"მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია"

მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია, სწორედ ეს არის ერთი ჩინეთის პრინციპის მთავარი არსი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩის თქმით, „შეერთებულმა შტატებმა აშკარად დაარღვია ერთი ჩინეთის პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“.

 

„მინდა, გაგაცნოთ ჩინეთის მთავრობის პოზიცია ტაივანის საკითხზე. შეერთებული შტატების პროვოკაციული ქმედებების წინამძღვრებისა და ჩინეთის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომების მიზეზები. 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, 1943 წელს ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურებმა კაიროს დეკლარაცია მიიღეს, რომლის მიხედვითაც, იაპონიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, მათ შორის ტაივანი, ჩინეთს უნდა დაბრუნებოდა. 1945 წლის დეკლარაციით ხელახლა დადასტურდა კაიროს დეკლარაციის პირობების შესრულების აუცილებლობა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია, სწორედ ეს არის ერთი ჩინეთის პრინციპის მთავარი არსი. 1971 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2758 რეზოლუციის მიღებით დაადასტურა ერთი ჩინეთის პრინციპი და აღუდგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმური ადგილი გაერო-ში. ამჟამად, ჩინეთთან 181 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს და შეერთებულ შტატებს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული და ერთი ჩინეთის პრინციპი ყველა შესაბამის დოკუმენტში არის შეტანილი. 1979 წლის პირველ იანვარს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოფიციალურ კომუნიკეში შეერთებულმა შტატებმა გარკვევით აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა და პირობა დადო, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“, – განაცხადა ელჩმა.

 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განცხადებით, ერთი ჩინეთის პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსის საგანია.

 

„წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შეერთებული შტატების ხელისუფლების რიგით მესამე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირია, ამავდროულად, იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რიგით მეორე მემკვიდრეა, ის ამერიკის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, სადაც მისივე განცხადებით, ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. ამით შეერთებულმა შტატებმა აშკარად დაარღვია ერთი ჩინეთის პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა, ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და საშიში ქმედება. ერთი ჩინეთის პრინციპი მეორე მსოფლიო ომის საერთაშორისო წესრიგის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსის საგანია. მიუხედავად ამისა, ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ტაივანთან ურთიერთობის აქტის და ე.წ. ექვსი გარანტიის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა ერთი ჩინეთის პრინციპი არაერთხელ დაარღვია და დღესაც იმავეს აკეთებს. იგი ცალმხრივად ცდილობს ტაივანის სტატუსკვოს და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის შეცვლას. 50 წლის წინ ჰენრი კისინჯერი პირადად მონაწილეობდა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის ნორმალიზების მოლაპარაკებებში, რა დროსაც მხარეებმა ერთი ჩინეთის პრინციპის საფუძველზე მართებულად გადაჭრეს ტაივანის საკითხი. ცოტა ხნის წინ კისინჯერმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეშმაკური თანდათანობითი პროცესით არ უნდა შეიმუშაოს ორი ჩინეთის სქემა. ტაივანის სრუტის ორივე მხარეს ჩინელები ცხოვრობენ. მაქსიმალური კეთილსინდისიერებით და ძალისხმევით ვეცდებით ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებას, მაგრამ არ დავუშვებთ ჩინეთისგან რაიმე ფორმით გამოყოფას. ბოლო წლებში ტაივანის ხელისუფლება უარყოფს ფაქტებს და სამართლებრივ საფუძველს, რომ სრუტის ორივე მხარე ერთ ჩინეთს ეკუთვნის, ტაივანის დამოუკიდებლობა დემოკრატიული, პროგრესული პარტიის გაცხადებული მიზანია. ტაივანის ამჟამინდელი ხელისუფლება შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას, იგი კონტინენტურ ჩინეთთან ისტორიული და კულტურული კავშირების გაწყვეტას ეროვნული იდენტობის წაშლას და დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს“, – განაცხადა ელჩმა.

 

ჭოუ ციენის განცხადებით, ერთი ჩინეთის პრინციპის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება.

 

„შეერთებული შტატები, თავის მხრივ, ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას, ტაივანის კოზირს იყენებს ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად, იგი მუდმივად ამახინჯებს ცვლის და არასწორად გადმოსცემს ერთი ჩინეთის პრინციპს, სულ რაღაც ბოლო წელიწადნახევარში შეერთებულმა შტატებმა ტაივანს მოწინავე შეიარაღება უკვე ხუთჯერ მიჰყიდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას, მაგრამ როგორც ჩინელები ვამბობთ ქცევები სიტყვებზე უფრო ნათლად მეტყველებს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელასის ვიზიტი დამოუკიდებლობის ძალებს მძლავრ მესიჯს უგზავნის, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდშია. ეს სერიოზულად არღვევს ერთი ჩინეთის პრინციპს, ჩინეთ-ამერიკის სამივე ერთობლივ კომუნიკეს და შეერთებული შტატების მიერ დადებულ პირობას. ეს კიდევ უფრო წაახალისებს ტაივანის დამოუკიდებლობის ძალებს, რომ სახიფათო გზაზე წინ წავიდნენ, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას ტაივანის სრუტეში კიდევ უფრო სახიფათოს, რთულს და არაპროგნოზირებადს გახდის. ტაივანის საკითხი ჩინეთის სუვერენიტეტისა და გაერთიანების პრინციპული საკითხია, რაც თავიდან ბოლომდე ჩინეთის საშინაო საქმეა, პელოსის ვიზიტი ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა, რამაც ჩინელების შეშფოთება გამოიწვია. მინდა, აღვნიშნო, რომ ერთი ჩინეთის პრინციპის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. ამ ქმედებების საპასუხოდ ჩინეთი იღებს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ტაივანის კუნძულის მახლობლად ატარებს სამხედრო წვრთნებს, შეწყდა ან დროებით შეჩერდა ჩინეთ-ამერიკას შორის თანამშრომლობა სამხედრო და სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის თქმით, „ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ტაივანის დამოუკიდებლობას“.

 

„მჯერა, რომ ქართველ ხალხს კარგად ესმის ჩინელი ხალხის გრძნობები და ჩინეთის მთავრობის საპასუხო ზომები, რადგან ქართველი ხალხი ძალისხმევას არ იშურებს დამოუკიდებლობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინელი ხალხისა და მთავრობის პოზიცია ტაივანის საკითხზე თანმიმდევრულია, ქართველი ხალხის მსგავსად, ეს არის ჩინელი ხალხის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელის მისწრაფება და პასუხისმგებლობაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტაივანის სეპარატისტულ ძალებსა და შეერთებულ შტატებს. ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ტაივანის დამოუკიდებლობას, არც ერთმა ქვეყანამ, ძალამ თუ ინდივიდმა არასწორად არ უნდა შეაფასოს მთავრობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვასა და ერის გაერთიანებასა და აღორძინებას უკავშირდება. ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებსა და ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ“, – განაცხადა ელჩმა.

წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.