" დეოლიგარქიზაცია ისაა, მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, ადამიანები და არა ადამიანი" - ალეკო ელისაშვილი
დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, ადამიანები და არა ადამიანი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„აქეთ თუ ბიძინა ივანიშვილია, იქით კეზერაშვილია, რომელიც ჩემთვის არის ქურდი, ჯარის ქურდი, კორუფციონერი, რომელიც დადასტურებულად არის მექრთამე. მან ჩემთვის უწმინდეს ინსტიტუციას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოპარა ასეულობით მილიონი. მინისტრი რომ იყო, წესით, მარტო ხელფასი უნდა ჰქონოდა და მინისტრობის ბოლო დღეს რომ გადადგა, თქვა, მე ბიზნესში ვბრუნდებიო. ანუ, იმ ბიზნესში, რომელიც მანამდე არ ჰქონდა და რა ბიზნესი იყო? – ჯარს პარავდა ფულს, გადარიცხა და დღემდე ბაირამობს იქ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციისგან დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების დაჟინებული მოთხოვნა არასერიოზული იყო.
„არასერიოზული იყო ოპოზიციისგან დაჟინებული მოთხოვნა, გინდა თუ არა, კანონი მივიღოთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგო. არ იყო ეს სერიოზული, რადგან ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რანაირად წარმოგიდგენიათ „ქართული ოცნების“ ერთი დეპუტატი, რომელიც იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და რამე უნდა ავუკრძალოთო? ჰოდა, ვიდრე ეს მოცემულობაა, ამ კანონის მოთხოვნა იყო არასერიოზული. მით უმეტეს, რომ ერთადერთი პრეცედენტი ოლიგარქების საწინააღმდეგოდ მიღებული კანონის, არის უკრაინული, „ქართული ოცნება“ მოხერხებულად გამოიყენებდა და იყენებს კიდეც ამას და ის არასერიოზული კანონია“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება, სასამართლოც დამოუკიდებელი იყოს და პროკურატურაც.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის კანდიდატურას უჭერს მხარს სახალხო დამცველის პოსტზე, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „მოქალაქეებს“ ფავორიტი არ ჰყავს.
„ჩვენ წარდგენით არავის წარვადგენთ, მაგრამ ყველას ვსწავლობთ. იაგოს კანდიდატურაზე ძალიან სერიოზულად ვმსჯელობთ და დანარჩენ კანდიდატურებზეც. ერთადერთი, რაც ამ პროცესში ჩვენთვის მოსაწონი არ იყო, იყო ის, რომ სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაც ქედმაღლობა ახასიათებთ და სხვებს მოუწოდებენ ხოლმე გამჭვირვალობისკენ, მაგრამ თვითონ არიან დახურული. თვითონ წარმოადგინეს კანდიდატები, არ ვიცით როგორ და წარმოგვიდგინეს ჩვენ. გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ, თვითონ ხომ არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და თვითონ რომ უფრო მეტად გაეხსნათ პროცესი, უკეთესი იქნებოდა. ჩვენც ვყოფილიყავით ჩართული მათ მიერ კანდიდატების შერჩევაში იმიტომ, რომ საერთო ჯამში, ისინი ხომ არ ირჩევენ? ღილაკს ჩვენ უნდა მივაჭიროთ და ბოდიში, მაგრამ ჩვენ უბრალოდ, მექანიკურად არავის ღილაკის მიმჭერი არ ვართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ზუსტად ის ოპოზიციონერები, რომლებიც ამბობენ, რომ სამუაო ჯგუფებში არ ივლიან, რადგან ეს ფარსია, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიზიტებზე არგენტინაში, ლონდონში, ბრიუსელსა და სხვაგან დადიან.
„არგენტინის პარლამენტში რომ მიდიან, ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იქ რომ ისხდნენ და სახალხო დამცველზე იმუშაონ, სასამართლოზე, თუ სხვაზე? რა ვქნა, არ ვარ მე კოლეგიალური, რადგან ასეთი რაღაც არ მესმის. „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად რომ მიდიხარ არგენტინაში, რისთვის მიდიხარ, ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეა? მაგისთვის ხომ გცალია, მაგ მივლინებისთვის ფულს ხომ იღებ და მაგ მივლინებებებში ხომ დადიხარ აქეთ-იქით? სამუშაო ჯგუფში რომ იჯდე, იმუშაო და ოფლი ღვარო,არ შეიძლება? გულაობა ბევრს უყვარს, მაგრამ მუშაობა ცოტას უყვარს იმ ოპოზიციაში, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას” – მაკა ბოჭორიშვილი
- ,,დიდი მადლობა ბატონ პრემიერს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" – ანრი ოხანაშვილი