სენაკში შუალედური არჩევნები ტარდება
ამომრჩევლები სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
სენაკის #64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცოტნე შუშანიას განცხადებით, უბნებზე ხმის მიცემა დროულად, დარღვევების გარეშე 8:00 საათზე დაიწყო.
აღნიშნულ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს.
ამომრჩევლებს ორ კანდიდატს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. ერთი „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა ყურაშვილია, მეორე კი პოლიტიკური მოძრაობის „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის”თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე.
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი გახარიას "საქართველოსთვის” და “ლელო” არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ იღებენ მონაწილეობას.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ სენაკში არა შუალედური, არამედ, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ექვს თვეზე მეტია, საკრებულო ვერ იკრიბება. იგივე პოზიცია აქვს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც", რომელმაც შუალედური არჩევნების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია არ გაიზიარა.
სენაკის საკრებულოში ვაკანსია გაჩნდა მაისის შემდეგ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ვახტანგ წურწუმიამ მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტა მოითხოვა. საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კუჭავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წურწუმიას მიზეზები არ აუხსნია და ყოფილ თანაგუნდელებს თავს არიდებს.
ოპოზიცია წურწუმიას შემთხვევაში ზეწოლასა და მატერიალური სარგებლით გადაბირებაზე ლაპარაკობს.
წურწუმიას წასვლის შემდეგ, საკრებულოში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა გათანაბრდა და 16-16 გახდა. ასევე, ოპოზიციამ დაკარგა საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ 18 აგვისტოს სენაკის რაიონულ სასამართლოში დავა მოიგო, რის შედეგადაც გაბათილდა 23 თებერვლის ცნობილი გადაწყვეტილება, საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ირაკლი კაჭარავას არჩევის შესახებ.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სენაკის 33-მანდატიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება, ოპოზიციაზე ერთი დეპუტატით მეტი. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, „ქართული ოცნება“ 16 მანდატს ფლობდა, ხოლო ოპოზიცია 17-ს; აქედან 13-ს - „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 4-ს - გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
სიახლეები
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას” – მაკა ბოჭორიშვილი
- ,,დიდი მადლობა ბატონ პრემიერს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" – ანრი ოხანაშვილი