პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტში, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კენჭი. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ცხრა.
კანონპროექტით, დგინდება შემდეგი საკითხები – „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
აღნიშნულ რეესტრში შეყვანილ პირს ეკრძალება: ა) პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ბ) ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); გ) ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო