ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა

ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას.

 

„დღეს ხელი მოვაწერე კანონს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. როგორც იცით, პრეზიდენტმა ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოიყენა ვეტო, რომელსაც მან პოლიტიკური ვეტო უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ მას არ ჰქონდა ამ კანონის მიმართ სამართლებრივი შენიშვნები, თუმცა, მისი მიღება პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიაჩნდა, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ესმოდა კრიტიკა ამ კანონის განხილვის პროცესის ტემპის და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართა ვენეციის კომისიას, რათა მას მიეწოდებინა საკუთარი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. 26 აგვისტოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მისი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რის ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო.

 

ახლა კი შევხედოთ ფაქტებს: ცვლილების პროექტი ინიცირებული იყო 2022 წლის 13 აპრილს. ინიციატორებს არ მოუთხოვიათ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისად, მისი განხილვა მიმდინარეობდა სტანდარტული წესით. უფრო მეტიც, პროექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის და ჩვენი პარტნიორების თხოვნით, განხილვის პროცესი სამი კვირით გახანგრძლივდა.

 

საბოლოოდ, პარლამენტმა კანონი ინიცირებიდან 2 თვეში, ხოლო ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით, 5 თვეში მიიღო, რაც ყველაფერია, გარდა სიჩქარისა. კანონპროექტის განხილვაში, როგორც თავდაპირველ პროცესში, ისე ვეტოს დაძლევის ეტაპზე ჩართული იყო ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება, ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა დაინტერესებული საერთაშორისო აქტორი. პროექტი განიხილებოდა არა მხოლოდ საკომიტეტო ფორმატში, არამედ სამუშაო შეხვედრებზეც. მათ შორის, ევროკავშირის ექსპერტებთან ონლაინ კონფერენციის რეჟიმში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, წარმოედგინა შინაარსობრივი შენიშვნები ამ პროექტის რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო უფლებრივ სტანდარტთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

 

არ არსებობს დაინტერესებული ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ მას ჰქონდა განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი და ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რაც ყველაფერია, გარდა არაინკლუზიურობისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიცირებიდან 5 თვის თავზეც კი არ არის წარმოდგენილი რაიმე შინაარსობრივი შენიშვნა, რომელიც, თუნდაც, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ამ კანონის შესაბამისობას რომელიმე უფლებრივ სტანდარტთან. პირიქით, ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებთან თუ საერთაშორისო აქტორებთან მსჯელობის პროცესში დადასტურდა, რომ აღნიშნული კანონი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ვეტოს განხილვის პროცესმაც დაადასტურა, რომ რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე რომელ უფლებრივ სტანდარტს არღვევს მოცემული კანონი, პასუხი არ არსებობდა. საბოლოოდ, ერთადერთი მოსაზრება, რაც გვესმის, ეხება კანონის მიღების მიზანშეწონილობას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ხელისუფლების განმახორციელებელი უმაღლესი ორგანო, რომელიც, ამავე დროს, განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის, ეს პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულება ეხება საგამოძიებო მოქმედების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საკითხს. შესაბამისად, ამა თუ იმ კანონის მიღების მიზანშეწონილობის საკითხი სრულად წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას. პარლამენტმა, საბოლოო ჯამში, ხუთი თვე იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და 6 სექტემბერს საბოლოოდ დაადასტურა მისი გადაწყვეტილება, მათ შორის, კანონის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამიტომ, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ კანონის ამოქმედებას და აქედან გამომდინარე, ამ კანონს ხელი მოვაწერე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ცნობისათვის, პრეზიდენტი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობდა. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებდა, რომ კანონის მიღების პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარიმართა. პრეზიდენტი პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში იმასაც აღნიშნავდა, რომ დღეს როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილებას ელის, პარლამენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის და პროცესს აფერხებს. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.

წაკითხვა 266 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 14 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.