"ამერიკელებს კეზერაშვილი დღეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ, რომ რადიკალურ ოპოზიციას არსებობა გაუხანგრძლივონ, პოლარიზაცია გააღვივონ და ხელისუფლების შეცვლა კიდევ ერთხელ სცადონ"- ზაზა შათირიშვილი
მაღალია ალბათობა, რომ კეზერაშვილი სასჯელს ამ შემთხვევაშიც გადაურჩება და ამერიკელები მას გერმანელი პენსიონერების ძარცვასაც ისევე შეარჩენენ, როგორც თავის დროზე ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვით ნაშოვნი ასეულობით მილიონი შეარჩინეს, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
„უკვე დიდი ხანია, ვამტკიცებ, რომ ყველა იმ პროცესის უკან, რომელიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციის მიერ წარიმართება, სინამდვილეში ამერიკელები დგანან. ამ თვალსაზრისით, ამერიკელები ახალ-ახალი მტკიცებულებებით რეგულარულად გვანებივრებენ. თუმცა, ბოლო მტკიცებულება, რომელიც ქართული მედიისთვის გერმანული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ღირებული და საინტერესოა.
საქმე ეხება სკანდალურ ფოტოს, რომელზეც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ფიგურასთან, ოლიგარქ დავით კეზერაშვილთან ერთად კურტ ვოლკერი არის გამოსახული.
როგორც მედიაშიც განიმარტა, ვოლკერი ის ფიგურა არაა, რომ კეზერაშვილს საკუთარი ინიციატივით, ნებართვის გარეშე ხვდებოდეს და მისგან, ლევან ხაბეიშვილის მსგავსად, უბრალოდ ფულის გამორჩენას ცდილობდეს.
ვოლკერი არის მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატო-ში და ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინაში. შესაბამისად, საქმეში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვისაც ცხადია, რომ ის კეზერაშვილს არა საკუთარ, არამედ მისი ხელმძღვანელობის გზავნილებს უზიარებდა.
დღეს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია სრულიად მოშლილია. აშკარაა, რომ დაპირების შესრულებასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრებასთან „ქართული ოცნება“ საკმაოდ ახლოს არის. თუმცა, ამერიკელებს რადიკალები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ მიერთებული და მათ გასაცოცხლებლად ყველაფერს აკეთებენ.
ამ მიზნიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ისინი რადიკალების მთავარ ფინანსურ დონორს, დავით კეზერაშვილს განსაკუთრებულად გაუფრთხილდებიან. ისიც ფაქტია, რომ ჯერ ქართველი ბიზნესმენების და შემდეგ ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი ამერიკელების გარეშე ევროპაში ასე თავისუფლად ვერაფრით გადაადგილდებოდა.
შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ კეზერაშვილი სასჯელს ამ შემთხვევაშიც გადაურჩება და ამერიკელები მას გერმანელი პენსიონერების ძარცვასაც ზუსტად ისევე შეარჩენენ, როგორც თავის დროზე ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვით ნაშოვნი ასეულობით მილიონი შეარჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება გერმანელი პროკურორების აქტიური ჩართულობით წარიმართებოდა, გერმანელებს მისი პასუხისგებაში მიცემა ძალზე გაუჭირდებათ.
კეზერაშვილს ამერიკელები მხოლოდ მას შემდეგ გაწირავენ, რაც ის მათთვის გამოუსადეგარი ფიგურა გახდება. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, ამერიკელებმა სააკაშვილი მას შემდეგ გაწირეს, რაც გიგა ბოკერიამ ისინი სააკაშვილის გამოუსადეგრობაში დაარწმუნა. მოგვიანებით კი, როდესაც ბოკერიამ საქართველოში რეიტინგი მთლიანად დაკარგა და გამოუსადეგარ ფიგურად იქცა, ისიც სხვა გაცვეთილი აგენტების გზას გაუყენეს და აუტსაიდერობისთვის გაიმეტეს. ცნობილია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელები საკუთარი აგენტურის მიმართ დიდად ერთგულნი არ არიან. შესაბამისად, მათ ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიის ისეთი ლოიალური აგენტებიც კი მარტივად გაწირეს, როგორიც ბოკერია და მისი მეუღლე არიან.
ამერიკელებს კეზერაშვილი დღეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ, რომ რადიკალურ ოპოზიციას არსებობა როგორმე გაუხანგრძლივონ, რადიკალიზმი და პოლარიზაცია გააღვივონ და ხელისუფლების შეცვლა კიდევ ერთხელ სცადონ.
კანდიდატის სტატუსის გარშემო პირვანდელმა მღელვარებამ გადაიარა და საზოგადოებამ ყველაფერი სათანადოდ გაანალიზა. თუმცა, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ თემის ხელახლა აქტუალიზებას ცდილობს. მიზანი ამ შემთხვევაშიც იგივეა. სტატუსს არ მოგვანიჭებენ, რომ 2024 წლამდე რევოლუციური მუხტის შექმნა კიდევ ერთხელ სცადონ, ხოლო თუ ეს მუხტი ვერ შექმნეს, საკითხს 2024 წლის ოქტომბერში გადაწევენ, რომ უარი წინასაარჩევნოდ გვითხრან და „ნაცმოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარონ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საზოგადოების სიფხიზლეს და ყურადღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დარწმუნებული ვარ, ხალხი არც ამ შემთხვევაში გაებმება მახეში და ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის დარღვევის შესაძლებლობას არავის მისცემს“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი