"ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე"

ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს, მე ვარ ერთ-ერთი. ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე, ვისთან ერთად, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი? ვისაც უნდა, რომ იყოს ჩემი პარტნიორი. მე პარტნიორებს არ ვეძებ და არავის ვეხვეწები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა განაცხადა.

კეზერაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, იქნება ეს დაჭერა, გაშავება თუ სხვა, რომ პროცესებიდან გამოეთიშოს.

 

„მე არ ვარ პარტიული, არ მაქვს ჩემი პარტია, არ ვაპირებ, მქონდეს ჩემი პარტია. 2008 წელს წამოვედი პოლიტიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი პოლიტიკაში და დღემდე არ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ვიყო პოლიტიკურად არააქტიური ადამიანი, არ მქონდეს ჩემი პოზიცია იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, რაღაც მომენტში ცხოვრებას ვაპირებ, როცა მომეცემა ამის შესაძლებლობა. როცა იქ აპირებ ცხოვრებას, შენთვის ვერ იქნება სულერთი, რა ქვეყანაში ცხოვრობ. ბრძოლის სხვადასხვა მეთოდია, მე ამაში ვმონაწილეობ იმ რესურსით და იმ დოზით, რა დოზითაც ვმონაწილეობ. ჩემთვის ძალიან გასაკვირია, ხშირად ამბობენ, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანები, მათ შორის ნიკა მელია და ა.შ., რომ არ უნდა ვმონაწილეობდე, მარტო იმიტომ, რომ მე შეიძლება, ფინანსურად უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე სხვა ადამიანები, მეკრძალება უფლება, რომ მივიღო მონაწილეობა ამაში? არ არის ეს სწორი. პრობლემა ის არის, რომ მარტო მე ვარ დღეს? კი, ეს პრობლემაა. დღეს პრობლემაა, რომ ბევრი ბიზნესმენი საქართველოში ამა თუ იმ მიზეზის გამო არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად, ვიდრე სასურველი იქნებოდა. მე არ მაქვს ამბიცია, არც სურვილი და არც მოთხოვნილება, რომ ექსკლუზიურად უნდა ვიყო დაკავებული, რაღაცაში ჩართული და ამას ვაკეთებდე. არა, ვისურვებდი, ვიყო რიგში 315-ე და ჩემ წინ იყოს 314 სხვა, საერთოდ, ძალიან ცოტათი ვმონაწილეობდე, უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ დავიკმაყოფილიყო ჩემი სურვილი, რომ საქართველოს ვეხმარები. დღეს ეს ასე არ არის. ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება საქართველოს პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი. ეს ხომ მთავრობის ნარატივია, მთავრობას უნდა, ყველაფერს აკეთებს, იქნება ეს დაჭერა, გაშავება თუ სხვა რამე, რომ გამოვეთიშო ამ ყველაფერს და მაშინ კიდევ ერთი მიზანი არის მიღწეული მათი მხრიდან. მე არ ვაპირებ, რომ შემეშინდეს ამათი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. ვისთან ერთად, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი? ვისაც უნდა, რომ იყოს ჩემი პარტნიორი. მე პარტნიორებს არ ვეძებ და არავის ვეხვეწები. არის „ფორმულა“, შემიძლია, გავაგრძელო მხოლოდ „ფორმულით“, „ფორმულა“ იარსებებს, იქნება „ფორმულა“ ერთი, ორი, სამი, ხუთი, რვა, იმედია, მაგდენი ხანი არ დაგვჭირდება, მაგრამ შეიძლება მაქამდეც მივიდეთ“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

 

ამასთან, დავით კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ „არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარება“. „ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, რადგან ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ბურჯი; მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“, – აღნიშნა დავით კეზერაშვილმა.

წაკითხვა 478 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.