"საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი"
რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში უნდა გაიშალოს წინააღმდეგობის ერთიანი ეროვნული ფრონტი. წინააღმდეგობა უნდა იყოს კომიტეტზეც, მედიაშიც, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდანაც, ქუჩაშიც, ყველგან, სადაც ადამიანები ვარსებობთ, ყველგან უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ეს გზა არის ერთადერთი, რასაც შეუძლია, შეაჩეროს საქართველოს მეორედ გასაბჭოება.
„ამ პროცესში ყველას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი წვლილი შესატანი, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებსაც. ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო შეხვედრა, კიდევ ბევრი გვექნება. ვემზადებით ხანგრძლივი, ძალიან პრინციპული და გარდამტეხი წინააღმდეგობისთვის საქართველოს მეორედ გასაბჭოებისა, რისი მთავარი დროშაც არის ეს კანონი, მაგრამ მხოლოდ ეს კანონი არ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ რუსული ინტერესების გასატარებლად იყენებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ.
ანა ნაცვლიშვილს არ უსაუბრია, კონკრეტულად რა გეგმები აქვთ ხვალ. როგორც მან აღნიშნა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს უნდა გააგებინონ, რა საფრთხეს შეიცავს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი.
„ხვალ რა იქნება, ვნახავთ ხვალ. ჩვენ გვაქვს დასახული ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის ამოცანის ერთ-ერთი ნაწილი არის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიტანოთ ძალიან გასაგებად ახსნილი, რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რა ტიპის პოლიტიკური განაცხადი იქნება ქვეყნის მხრიდან, რომ ამ კანონის მიღებით, ფაქტობრივად, შეიცვლება ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი, საქართველო მტრად გამოაცხადებს დასავლურ სამყაროს და მოყვარედ – რუსეთს, დაადგება რუსეთის გზას. საქართველოს ათასობით მოქალაქეს აღარ ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს, იმოქმედოს ათასობით სხვა ქართველის დასახმარებლად. ეს არის ის საფრთხეები, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებს, რომლებიც განსაკუთრებით ჰყავს სამიზნეში ამოღებული ხელისუფლებას – და ასეთია, მათ შორის, რუსეთის გზაც, სწორედ ამ ხალხს იღებს პირველად სამიზნეში – არამედ ეს კანონი სამიზნეში იღებს მეწარმეებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სახელოვნებო დარგის სპეციალისტებს, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, ტურიზმში ჩართულ ადამიანებს. არ დარჩება სფერო, რომელსაც ამ კანონის დამანგრეველი ეფექტი არ შეეხება, გარდა იმისა, რომ, როგორც გითხარით, ქვეყანა ზურგს შეაქცევს დასავლეთს, სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს, დასავლურ ინვესტიციებს, რადგან არცერთი ინვესტორი აღარ მოინდომებს, ინვესტიცია ჩადოს ამ ქვეყანაში. ყველაფერთან ერთად, ეს გამოიწვევს ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას და ჩვენ გავხდებით რუსული ჭაობი. ეს არის საფრთხე, რომელსაც ეს კანონი გვიქადის ყველას, თუ ახლა არ გამოვფხიზლდებით და საერთო ძალისხმევით არ შევეწინააღმდეგებით ამ პროცესს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტს ხვალ განიხილავს.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის