“მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან ნაკარნახევი კანონი”- გიორგი გობრონიძე
“ქართული ოცნების” უკან დახევის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს, თუმცა, სანამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ ჩემი ვერსია, თუ რისთვის სჭირდებოდა ხელისუფლებას ე.წ. აგენტების კანონი.
როდესაც ამ კანონის ტექსტი წავიკითხე, ერთადერთი, რისი განცდაც დამრჩა, ის იყო, რომ ხელისუფლებას სურს დამატებითი კონტროლის მექანიზმების მოპოვება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან, პუტინისგან ან კიდევ ვიღაც სხვისგან ნაკარნახევი კანონი, არა, ის “ქართული ოცნების” ლიდერების გუმანის ნაყოფია. მმართველმა გუნდმა დაინახა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოზე ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი გაიზარდა. ასევე დაინახა, რომ აზერბაიჯანისა და კასპიის ზღვის ქვეყნების მნიშვნელობა იზრდება დასავლეთის ენერგომომარაგებაში, საქართველო მონაწილეობს ენერგორესურსების ტრანსპორტირებაში და ჩათვალეს, რომ ჩვენმა ფასმა აიწია”, - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის კრემლისგან ნაკარნახევი კანონი”.
“აი, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ახლა მიეცათ შესაძლებლობა შექმნან კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების გაკონტროლების მექანიზმი და მოახდინონ ძალაუფლების კონსოლიდაცია. ივარაუდეს, დასავლეთისთვის საჭირო ვართ და ამ ამბავს შეეგუებიანო. ხელისუფლებას მართლა რომ აწუხებდეს ქვეყანაში უცხოურ ძალასთან დაკავშირებული პირების არსებობა, მათ საქმიანობას სს კოდექსითა და შესაბამისი სამსახურების საშუალებითაც აღკვეთდა. ჩვენი კოდექსის მიხედვით, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი მუშაობა დანაშაულია. იბადება კითხვა: თუ ისედაც დანაშაულად არის მიჩნეული, რაღაში გვჭირდება დამატებითი კანონი? ხომ არ გვინდა იმ ორგანიზაციების შეზღუდვა, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო კონტროლის მექანიზმს პოლიტიკურ ელიტაზე? დასავლელ პარტნიორებს შეიძლება თეორიულად ისევ შეენარჩუნებინათ ჩვენთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არ იქნებოდა ურთიერთობის იმ დონისგან განსხვავებული, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის. აზერბაიჯანი დასავლეთისთვის საჭიროა როგორც ნედლეულის ბაზა და ჩვენც უბრალოდ საჭირო ვიქნებოდით, როგორც დერეფანი. ეს ნიშნავს, რომ დასავლური პოლიტიკური ჯგუფები შეძლებდნენ ამ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას კონკრეტული ეკონომიკური მიზნებისთვის, მაგრამ ქვეყნის შემდგომ განვითარებაში აღარ დაგვიჭერდნენ მხარს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“შეწყდებოდა ინვესტიციები, საერთაშორისო ასპარეზზე შემცირდებოდა ჩვენი, როგორც განვითარებისკენ მიმავალი სახელმწიფოს ნდობა და ჩვეულებრივ კავკასიურ, პოსტსაბჭოთა, ტოტალიტარულ რეჟიმად აღგვიქვამდნენ. საერთაშორისო თანამშრომლობა ვალდებულებების შესრულებას ნიშნავს, ამ კანონის მიღებით კი ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყოდით უარს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და კიდევ ერთხელ მოვატყუებდით ჩვენს პარტნიორებს. პარტნიორების მოტყუება კი ძალიან ცუდი ტონია, გარისკვად ნამდვილად არ გვიღირს, რადგან არ არის გამორიცხული, სრულიად მარტო აღმოვჩნდეთ ადგილობრივი რეგიონული ძალების პირისპირ. მე მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ. რეგიონში თავისი ინტერესები აქვს როგორც თურქეთს, ასევე ირანს და სავსებით შესაძლებელია ქვეყანა სავაჭრო ობიექტად ვაქციოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც რეგიონული ლიდერები გავლენის ზონებს გადაინაწილებენ, თუ დასავლეთის მხარდაჭერა არ გვექნება, ძალიან მარტივად აღმოვჩნდებით გასაყოფი ლოტების სიაში. ვფიქრობ, ხელისუფლებამ დაინახა და რეალურად შეაფასა როგორც საგარეო, ასევე ქვეყანაში არსებული რისკები და ამიტომაც გადაწყვიტა ე.წ. აგენტების კანონის ჩაგდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ერთი მომენტია გასათვალისწინებელი - ჩვენი ქვეყნის შიდა პროდუქტის დაახლოებით 15% საქართველოში დასავლეთიდან შემოდის დახმარებების სახით. ამის მეშვეობით ახორციელებს მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეფორმებსა და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდის განმავლობაში 3 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული საქართველოს მთავრობას დახმარების სახით. ამ ლოგიკით, თუ ვინმე უნდა დადგეს აგენტად აღრიცხვაზე, ეს ხელისუფლება უნდა იყოს. ამასთან, როდესაც შენ დასავლური ფინანსების შეზღუდვას დაიწყებ, რა გარანტია გაქვს, რომ საერთოდ არ შეგიწყვეტს დაფინანსებას? არ არის გამორიცხული, ამის შესახებ გააფრთხილეს კიდეც “ქართული ოცნება”. შიდა პროდუქტის 15%-ით შემცირებას საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადაიტანს, უბრალოდ, არჩევნებამდე ვერ მიაღწევს. ასეთ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება ცხოვრების ხარისხის გაუარესება, მძიმე სოციალური პრობლემები”, - განმარტავს ექსპერტი.
“რუსეთში ძალიან კარგად იციან ქართული ხასიათი, აქ არსებული სიტუაცია და შესაბამისადაც იყენებენ ამ ყველაფერს. იციან, ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აგენტებს რომ ეძახიან და მერე ამის გამო დიდხანს ჩხუბობენ. რას ამბობს ოპოზიცია? თურმე “ქართული ოცნება” რუსეთის დავალებით ცდილობს ე.წ აგენტების კანონის მიღებას. თქვეს საქართველოს მთავრობაში ჩვენი აგენტები არიანო? სად გინახავთ სპეცსამსახურების გავრცელებული განცხადება, ჩემი აგენტები კარგად იქცევიანო? ან რა ლოგიკაში ჯდება, რომ კრემლმა საქართველოს პრემიერი გადაიბირა და მერე მედიის საშუალებით დაუწყო ქება, დედა, რა კარგი ბიჭიაო. ამ ქვეყანაში აღარ დადგა ის დრო, რომ ყველა შეეშვას ბოლშევიკური სტილით საუბარს. თქვენ რომ იყოთ რუსული სპეცსამსახურების ადგილზე და ძალიან მარტივად შეგეძლოთ საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა, არ გააკეთებინებდით ადამიანებს ისეთ განცხადებებს, რის გამოც მერე ქართველები ერთმანეთს დაერეოდნენ?! მე გავაკეთებინებდი და მერე ძალიან გავერთობოდი. ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის აგენტები კი არა, ხარბები არიან, ყველა სისულელეს პირადი გამორჩენის მიზნით აკეთებენ”, - მიიჩნევს გიორგი გობრონიძე.
“რაც შეეხება სიმონიანის განცხადებას, ხალხის ომით დაშინებას, ეს ხალხის კონკრეტულ მასაზეა გათვლილი და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ნებისმიერი მათი განცხადება ჩვენს პროვოცირებაზეა გათვლილი. ისე დაგვცინიან და გვეთამაშებიან, როგორც პატარა ბავშვს. ხედავენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი აბსოლუტურად დაულაგებელია. ნებისმიერი სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოში სამოქალაქო ომის საშიშროებით მიმდინარეობს. ნახეთ, რა ნარატივი ვრცელდება, აგენტების კანონის გამოწვევას შეიძლება სამოქალაქო ომი მოჰყვესო. რატომ უნდა მოჰყვეს სამოქალაქო ომი იდიოტური კანონის გამოწვევას?! საზოგადოება იმისთვის არსებობს, რომ ხელისუფლება შეაჯანჯღაროს, როდესაც ის ჩარჩოებიდან გადის. პროტესტი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო კონსტიტუციური უფლების დაცვა სამოქალაქო ომს არ იწვევს. დაპირისპირებას და ომს იწვევს კონსტიტუციური უფლებების გათელვა”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ამ პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის ოპოზიციას, სტუდენტებმა აქციაზე აგრძნობინეს, რომ არ ენდობიან. გამოიტანს დასკვნას აქედან ოპოზიცია?” - პასუხობს:
“ჩვენი საზოგადოების 67% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოქალაქეების მხოლოდ 23% ირჩევს მთავრობას. წესით, ეს მოცემულობა ადრეც უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებელი. რეალობის აღქმა არც ხელისუფლებას აქვს და არც ოპოზიციას. ახალგაზრდები შეწუხდნენ იმ რისკის გამო, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემუქრება და იმიტომ გამოვიდნენ ქუჩაში, თორემ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უჭერენ მხარს. სახუმარო ამბავი არ გეგონოთ ის, რომ ხალხის 67% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, ეს პოლიტიკურ აპათიაზე მიანიშნებს. მე ხელისუფლებასაც ვურჩევდი და ოპოზიციასაც, მსოფლიო ისტორიას გადახედონ და ნახავენ, რომ პოლიტიკური აპათია მათ კარგს არაფერს მოუტანს”.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი