"პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით გამოდიან"
პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას უნდა ისაუბროს საქართველოს შესახებ და გააქარწყლოს ის ეჭვები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს.
„ახლა იწყება ძალიან სერიოზული მომენტი. ერთ კვირაში ჩატარდება ასოცირების საბჭო, სადაც სჩვევია, პრემიერი იქნება წარდგენილი, მიწვეული და ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა ზაფხულის რეკომენდაციების მერე. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, ჩემთვის უცნაურია, რომ ხელისუფლებიდან, მთავრობიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში, რომ ამ 12 რეკომენდაციებზე პირველადი გასაუბრება მაინც ყოფილიყო. შეიძლება, ყველაფერი არ იყოს იმ ფორმით მისაღები, რეალისტური, შეიძლება, რაღაც არის გადასახედი. ჯერჯერობით ეს რეკომენდაციები იმ დღეშია, თითქოს ისეთი ფორმით იყოს მოწოდებული, რომ ყველაფერი ჩაბეტონებულია. მე ვიცი, რომ არ არის ასე და ყველაფერზე, ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკების ჩატარება. ეს იქნება პირველი საშუალება, რომ რაიმე სერიოზული საუბარი შედგეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს მომენტი არ შეიძლება, დაიკარგოს. ძალიან ნათელი ნაბიჯებია გადასადგმელი პრემიერისთვის, მთავრობისთვის და უმრავლესობისთვის და ეს არის ისეთი აუცილებლობა, მეტი რომ არ შეიძლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, არავის სურს და სჭირდება საქართველოს ომში ჩართვა და მსგავსი რაღაცების მოგონება საჭირო არ არის.
„პირველ რიგში, პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპის კომისიას და ვაბრალებდეთ ევროპელებს თუ სხვა პარტნიორებს, ვითომ მათ უნდათ ჩვენი ჩართვა ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს უნდა იყოს ნათქვამი ძალიან მკაფიოდ, არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, როგორიც მგონი, საბჭოთა პროპაგანდის მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა მოვიდეთ გონზე, არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. არ ვიცი, ამით ვინმე თუ ფიქრობს, რომ საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს. აქ არის საჭირო ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ამ ყველაფრის გამო, სანქციებზე, ომის თემაზე, რომელიც ძალიან გაუგებარია ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს, ეს არის მომენტი, როცა უნდა გაიფანტოს ეს ტყუილები, ეჭვები, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ნდობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს არის, რაც ევალება პრემიერს, როცა ჩავა ბრიუსელში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერმა ბრიუსელში პარტნიორებს უნდა დაუმტკიცოს, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე.
"კიდევ ერთი,რაც ევალება პრემიერს, ეს არის გეგმის წარდგენა. უკვე აღარ არის დრო კალენდრების, იმას გავაკეთებთ, ამას გავაკეთებთ, რა გეგმით ვასრულებთ იმ 12 რეკომენდაციას, თუ იმ რეკომენდაციების რაღაც მთავარ ნაწილს. როგორ ვაჩენთ ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ გზაზე შევდგეთ და მართლაც მივიდეთ ბოლომდე. ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს ბრიუსელში ჩვენ პარტნიორებს, დაინახონ, რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო