"ისედაც მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს კიდევ უფრო გააუარესებს" - ნინო კალანდაძე "ხალხის ძალის" განცხადებებზე

"სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედია გაშუქების სახით, ქვეყანას სჭირს უმძიმესი სენი, თუმცა ამისგან განკურნებას გვიკრძალავენ, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს," – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების აზრით, „ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით არის გამოხატული საქართველოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებები სიცრუესა და სიძულვილს ყოველდღიურად ტირაჟირებენ“.

 

„ხალხის ძალა“ აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში ხედავს“.

 

მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებები FirstNews.ge- თან საუბარში "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ შეაფასა.

 

- თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს მოძრაობა "ხალხის ძალის" შექმნა პოლიტიკაში?

- რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე "ქართული ოცნება" რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ერთის მხრივ, მას თავისი ლეგიტიმაციის შესანარჩუნებლად სჭირდება რომ კვლავაც იყოს შენიღბული და ფორმალურად პროდასავლურ ძალად რჩებოდეს. მეორე მხრივ, როცა მოსკოვს ძალიან გაუჭირდა, კრემლის მოკავშირე რეჟიმებმა ახლა უნდა მკაფიო პრორუსული პოზიციები დააფიქსირონ რუსეთთან მიმართებით. ამდენად, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მორიგი სატელიტი, რათა მისი პირით გაახმოვანოს თავისი რეალური პოლიტიკა. ამ ვითომ დამოუკიდებელი ძალის მხრიდან დასავლეთზე ღიად თავდასხმა, ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაცია, რუსული კლიშეების გამეორება არის რეალურად ივანიშვილის პოლიტიკა და ამ განცხადებების ადრესატი, პირველ რიგში, არის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი ეუბნება, რომ აქ მისი (დასავლეთის) ადგილი არ არის. ხოლო შემდეგი ადრესატი არის მოსკოვი, რომლისთვისაც ეს პირდაპირი გზავნილია, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა და "ქართული ოცნება" გააგრძელებს რუსული ინტერესების გატარებას საქართველოში. კარგია, რომ ამით ეს ძალა ასრულებს საილუსტრაციო როლს და კიდევ უფრო მკაფიოდ გვაჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის რეალურ სახეს, ღიად წარმოაჩენს მას როგორც ანტიდასავლურ და რუსული ინტერესების გამტარებელ ძალას. ამავდროულად, მაშინ, როცა საქართველოს უნიკალური შანსი აქვს დღეს ევროკავშირს დაუახლოვდეს რეალური მექანიზმებით და მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს ფაქტი შეიძლება სახიფათოდ უარყოფითად აისახოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე. ვინაიდან, აღარავინ ტყუვდება იმით, რომ ე.წ. გამიჯნულები ივანიშვილის პოზიციებს არ აფიქსირებენ.

 

- როგორ იმოქმედებს მათი განცხადებები დასავლეთის, კერძოდ კი ამერიკის პოლიტიკაზე საქართველოში?

- აშშ საქართველოს კვლავინდებურად სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავს. უფრო მეტიც, რუსეთის დასუსტების და რეგიონში თურქეთის გაძლიერების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება მათთვის საქართველოს პროდასავლურ გზაზე შენარჩუნება. ამდენად, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ვითარებაში ვაშინგტონმა საქართველოზე უარი თქვას ივანიშვილის პოლიტიკის გამო. თუმცა, ჩვენს დასავლურ განვითარებას და ინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს და დროში გაწელავს, რაც ისედაც მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს კიდევ უფრო გააუარესებს.

 

ნინო კალანდაძე ჩვენთან საუბარში IRI-ის კვლევასაც გამოეხმაურა.

 

კითხვაზე: რა გვიჩვენა კვლევამ, როგორ პოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ? - გვპასუხობს:

 

"IRI-ს კვლევა ასახავს საქართველოში არსებულ სამწუხარო სურათს. ერთის მხრივ ქართველ ამომრჩეველს აღარ სჯერა პოზიტიური პოლიტიკური პროცესის. არ სჯერა რომ არსებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მათთვის სასიკეთო ცვლილებებს მოახდენენ. შესაბამისად, მას აღარ აინტერესებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ამის შედეგია ის, რომ "ქართული ოცნება" ინარჩუნებს ილუზორულ უპირატესობას, მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ არ არსებობს მისი შემცვლელი ალტერნატივა. ოპოზიციის მიმართ ნდობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, მისი ლიდერები და მათ მიერ წარმოებული პოლიტიკა დისკრედიტებული. შესაბამისად, არ ჩანს რესურსი, რომელიც არსებულ ბოროტებას შეცვლიდა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივას დამაჯერებლად შესთავაზებდა ამომრჩეველს," - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პატრიარქ ილია მეორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88%. კახა კალაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 51%, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – 44%, ანა დოლიძის მიმართ ნდობას გამოკითხულთა 40% აფიქსირებს. სალომე ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილისა და ნინო ლომჯარიას მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 38%, 37-37% მოსწონს გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე.

 

კვლევის თანახმად, 36%-ია კეთილგანწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ირაკლი კობახიძე გამოკითხულთა 34%-ს მოსწონს. 33%-ია კეთილგანწყობილი ელენე ხოშტარიას, მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილის მიმართ. მოწონების რეიტინგში ნიკა მელიას 32 % აქვს. 31% კი კეთილგანწყობას ხატია დეკანოიძის მიმართ გამოთქვამს. სიაში ასევე ფიგურირებენ ალეკო ელისაშვილი – 30 %, მამუკა ხაზარაძე – 29%, შალვა პაპუაშვილი – 28% ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26% ბადრი ჯაფარიძე – 23%, გიგა ბოკერია 17%, ხათუნა სამნიძე – 15%.

 

რაც შეეხება კეთილგანწყობასა და ნდობას ინსტიტუციების მიმართ: 74 % კეთილგანწყობილია ქართული ჯარის მიმართ. 68% საპატრიარქოს უცხადებს ნდობას. პოლიცია მოსწონს გამოკითხულთა 63%. ადგილობრივ ხელისუფლებას მოწონების რეიტინგში 59% აქვს. ქართული მედიის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს 55%. იუსტიციის სამინისტრო მოსწონს 54%, სახალხო დამცველის ოფისი – 50%. საჯარო განათლების სისტემის მიმართ კეთილგანწყობილია 49%. გამოკითხულთა 42% -ს მოსწონს პრემიერ-მინისტრის ოფისი, ცესკო – 41 %-ს, საქართველოს პარლამენტი – 39% - ს, სასამართლოები – 37 %-ს.

წაკითხვა 342 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 09 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.