"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა" - აშშ-ის საელჩო
„ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ამის შესახებ ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 6 მარტს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა ხუთშაბათს გაიმართებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატები კანონპროექტზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებდნენ.
7 მარტს პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყო.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვას საზოგადოება პარლამენტის წინ აპროტესტებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
