ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს
“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აპირებს, რომ პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან გააძლიეროს, რომლებიც რუსეთის შეჭრის საფრთხის წინაშე არიან, მათ შორის საქართველოსთან.
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ ეტაპზე “მაპ”-ზე საუბარი არ იქნება, მჭიდრო თანამშრომლობაში უფრო სამხედრო წვრთნების გაძლიერება მოიაზრება, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ისე გადაამზადონ, რომ აგრესიის მოგერიებისთვის მზად იყვნენ. ამასთან. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ თავდაცითი შეიარაღების გადმოცემაზეც იყოს საუბარი. ასევე შესაძლოა კიბერ თავდაცვით სფეროში გააძლიერონ თანამშრომლობა. მიიჩნევენ, რომ განცხადება საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე ყველაფერთან ერთად პოლიტიკურია და რუსეთ-უკრაინის ომს პირდაპირ უკავშირდება. “ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველები არიან, საქართველო ერთ-ერთი მათგანია - რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს”, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა”, - “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სურს - რას ამზადებს ალიანსი.
“ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიერ რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა. “ნატოს მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერას უწევენ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, განსაკუთრებით, უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყნებთან აქტიური მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა... ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი შეშფოთების მოგვარებას, რომელიც გამოვხატეთ, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატო-ს მოკავშირეებისგან”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანასთან” აცხადებს, საქართველო მაპისთვის ჯერჯერობით მზად არაა და შესაძლოა ამ ეტაპზე თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერებაში ის იგულისხმებოდეს, რომ ფინანსური დახმარება უფრო მეტად აღმოგვიჩინონ, შეიარაღებული ძალების პერსონალი ისე გადაამზადონ, რომ აგრესიის მოგერიებისთვის მზად იყვნენ. მისივე თქმით, ასევე არაა გამორიცხული, რომ თავდაცვითი შეიარაღებაც გადმოგვცენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩემი აზრით, “მაპი” გამორიცხულია, ასე იოლად არ მოგვცემენ. ჩვენ პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტანდარტებით ჯერ კიდევ შორს ვართ, შეიარაღებითაც მაინცდამაინც თავს ვერ დავიკვეხნით. ჩვენი თავდაცვითი ძალები კი მიახლოებულები არიან, მაგრამ შეიარაღებული სტანდარტებით და თავდაცვითი შეიარაღების კუთხით მაინცდამაინც წახალისებულები არ ვართ და ასევე უსაფრთხოების სპეცსამსახურების კუთხითაც ძალიან ჩამოვრჩებით. ამიტომაც “მაპის” მოცემა ამ ეტაპზე ძალიან რთულია. თუნდაც უკრაინის მაგალითზე, რომ ვიმსჯელოთ შესაძლოა თავდაცვითი შეიარაღება გადმოგვცენ, ეს იქნება რაკეტსაწინააღმდეგო თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები, დრონები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, რომლებიც მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკასთან მიმართებაში საკმაოდ ეფექტური იქნება. ამასთანავე შესაძლოა ფინანსური დახმარება აღმოგვიჩინონ, საქართველოს შეიარაღებული ძალების პერსონალი ისე გადაამზადონ, რომ აგრესიის მოგერიებისთვის მზად იყვნენ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ასევე შესაძლოა კიბერ თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა გააძლიერონ, მეტი წვრთნები ჩატარდეს. “მაპი” თითქმის უკვე წევრობაა, უკრაინას არ აძლევენ და ახლა ჩვენ როგორ მოგვცემენ?! ეს განცხადება ყველაფერთან ერთად პოლიტიკურია და რუსეთ-უკრაინის ომს პირდაპირ უკავშირდება. რუსეთი შეიძლება ამან გააღიზიანოს, მაგრამ იმდენად გაღიზიანებულია, რომ უკვე აზრი აღარ აქვს”, - დაასკვნის მაისაია. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ გარდა სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა, შესაძლოა ნატოსგან ბევრად უფრო მრავალფეროვანი წინადადებებიც იყოს”, - დასძენს გამოცემა.
“თანამშრომლობისა და პოლიტიკური პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების ფორმა მრავალგვარი შეიძლება იყოს. უპირველესად ეს მაინც იქნება თანამშრომლობა ერთობლივი წვრთნების, ჩვენი კადრების მომზადების და ა.შ. მე ასე ვფიქრობ, თუმცა შეიძლება ბევრად უფრო მრავალფეროვანი წინადადებები იყოს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს თანამედროვე შეიარაღების საშუალებების დაუფლების კურსები, რამაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტურობა უფრო მაღალ დონემდე უნდა მიიყვანოს. რა თქმა უნდა, რომ ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, ეს მის მიზნებში არ შედის, თუმცა ამ შემთხვევაში ნატოსთვის მთავარი ამოცანა ქვეყნების დაცვა და იმ დახმარების აღმოჩენაა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ამიტომაც გასაგებია, რომ რუსეთის რეაქცია და სურვილები მხედველობაში არანაირად არ მიიღება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
სიახლეები
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს ხვალ ჩანიშნავს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას” – მაკა ბოჭორიშვილი
- ,,დიდი მადლობა ბატონ პრემიერს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" – ანრი ოხანაშვილი