“პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე”

“პუტინის ქცევას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მაგრამ მათგან ორი უნდა გამოვყოთ: პირველი - მას მართლაც სურს უკრაინაში ბოლოდროინდელი სამხედრო მარცხი გადაფაროს და საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს, რომ ე.წ. სპეცოპერაცია მაინც წარმატებულია და რუსეთის ტერიტორიას აფართოებს.

მეორე და ჩემი აზრით, უფრო სახიფათო მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ნაწილად გამოცხადების შემდეგ პუტინი ფიქრობს, რომ ბირთვულ იარაღის გამოყენებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნება. მოგეხსენებათ, რუსული კანონმდებლობით, ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს, თუ მის ტერიტორიას თავს მტერი დაესხმება. მეც იმ სკეპტიკოსთა შორის ვარ, ვინც მიიჩნევს, რომ პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე და ფრონტზე გარდატეხის შეტანა სცადოს”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინი შეიძლება წავიდეს ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე” / “ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოში ქართველებისავე გამოყენებით ძალიან დიდი აგენტურული ქსელი აქვს უკვე. დარწმუნებული ვარ, რუსი აგენტებიც დიდი ხანია აქ არიან”.

 

“ის ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ამ ვითარებაში მისი კოზირი ის იქნება, რომ კიდევ უფრო თავზე ხელაღებულის იმიჯი შეექმნება. ამან შეიძლება შეაშინოს დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპის ნაწილი, და უკრაინას კომპრომისისკენ უბიძგონ. მით უფრო, რომ რუსეთის ხელისუფლება ასევე მიიჩნევს, რომ მათთვის კიდევ ერთ კოზირად იქცევა ზამთარი, რომლისთვის ევროპა ვერ არის მზად, მით უფრო, თუ ზამთარი ცივი იქნება. ასე მარტივად რამდენიმე თვეში ვერ მოხერხდება რუსეთის ჩანაცვლება, რომლის გაზზეც მოდიოდა ევროპის მომარაგების 40%. მოკლედ, პუტინი ცდილობს დასავლეთის დაშანტაჟებას. ის ფიქრობს, რომ ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეული ევროპელები არ შეეგუებიან პირობების გართულებას და ქუჩაში გავლენ საპროტესტოდ. მით უმეტეს, პრაღაში საპროტესტო აქციები გაიმართა და ჩანს, კრემლში იმედი აქვთ, რომ ეს მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, ფიქრობენ, რომ ამ ევროპული ქვეყნების მთავრობები იძულებული გახდებიან მოუწოდონ უკრაინას კომპრომისისკენ. თუ ევროპიდან ამგვარი ზეწოლა იქნება, უკრაინა დაჰყვება თუ არა, ძნელი სათქმელია. უკრაინის სამხედრო მომარაგებაში ნამდვილად განუზომელია შტატების წვლილი, თუმცა ევროპასაც არანაკლები როლი აქვს. მოკლედ, არავინ იცის, კიდევ რა ტიპის ზეწოლა შეიძლება იყოს უკრაინის ხელისუფლებაზე. ვნახოთ, უახლოესი დღეები ბევრ რამეს გაარკვევს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

 

“თუ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ეს ვერ ჩაითვლება ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად, რასაც ავტომატურად მოჰყვებოდა ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება. ამიტომ რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში ნატო. ვფიქრობ, ამის შემდეგ კიდევ უფრო უკომპრომისო გახდება დასავლეთი რუსეთის მიმართ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამის პასუხად ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვს ბირთვულ რაკეტას არ ესვრის. დიდი ალბათობით, ამასვე ფიქრობენ რუსეთში, ამიტომაც დიდგულობს პუტინი. უკრაინას ამ ეტაპზე ნატოში ისეთი დაჩქარებული წესით, როგორითაც შვედეთი და ფინეთი მიიღეს, არ მიიღებენ, რადგან ქვეყანაში ომია. პრეზიდენტ ზელენსკის ამ განაცხადს აქვს სულ სხვა დატვირთვა - მან კარგად იცის, სანამ ომი არ დასრულდება, უკრაინის ნატოში გაწევრებაზე ლაპარაკი არ იქნება, მაგრამ, იმავდროულად, მისი მოთხოვნა დასავლეთს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს - რადგან ნატოში უკრაინას ვერ იღებენ, სამაგიეროდ, კიდევ მეტი დახმარება უნდა გამოუყონ და მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი, რა თქმა უნდა, პუტინის ახირება იყო, რაც ბელარუსის პრეზიდენტმა სიამოვნებით ნამდვილად არ შეასრულა. ის ცდილობს მაქსიმალურად გაიყვანოს დრო და არ მოუწეროს ხელი რუსეთს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ლუკაშენკო დროის გაყვანის დიდოსტატია, მან აფხაზეთში ჩასვლით და იქ ორაზროვანი განცხადებებით, ალბათ, ეს სცადა. ვფიქრობ, ლუკაშენკო არ იჩქარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ბოლომდე შეეცდება დროის მოგებას. რამდენ ხანს გაუვა, ძნელად სათქმელია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ლუკაშენკოს არაფერში სჭირდება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“რაც შეეხება ანექსიის საკითხს, მგონი, ჩვენს ტერიტორიებზე არ მოხდება იმ ფორმით, რაც უკრაინაში ვნახეთ. ჩემი აზრით, პუტინი შეეცდება აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი ახალი კავშირის ნაწილებად აქციოს, რაც, ფაქტობრივად, ანექსიის ტოლფასი იქნება. რუსეთს სურს თავის შემადგენლობაში შეიყვანოს ბელარუსი და როგორც ვიცი, მოლაპარაკება მიდის ყირგიზეთსა და სომხეთთან. დიდი იმედი მაქვს, რომ სომხეთი უარს იტყვის. მწვავე ნაბიჯების გადადგმას ყოველთვის მოვასწრებთ. ჯერ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რას იზამს ლუკაშენკო უახლოეს მომავალში. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დარწმუნებული ვარ, სულაც არ უნდა საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება და ჩვენი ტერიტორიების აღიარება. როგორც უკვე ვთქვი, მას აფხაზეთში ჩასვლაც აიძულეს, რაც კარგად ეტყობოდა. არ არის აუცილებელი დიპლომატიური ურთიერთობის ამ ეტაპზე გაწყვეტა. ამას ყოველთვის მოვასწრებთ. ახლა რომ გავწყვიტოთ, ეს კრემლმა შეიძლება ლუკაშენკოს პროვოცირებისთვის გამოიყენოს და აიძულოს ჩვენი ტერიტორიების აღიარება. უნდა დავიტოვოთ მანევრირების საშუალება, დიპლომატია სწორედ ეს არის”, - დაასკვნის თორნიკე შარაშენიძე.

 

|”არა მგონია, ლარსის ჩაკეტვა მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ ზომები, ჩემი აზრით, უნდა მიიღონ. საჭიროა შემომსვლელთა ძალიან მკაცრი ფილტრაცია. რაც შეეხება საფრთხეებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე რუსეთის აგენტები შემოვლენ, ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოში ქართველებისავე გამოყენებით ძალიან დიდი აგენტურული ქსელი აქვს უკვე. დარწმუნებული ვარ, რუსი აგენტებიც დიდი ხანია აქ არიან. მეორე არგუმენტი საფრთხეებზე ლაპარაკისას ის არის, რომ თითქოს რუსეთის მოქალაქეების ჩვენთან დამკვიდრებას პუტინი აგრესიის საბაბად გამოიყენებს. მერწმუნეთ, თუ აგრესიას გადაწყვეტს, საბაბს არც დაუწყებს ძებნას. უკრაინაში შეჭრისთვის რაიმე სერიოზული საბაბი ჰქონდა?! ისინი, ვინც ახლა რუსეთიდან გარბიან, ძირითადად, პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან, რომელთა ქვეყნიდან გაშვება რეჟიმსაც აწყობს. ამიტომაც უშვებენ უპრობლემოდ”, - თვლის ექსპერტი.

 

“ფაქტია, რუსეთის არმიას ძალიან უჭირს უკრაინაში, რეგულარული ჯარი სუსტად მომზადებული აღმოჩნდა. როგორ მოხდება მობილიზებულთა მომზადება, საკითხავია. ეს, ალბათ, რამდენიმე თვეში გამოჩნდება. თუ ამის შემდგომ პუტინს კიდევ დასჭირდა სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადება, შეიძლება ეს მართლაც დასრულდეს რევოლუციით, რისიც პუტინის რეჟიმს ეშინია. არის დიდი საფრთხე, რომ ქვეყანაში ვითარება აფეთქდეს. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რამდენად ეყოფა ის ძალა, რასაც ამ მობილიზაციის შედეგად გამოიყვანს. ეს ძალა თუ არ ეყოფა, მაშინ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ რუსეთი ამ ომს წააგებს”, - დასძენს თორნიკე შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ორიოდე სიტყვით შევეხოთ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს. ბოლოდროინდელი განცხადებებით რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას გარკვეული ჯგუფი უპირისპირდება, რომლის მხარდამჭერიც, სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია”, - პასუხობს:

 

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ხდება პარტიაში და დიდად არც მაინტერესებს. “ნაციონალურ მოძრაობას” აქამდეც არაერთი ჯგუფი გამოეყო, მაგრამ პარტია დარჩა და გააგრძელა ფუნქციონირება. ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” თავის მომხრეებით იარსებებს მანამ, სანამ იქნება მიხეილ სააკაშვილი. არა აქვს მნიშვნელობა, ის რას იტყვის, მართლაც წავა პოლიტიკიდან თუ არა. სააკაშვილი ამ პარტიის არსებობის მთავარი ფაქტორია”.

წაკითხვა 237 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.