"უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ, ეჭვი გეპარებათ, რომ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი"

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც სპეკულაციაა, არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდა. მათ მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შემდეგ მათი ამოცანა იყო რევოლუციების მოწყობა.

 

„ამის თაობაზე ვრცელი მოხსენება გავაკეთე პარლამენტში, თქვენ წინაშე წარვდექი ზაფხულში და გითხარით, რომ უკრაინის მხარდამჭერ 400-ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით. ყველა დონეზე, ყველა ფორმატში ჩვენ ვართ ან მხარდამჭერი, ან თანაორგანიზატორი და თანასპონსორი ამ რეზოლუციების, დოკუმენტების. როგორც შეგვეძლო, ყველა დონეზე მაქსიმუმი გავაკეთეთ და ჩვენმა ხალხმა გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.

 

რაც ხდება საშინელებაა, ტრაგედიაა. ამათ სტატუსზე კი არ უნდა იფიქრონ მხოლოდ, უნდა იფიქრონ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენთან ერთად იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ ავაცილოთ ქვეყანას მორიგი საფრთხეები, შევამციროთ მინიმუმამდე ეს საფრთხეები. როგორ იქცეოდნენ სანაცვლოდ? მანამდე რა რყევები გადაიტანა ქვეყანამ, კარგად იცით, როგორი მოღალატეობრივი ქმედებები იყო, რამენაირად დაეზიანებინათ ჩვენი ეკონომიკა, ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალხის ბედი, შეეფერხებინათ ეკონომიკური განვითარება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შემოიყვანეს მათი ყოფილი ლიდერი ერთადერთი განზრახვით და მიზნით, რომ აქ მომხდარიყო რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს ჩაუვარდათ, ყველას ჩაუვარდება. ყველას გაეცემა უმკაცრესი პასუხი. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს.

 

ომი დაიწყო, ასეთი მასშტაბის ომი ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი გამოწვევის პირობებში, ჩვენ არ ვართ არც ნატო-ს წევრი ქვეყანა, არც ევროკავშირის. 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსული ჯარი გვიდგას. ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონათ და გამოდიან ქუჩაში. მთხოვდნენ, მიგვეღო ჩარტერული თვითმფრინავები და აქედან გაეგზავნათ მოხალისეები საბრძოლველად. ნებართვა უნდა გაეცა სახელმწიფოს, მთავრობას. ეს იყო პირდაპირ ომში ჩართვის მცდელობა. რა თქმა უნდა, გათვლილი იყო იმაზე, რომ რუსეთის რეაქცია იქნებოდა შესაბამისი და ქვეყანაში, როგორც მათმა კოლეგებმა, პარტნიორებმა უკრაინაში დააანონსეს, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

 

მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მათი იდეური პარტნიორები, თანამშრომლები და მეგობრები არიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. გვარებს აღარ ჩამოვთვლი, არაფერს ნიშნავს ჩემთვის და არც თქვენთვის, მაგრამ ვიცით მათი გაცხადებული მიზნები, ამოცანები. მათი ამოცანაა, ღიად თქვეს, რომ ჩვენ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. არც სპეკულაციაა, არც ინტერპრეტაციაა, არც მოგონილი ლეგენდა. მათ მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვების ციტირებას ვახდენ. ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. დავანებოთ თავი ყოველგვარ სპეკულაციებს და რაღაც პროგნოზებს. ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ანუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოკავშირეები და მათი პარტნიორები, რომლებსაც სურდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, მინდა, ვკითხო ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ მართლაც იქნებოდა მეორე ფრონტი და პოლიგონად გადააქცევდნენ ჩვენს ქვეყანას? ხელისუფლებაში არ არიან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო აქ. ესენი ხელისუფლებაში, რომ ყოფილიყვნენ, დაანგრევდნენ ქვეყანას საბოლოოდ. ჩააბარებდნენ რუსეთს და ქვეყანა დაკარგავდა სუვერენიტეტს. ეს გააკეთეს მათ და ამას აკეთებდნენ აქციების გამართვით, დემონსტრაციებით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. შემდეგ მათი ამოცანა იყო რევოლუციების მოწყობა“, – განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 229 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.