაზრება გაამყარა, რომ თითქოს ომი თავიდან ავიცილეთ, არადა თავიდან ასაცილებელი არაფერი იყო. ამ წერილის ორი მთავარი სამიზნეები იყო: ერთი, გაემყარებინა თითქოსდა ომის თავის აცილების ეს ლეგენდა (კარგად ვიცი, ომი როგორ მზადდება და ამის არავითარი ნიშნები არ იყო) და მეორე. ანტიდასავლური კამპანიის მხარდაჭერა და რაც მთავარია ამით გამოააშკარავა, რომ ის ფლობს როგორც პოლიტიკას, ისე ძალაუფლებას. ეს კი ყველაზე შემაშფოთებელი და ყველაზე დამაფიქრებელია, რაც ამ წერილმა მოიტანა”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

 

“როგორც წესი, სჯობს ასეთი განცხადებები არ გააკეთონ, რადგან იმ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებენ, რაც მათ წინააღმდეგაა. შვეიცარიის ბანკი გაიხსენა - ასეთი კეთილი ადამიანი ვარ, საქართველოსთვის მინდა ფული ვხარჯო და შვეიცარიელები საშუალებას არ მაძლევენ, მაგრამ ამას ისე, სხვათა შორის ვამბობ, სჯობდა არ მეთქვაო. თუ სჯობდა, რომ არ გეთქვა, მაშინ ნუ ამბობ! ქართველ ხალხს კიდევ დაამადლა, რამდენი რამე დაგაკლდათ იმიტომ, რომ შვეიცარიამ დამაზარალაო. “ოცნებას” უჭირს და იძულებულია, რომ ივანიშვილი კომფორტოს ზონიდან გამოიყვანონ. მას ძალიან არ სიამოვნებს და როგორც ჩანს, სხვა გზა არ აქვს. პირველად კვირიკაშვილის თემაზე გამოვიდა, დაიმალა და ახლა ისევ გამოსვლა მოუწია. ესე იგი, უჭირთ. ეს საზოგადოებისთვის შეტყობინებაა, რამ მათთან ყველაფერი კარგად არაა და ძალიან უჭირთ. საქართველოს გამოწვევებზე სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ “ოცნების” დღის წესრიგსა და მის გამოწვევებზე, დეგნანსა და ომზე ილაპარაკა”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 325 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.