"უკრაინა ამ პოზიციიდან არ დათმობს სუვერენიტეტს და არ მიიღებს ოკუპაციას მოცემულობად" - ნინო კალანდაძე

კონფლიქტის მოგვარებამდე ჯერ კიდევ შორია, ვინაიდან ჯერ უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და მხარეები გადავიდნენ მოლაპარაკების „სამშვიდობო“ ფორმატზე. ომი არავის ინტერესში აღარაა. აშკარაა, რომ პუტინიც ცდილობს გამოსავალი მონახოს. ამას მოწმობს მისი მხრიდან წამოწეული შეთავაზებები. მისი პოზიციების სისუსტეზე მეტყველებს მისი საჯარო გამოსვლებიც, რომლებითაც მას მისი მოსახლეობის ხელოვნურად გამხნევება და რუსულ უპირატესობაში დარწმუნება უწევს პრაქტიკულად ყოველდღიურად, - ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე აცხადებს.

მისი თქმით, ძნელად წარმოსადგენია, რომ უკრაინა ახლა რაიმე სერიოზულ დათმობაზე წავიდეს.

 

"დასავლეთსა და უკრაინაზე მისი ზეწოლის ბერკეტი არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, დევნილები და ლტოლვილები, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება უკრაინის მხარეს. დიდი წნეხია ეს პრეზიდენტ ზელენსკიზე, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაზე. ამავდროულად, უკრაინული მხარის უპირატესობა ყოველდღიურად იზრდება. დასავლეთის დახმარებით ძლიერდება მათი სამხედრო და მატერიალური, შესაბამისად პოლიტიკური პოზიციები. ხოლო სანქციებს დაქვემდებარებული რუსეთი ყოველდღიურად სუსტდება. შესაბამისად, ძნელად წარმოსადგენია, რომ უკრაინა ახლა რაიმე სერიოზულ დათმობაზე წავიდეს.

 

პუტინს ახლა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ისეთი რამ სჭირდება, რასაც იგი „სახლში“ მეტ-ნაკლებ წარმატებად წარმოაჩენდა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მან უნდა შეინარჩუნოს სახე თავისივე ხალხთან, რომელსაც წლების მანძილზე აჯერებდა, რომ უკრაინა არ არის ერი და არის რუსეთის ნაწილი, რომელიც ნაცისტური რეჟიმისგან უნდა იხსნას. ახლა კი ხალხს უნდა აუხსნას, რომ მის თავში მოხარშულ არარსებულ იდეას შესწირა რუსეთის ეკონომიკა და სამხედროების სიცოცხლე და იზოლაციაში მოაქცია მთელი ქვეყანა. ასეთი რამის შეთავაზება კი შეუძლებელი ჩანს ამ ეტაპზე, ვიდრე პუტინი უკან არ იხევს თავისი მოთხოვნებისგან უკრაინამ უარი თქვას ნატოზე, მოხდეს უკრაინის ტერიტორიის დემილიტარიზაცია და ე.წ. დენაციფიკაცია, ანუ ზელენსკის ადმინისტრაციის და ამით ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის ჩანაცვლება,"- აღნიშნავს ნინო კალანდაძე.

 

როგორიც ის განმარტავს, უკრაინა ამ პოზიციიდან არ დათმობს სუვერენიტეტს და არ მიიღებს ოკუპაციას მოცემულობად.

 

"მოლაპარაკების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი რესურსი იქამდე არსებობს, ვიდრე შანსია, რომ კომპრომისის შედეგად ორივე მხარე მოგებული დარჩეს, თუნდაც მინიმალურად, მხარეების წითელ ხაზებამდე. ხოლო თუ პირობები ურთიერთგამომრიცხავია, მაშინ კომპრომისი ვერ მიიღწევა. უკრაინისთვის ასეთი წითელი ხაზი ნატოს წევრობა ან ანალოგიური ალტერნატიული საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებია, ისევე როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა. ამისთვის გაიღო მან მსხვერპლი და ამისთვის იბრძვის ის დღეს ასე შეუპოვრად. ეს კი პირდაპირ გამორიცხავს პუტინის ინტერესს უკრაინა არ არსებობდეს როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ერთეული. ამდენად გამოირიცხება კომპრომისიც. ხოლო დათმობაზე წასვლა მოუწევს იმას, რომელსაც სავაჭრო პოზიციები ექნება უფრო სუსტი. დღეს კი ისე ჩანს, რომ ეს სწორედ ვლადიმირ პუტინი იქნება," -აცხადებს ნინო კალანდაძე.

 

შეგახსენებთ, რომ რუსული სამხედრო შეჭრის საპასუხოდ უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 25-ე დღე გრძელდება. უკრაინის დამცველები ოკუპანტების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას აგრძელებენ. რუსული ჯარები კი აგრძელებენ ომის წესების შესახებ საერთაშორისო კონვენციების უხეშ დარღვევას.

 

ყოველდღიურად იბომბება უკრაინის ქალაქები და არის მსხვერპლი. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მათ შორის - ბავშვები.

 

წაკითხვა 437 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 20 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.