ევროპა გაფართოების თემას ააქტიურებს
“კიდევ ერთი დამაიმედებელი განცხადება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირისგან - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე უნდა გაფართოვდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ გაერთიანების აღმოსავლეთით გაფართოების მხარდაჭერი გზავნილები ევროპის გავლენიანი ლიდერებისგან მანამდეც გაჟღერდა, მათ შორის თავად შოლცისა და ეროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისგან. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ შოლცის განცხადება ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ქვეყნისთვის პერსპექტიულია, როგორც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან. ამასთან, ნაწილი ანალიტიკოსებისა ამბობს, რომ ევროპა ძალიან მკაფიოდ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპების ერთგულია, ხოლო ნაწილი აცხადებს, რომ ეს განცხადებები არის ნიშანი იმისა, რომ ახლა ჯერი საქართველოზეა, რომ ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდანდარტებთან მიახლოვებისთვის რეფორმები გატარდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა გაფართოების თემას ააქტიურებს - რა პერსპექტივა უჩნდება საქართველოს.
“ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც. ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთით გაფართოებას განაგრძნობს - გამარჯვებაა ყოველი ჩვენგანისთვის”, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. მისი თქმით, კანდიდატმა სახელმწიფოებმა - უკრაინამ, მოლდოვამ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა და მომავალში, საქართველომ გაწევრიანების კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. კანცლერის თქმით, შედარებით პატარა წევრი სახელმწიფოების წუხილი უგულვებელყოფილი არ უნდა იყოს. “ევროკავშირი, რომლის შემადგენლობაშიც 27,30, 36 სახელმწიფო შედის, შეძლებს კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი გავლენა მსოფლიოში. მომავალშიც ყოველი ქვეყნის წუხილები უნდა მოვისმინოთ, ყველაფერი დანარჩენი ევროპული იდეის ღალატი იქნება”, - აღნიშნა შოლცმა. კანცლერის აზრით, საგარეო და საფინანსო საკითხებში ბლოკირებების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი კონსენსუსის პრინციპიდან ხმათა უმრავლესობის პრინციპზე უნდა გადავიდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოლაფ შოლცის განცხადება, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. “იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გზავნილები გაჟღერდა არაერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ყველა საუბრობდა, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოება და ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენიებული საქართველო. ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აგვავსებს ოპტიმიზმით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, ოლაფ შოლცის ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ “ოცნების” მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიმ მიღების შესაძლებლობა არაა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ევროკავშირმა საქართველოს გაუღო კარი, ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, თუმცა, ამ კარებში დგას “ქართული ოცნება” და ჩვენი ამოცანაა, რომ “„ოცნება” გავწიოთ კარებიდან იმისათვის, რომ ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში. ახალი, მრავალპარტიული, კოალიციური მმართველობის პირობებში საქართველო 3 თვეში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. “სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ “ოცნების” მმართველობის პირობებში ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება პრაქტიკულად ნიშნავს “ქართული ოცნების” მმართველობის შეცვლას, რისთვისაც მმართველი გუნდი მზად არ არის, ამიტომ სანამ არ იქნება მრავალპარტიული მმართველობა, ვერ შევძლებთ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი. ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ განცხადებები თავისთავად მისასალმებელია, თუმცა, ახლა დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით ჯერი საქართველოზეა”, - დასძენს გამოცემა.
“ეს განცხადება მისასალმებელია, მითუმეტეს გერმანიის კანცლერის მხრიდან, ის ე.წ. ბებერი ევროპის წარმომადგენელია. ბებერი ევროპა კი რუსეთ-უკრაინის ომამდე რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდნენ და საქართველოს, უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდნენ. შოლცმა თბილისი ახსენა და ეს ძალიან კარგია, რადგან გერმანია საქართველოს ევროპის ნაწილად თვლის. მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმაც იგივე განცხადება გააკეთა, ახლა ჯერი საქართველოზეა. როცა ევროპაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ტერიტორიული წარმონაქმნი არაა, ეს პირველ რიგში დემოკრატიული სივრცეა. ამიტომაც ჩვენ რომ ევროპულ სტრუქტურებში გავერთიანდეთ, აუცილებელია, რომ ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებდეთ - ეს იქნება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის თუ სხვა მიმართულებებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ჩემი აზრით, ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა სოციალური კვლევების მოიუხედავად, სადაც დაახლოებით 80% საქართველოს ევროპინტეგრაციას მხარს უჭერს, ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არაა და მენტალური თვალსაზრისით ევროპისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ხელისუფლებაში, რომ “ქართული ოცნებაა”, ესაა თვითონ ის ფაქტი, რომ ქართული საზოგადოება ევროინტეგრაციისთვის მზად არაა. ევროპამ შანსი მოგვცა, როცა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობისას ევროპერსპექტივა მოგვანიჭა, მაგრამ, რამდენიმე დღით ადრე მთავარი კრიტიკული არხის დირექტორი დააპატიმრეს და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეურაცხოფას აყენებენ. თან ამას თავისი მიმდევრები ჰყავს, რომლებსაც სჯერათ, რომ საქართველოს ომს თავი აარიდა და კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთო. სანამ ასეთი სიტუაცია იქნება, სტანდარტებს ვერ დავაკმაყოფილებთ, ევროკავშირი კი ჩვენგან სტანდარტებს ითხოვს. ევროპის ნაწილად კი მოვიხსენიებს, მაგრამ ჯერი ჩვენზეა”, - დაასკვნის ჩიტაძე.
“განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გია აბაშიძე, იგი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გავლენიანი ლიდერებისგან უკვე რამდენიმე მსგავსი შინაარსის განცხადება გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ევროპა მკაფიოდ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპების ერთგულია. “შოლცის ეს განცხადება სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანი იყო. თუნდაც, მანამდე ბერლინში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიის ხელმძღვანელობა ძალიან მაღალ დონეზე დახვდნენ და ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები იქაც გაკეთდა. ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან კიდევ რამდენი განცხადი გაკეთდა”, - ამბობს აბაშიძე, რომლის განმარტებით, “ეს კი მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ ევროპა ძალიან მკაფიოდ ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპების ერთგულია და ამას ბოლომდე მიჰყვება”, - წერს სტატიის ავტორი.
“ერთია ევროპის ავტორიტეტული ლიდერები რას ამბობენ და მეორეა რას ამბობენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული არაავტორიტეტული ცალკეული უცხოელი ლობისტები. რომლებიც ომის პარტიის გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებენ და თვალთმაქცობით ცდილობენ, რომ მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმათა მინიმალიური რაოდენობით ის რეზოლუცია გაიტანეს, რომ თურმე სააკაშვილი პუტინის ე.წ. პოლიტიკური პატიმარია. ამითი მათ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის თემა დააკნინეს - სად კრიმინალი სააკაშვილის “საქმენი საგმირონი” და სად სისხლიანი ომი უკრაინაში. საზოგადოება პროცესებს ჯანსაღად ხედავს, საქართველო ორი ჰიბრიდული ომის წინაშეა, ერთი რუსეთის და მეორე დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მიუხედავად ამისა, საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას არ გადაუხვევს, ქართველი ერი უძლებს და შესამჩნევი შედეგებიც გვაქვს ეკონომიკაში, პოლიტიკურ წინსვლაში და ა.შ. გუშინ პორტუგალიის პრემიერმაც მხარი საქართველოს ევროინტეგრაციას დაუჭირა, ესაა განწყობები იმ მთავარი ლიდერების, რომლებიც გადაწყვეტილებების მიმღები არიან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
სიახლეები
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას” – მაკა ბოჭორიშვილი
- ,,დიდი მადლობა ბატონ პრემიერს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" – ანრი ოხანაშვილი