''ღარიბაშვილმა საგარეო კოსტუმი მოირგო და იძახის ევროკავშირი და ამერიკა გვინდაო''

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას "ტყუილების კორიანტელი დააყენა".

ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოსმენის შემდეგ ისაუბრა.

 

"რადგან ღარიბაშვილის სიცრუე ვახსენე, მოირგო საგარეო კოსტუმი, გამოვიდა გაეროში და იძახის ევროკავშირი გვინდა, ამერიკა გვინდაო. მერე ჩამოვა, ამ კოსტუმს გადაიცვამს მეორე მხრიდან, წითელი კოსტუმით დაგვიდგება აქ მჯდარი ოთხეულის სახით და მერე ამერიკას და ევროკავშირს ლანძღავს. სხვათა შორის, ეს ხალხი ["ოთხეული"] გადასვით იქით რა - ხომ ისხდნენ კაჭრეთში თქვენთან, რატომ ანაგვიანებენ ამ სივრცეს?! გადასვით ოპოზიციური ფლანგიდან უმრავლესობის ფლანგზე, არავინ არ ჭამს მაგას ისედაც, ყველამ იცის, ვინ რა არის!" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მმართველი პარტია არ ემიჯნება უმრავლესობის ოთხ წევრს იმ ბრალდებებში, რომლებშიც ისინი პარტნიორ ქვეყნებს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილსა და ოპოზიციის გეგმების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. დიმიტრი სამხარაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებები არაერთხელ გავრცელდა.

 

ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში, რომელიც 19 სექტემბრით თარიღდება, ოთხმა დეპუტატმა თქვა, რომ ამერიკული დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

 

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ეს ოთხეული ქვეყანაში რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს. 15 სექტემბერს კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს "ქართული ოცნებიდან" წასული ამ ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, "ხალხის ძალის" განცხადებებს.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი სამხარაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.

 

"რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ["მეორე ფრონტის" გახსნაზე] ელჩების საუბარს, ეს არასდროს არ გაგვიკეთებია და ამას ვაკეთებთ შეგნებულად. შეგნებულად გვაქვს ზომიერი განცხადებები დიპლომატებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ჟურნალისტის კითხვას, შეუძლია თუ არა მას თქვას, რომ აშშ-სა და ევროკავშირს საქართველოში ომი არ უნდათ, კობახიძემ ასე უპასუხა:

 

"ჩვენი მხრიდან არც ერთხელ არ ყოფილა მსგავსი განცხადება [რომ ომი უნდათ]. ამას ხაზგასმით ვამბობ".

წაკითხვა 268 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.