“ციხეში ისინი უნდა ჩავსვათ, ვინც “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი მიიღო...”

“ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. როდესაც პოლიტიკური ინტერესები დგება დღის წესრიგში, ხშირად ავიწყდებათ კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და ასე შემდეგ... ეს ხშირად იწვევს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებასაც.

ამჯერადაც მგონია, რომ სწორედ პოლიტიკური ინტერესი უდევს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას. ახლა უკრაინა ომშია და არა მგონია, ამაზე ყურადღების გამახვილება ღირდეს, მაგრამ მშვიდობიანობის დროს, ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნებს შორის ურთიერთობების გართულებას იწვევს. ზოგჯერ საქმე დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდეც მიდის ხოლმე. არ ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ცამდე მართალია, არა, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ამ ბავშვური იწილო-ბიწილოთი, გაუგებარი განცხადებებით, მაგრამ არც უკრაინის ხელისუფლება იქცევა სწორად”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ციხეში ისინი უნდა ჩავსვათ, ვინც “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი მიიღო...”

 

“მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ზურაბ ადეიშვილის შემთხვევა - კაცი, რომელთანაც საქართველოში ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, დღეს უკრაინის ხელისუფლებაში კონსულტანტად ჰყავთ და აგერ ახლახან ევროსაბჭოში ამ ქვეყნის დელეგაციაში შედიოდა. ბუნებრივია, ეს აღიზიანებს საქართველოს ხელისუფლებას. ერთმანეთის ჯიბრი ისევ ჩვენ გვაზარალებს, ქართველებსა და უკრაინელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეგობრობა გვაკავშირებდა და გვაკავშირებს დღესაც. ავხსნი, თუ რატომ მგონია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქმე ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, თუ როგორ უკავშირდება ეს ხალხი რუსულ ოლიგარქიულ წრეებს და ეს როგორ აზარალებს უკრაინას. ვიმეორებ, არც ჩვენი ხელისუფლებაა უკრაინასთან ასპროცენტიანად მართალი, მაგრამ ეს არ შეიძლება დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზეზი გახდეს კონკრეტულ ადამიანებზე. ამ რამდენიმე დღის წინანდელი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაც გავიხსენოთ - ჩვენ მოვალთ და გავათავისუფლებთ საქართველოსო. რას ჰგავს ეს, რატომ უნდა აძლევდნენ ამდენის უფლებას თავს?! ის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირია. ამგვარი რიტორიკით რის მიღწევას ცდილობენ?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

 

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის თაობაზე განცხადებებს, ეს ჯერ ზოგადი ლაპარაკია, დაახლოებით იმ დონის, რომ ვამტკიცოთ ივანიშვილი პუტინის ძმაკაციაო. ამ ყველაფერს დასაბუთება სჭირდება. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილს ამჟამად პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიზნესი არ გააჩნია. მას სულ სხვა ინტერესები აქვს მსოფლიო ბაზრებზე და სამრეწველო საქმიანობას არ ეწევა. ვფიქრობ, მას მაინც მოერიდნენ მისი გავლენისა და მსოფლიოში არსებული კავშირების გამო. სიმართლე უნდა ვთქვათ ამ სიაში შესაყვანად ნამდვილად ოდიოზური ფიგურები აირჩიეს. უჩა მამაცაშვილი და მისთანები ნამდვილად არ არიან წმინდა წყლის ხალხი, მაგრამ სამართლიანები უნდა ვიყოთ. თუ კაცი საკუთარი ჯიბისთვის იპარავს რამეს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მე თუ მკითხავთ, ეს ბიზნესმენები სუფთად მუშაობენ თუ არაო, გიპასუხებთ - ძალიან ეჭვი მეპარება, მაგრამ, იმავდროულად, არა მგონია, რუსულ ინტერესებს ატარებდნენ”.

 

“ქართველი კაცი ათასწლეულების განმავლობაში პრაგმატიკოსი იყო, იცოდა თანაცხოვრება სპარსელებთან, ოსმალებთან, მონღოლებთან... აქ თვითგადარჩენის ინსტინქტი თამაშობდა მთავარ როლს და არა რომელიღაც პოლიტიკური თუ ეროვნული ზრახვების ხელშეწყობა. ახლაც ასეა, სურს თვითონ გადარჩეს და ამისთვის აკეთებს ყველაფერს, ზოგს მორალურს და ზოგსაც ამორალურს. ამიტომაც მგონია, რომ რუსეთის ინტერესების ლობირება არაფერ შუაშია, ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება გადარჩენას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ. მიიჩნევენ, რომ ამისთვის ყველა მეთოდი დასაშვებია. თუ იკითხავთ ეს სწორია თუ არაო, მე ამის სისწორეში ეჭვი მეპარება. თქვენ რა გგონიათ, ამჟამინდელი ოპოზიციური ძალები ხელისუფლებაში რომ იყვნენ, იმავენაირად არ მოიქცეოდნენ? დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებდნენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამ ტიპის პოლიტიკოსებში ძალაუფლებისკენ ლტოლვა დაუოკებელია. იკითხავთ, ალბათ, რატომო, იმიტომ, რომ სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.ჩვენი ხელისუფლება შედგება არა პიროვნებებისგან, არამედ ლიდერისა და მის გარშემო გაერთიანებული აბსოლუტურად ტლუ და დამჯერი მასისგან, რომელსაც ევალება მხოლოდ ხელის აწევა თუ ღილაკზე თითის დაჭერა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობა”, - დაასკვნის ექსპერტი.

 

“სამთავრობო დონეზე თუ სურთ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მოთოკვა, ამას სხვისი ხელით ისე გააკეთებენ, რომ თვითონ ხელს არ გაისვრიან. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. სავსებით სამართლიანად მიმაჩნია შეფასება, რომ ივანიშვილის “ქართული ოცნების” მიერ სამჯერ არჩევნების მოგება სავსებით საკმარისია. ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციას ძალიან უჭირს. ვფიქრობ, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილ მიეხმარა დასავლეთი სააკაშვილის მთავრობის შესაცვლელად, ასევე უნდა გამოიძებნოს ძალა, რომელსაც მიეხმარებიან “ქართული ოცნების” დამარცხებაში. მე თუ მკითხავთ, პოლიტიკური პარტიისთვის ხელისუფლებაში 2 მანდატით ყოფნა საკმარისია. მერე იწყება შეუქცევადი ცვლილებები ადამიანების ფსიქიკაში, რაც თავის დროზე პუტინს დაემართა, და რაც “ქართული ოცნების” ზოგიერთ ლიდერშიც აშკარად ჩანს. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება, მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი პირების ფსიქიკურ-ეთიკური გამოფიტვის პროცესი. ეს ჩანს თვალსაჩინოდ. გვარებს არ დავასახელებ, გამგები ისედაც გაიგებს. ეს ხალხია პარლამენტშიც, მთავრობაშიც... ვხედავთ, მათი დემოკრატიული სულისკვეთება ნელ-ნელა ავტოკრატიულით როგორ იცვლება”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

 

“ვაკის პარკის ტრაგედია, ჩემი აზრით, არამც და არამც არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი შემთხვევა. ამას სისტემური ხასიათი აქვს რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან მთავარია კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი მმართველობისას არის მიღებული და აბსოლუტურად გაუმართავია. ტენდერს იგებს ის კომპანია, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე დაბალ თანხას. შენ არა გაქვს შესაძლებლობა აირჩიო კომპანია, რომელიც უფრო ხარისხიანად და პროფესიონალურად შეასრულებს სამუშაოს, რადგან ასეთ კომპანიას ჰყავს კონკურენტი, რომელიც უფრო დაბალ თანხას იხდის და შენც იძულებული ხარ ის აირჩიო. ასევე გაჩნდა დილეტანტების დიდი რიგი, რომელიც თავს ბიზნესმენს უწოდებს. ხშირად სწორედ ისინი იგებენ ტენდერებს და აზრზე არ არიან, რა უნდა გააკეთონ. მერე ქირაობენ ქვეკონტრაქტორებს. ისინი კიდევ ვიღაცას დაიქირავებენ, შეიძენენ რაც შეიძლება იაფფასიან მასალას თუ დანადგარებს და შედეგად ვიღებთ ასეთ ტრაგედიას”, - ამბობს რესპონდენტი.

 

“ნახავდით იმ ფირს, რომელშიც შადრევნის კაბელები, ძრავები და სხვა ტექნიკური დეტალები იყო აღბეჭდილი. მე დავაკვირდი და ყველაფერს ჩინური წარწერები ჰქონდა და დიდი ალბათობით, დაბალი ხარისხისაა. დააკავეს 9 კაცი, მაგრამ ეს სისტემურ პრობლემას ვერაფერს უშველის. ისინი უნდა ჩავსვათ ციხეში, ვინც ეს კანონი მიიღეს, და ისინიც, ვინც ახლა ამის გადასახედად არაფერს აკეთებენ. სამწუხაროდ, მაქვს მძიმე მოლოდინი, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი ტრაგედია. გავიხსენოთ, ვინ აშენებს გვირაბებს ჩვენს ცენტრალურ მაგისტრალზე? - ჩინური კომპანიები. ჩვენ უარი ვუთხარით იტალიურ და ჩეხურ კომპანიებს, რადგან ისინი უფრო მაღალ ფასად აშენებდნენ. ახლა გული მისკდება, ეს ჩინელების აშენებული გვირაბები როდის დაგვემხობა თავზე. შეიძლება ბევრად საშინელი პროცესები დაგვატყდეს თავს, თუ ამ კანონს არ შეცვლიან. ჩემთვის აუხსნელი იყო ისიც, რომ კომპანია, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაციის მთავარი კონტრაქტორი იყო, თურმე იმ პირის დაფუძნებულია, რომელიც დაკავებული იყო სწორედ ტენდერებში არაკეთილსინდისიერად მონაწილეობის ბრალდებით. რატომ უნდა უშვებდეს კანონი მსგავს შემთხვევას? ანუ კომპანიას სახელი გადაერქვა და ამ წლების განმავლობაში იგებდა სახელმწიფო ტენდერებს”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ეს არ გიჩენთ ეჭვს, რომ ამის უკან შესაძლოა კორუფციული გარიგება იყოს და შავი ფულიც ტრიალებდეს?” - პასუხობს:

 

“ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები არა მაქვს, შესაბამისად, გამიჭირდება თქმა. ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა მე ისევ კანონთან მაქვს საქმე. მაინტერესებს, რატომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება პირს, რომელიც თავის დროზე არაკეთილსინდისიერი სახელმწიფო შესყიდვების გამო დაკავებული იყო? ვეჭვობ, ე.წ. ატკატების სისტემა ტენდერებში კარგად არის გამჯდარი. იმედია, ხელისუფლება დაფიქრდება ამაზე და მიიღებს ზომებს”.

წაკითხვა 298 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.