რა კითხვები გააჩინა კეზერაშვილის ინტერვიუმ და როგორ აისახება მისი გავლენა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე

“თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას თუ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ვის აფინანსებს კეზერაშვილი, და რამდენად სუფთაა მისი ფინანსები, ამაზე “რეზონანსი” პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, კეზერაშვილის დაფინანსებას არ ადასტურებენ. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში. “მე ახალ მენეჯმენტთან ვურთიერთობ (“ნაციონალური მოძრაობა”) იქ კიდევ ბევრი ადამიანია, რომლებთან ერთადაც მოვდივარ 2003 წლიდან. თუ მათ ექნებათ რამე სურვილი და იქნება საჭირო, რომ რამით შემიძლია, მივეხმარო, დიდი სიამოვნებით მივეხმარები”, - განაცხადა კეზერაშვილმა. მისი თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას”, არიან პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების წაამომადგენლებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა კითხვები გააჩინა კეზერაშვილის ინტერვიუმ და როგორ აისახება მისი გავლენა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

 

“ევროპულ საქართველოს” მხარს ვუჭერდი, თუმცა, პარტიის შედეგები ქვემოთ მიდიოდა და ხელმძღვანელობას რაღაც უნდა შეეცვალა, ნაწილმა ეს არ მიიღო და გაბრაზდნენ. მე არ ვარ პარტიული, არ მაქვს ჩემი პარტია, არ ვაპირებ, მქონდეს ჩემი პარტია. 2008 წელს წამოვედი პოლიტიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი და დღემდე არ ვარ პოლიტიკაში”, - აღნიშნა დავით კეზერაშვილმა “ფორმულასთან” ინტერვიუში. ამ ინტერვიუს თავად ოპოზიციის შიგნითაც აზრთა სხვაობა მოჰყვა. “ჩვენ ნამდვილად არ გვაფინანსებს დავით კეზერაშვილი, სტრატეგია აღმაშენებლის ფინანსები არის გამჭვირვალე, ჩვენ დაფინანსებას ვიღებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენი მიღებული შედეგიდან გამომდინარე და აუდიტის სამსახურში ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩვენს ფინანსურ დეკლარაციებს წარმოვადგენთ, არანაირი შავი ბუღალტერია და სხვა მხრივ, სტრატეგია აღმაშენებლის არა აქვს”, - განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსება არის კანონის შესაბამისი, ის რაც აქვს სახელმწიფოსგან და რასაც იღებს ოფიციალური შემომწირველებისგან, რომელიც ასევე არის საჯარო, და ნებისმიერი გადაცდომა რომ ჰქონოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიის ყველა წევრი უკვე ვისხდებოდით დაჭერილი”, - განაცხადა ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ანა წითლიძემ. “რაც ყველაზე მიუღებელია, არის სწორედ რაღაცა ჩრდილში დგომა და ჩრდილიდან, გაურკვეველი წარმომავლობის ფულით, პოლიტიკური პროცესების მართვა და კეთება. ამას უნდა ვებრძოლოთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში ორივე მხარეს”, - განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა მიხეილ დაუშვილმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დავით კეზერაშვილის ინტერვიუ პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს. მან პრაქტიკულად “დაადასტურა”, რომ ოპოზიციას აფინანსებს კეზერაშვილი, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ეს დეკლარირებული არ აქვთ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მან საზოგადოებას თვალებში კიდევ ერთხელ შეაყარა ნაცარი და უთხრა, რომ გამდიდრდა კონკრეტული გამჭვირვალე ბიზნესით, და დღეს აქვს კეთილი ინტერესები, რომ დააფინანსოს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, რაც შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს. პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებაზე, რომელზეც მან საჯაროდ ისაუბრა, არაფერია მოცემული ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში. რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ აქ ოპოზიციური პარტიები ვალდებული არიან, საჯაროდ გასცენ პასუხი პირველ რიგში იმ განცხადებებს, რაც განაცხადა კეზერაშვილმა მედიის საშუალებით, მან პრაქტიკულად თქვა, რომ ის აფინანსებს ოპოზიციას, ოპოზიციურ პარტიებს ეს არა აქვთ დეკლარირებული”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კეზერაშვილი უკვე ღიად საუბრობს ორი პარტიის “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დაფინანსებაზე, ამასთანავე არ უარყოფს, რომ შეიძლება სხვა პარტიებიც დააფინანსოს. მიიჩნევს, რომ კეზერაშვილის ფული ბინძურია და გავლენას ვერ მოახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე”, - დასძენს გამოცემა.

 

“მარჩიელობას ვერ დავიწყებ, კიდევ ვის აფინანსებს კეზერაშვილი, თქვა, და მგონი ამას არც არავინ უარყოფს, რომ აფინანსებდა ევროპულ საქართველოს, და აფინანსებს ტელევიზიას. და, ცხადია, “ფორმულას” აფინანსებს. მთავარ არხსაც და ახლა აფინანსებს “ნაციონალურ მოძრაობასაც”. გახსოვთ ალბათ მელიას განცხადებები, დაფინანსებაზე და კეზერაშვილთან უთანხმოებაზე, ახლა ამას არავინ უარყოფს, არც კეზერაშვილი და არც თვითონ “ნაციონალური მოძრაობა”, რომ არის პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი. უფრო მეტიც, კეზერაშვილმა ბრძანა, რომ დააფინანსებს ყველას, ვინც იქნება ხელისუფლების წინააღმდეგი და, ვინც იქნება ევროპულად განწყობილი, პროდასავლური. ამიტომ ეს განცხადება არც საიდუმლოს წარმოადგენს და არც სიახლეს. რაც შეეხება მეორე თემას, შეიძლება თუ არა აქ მთლიანად ოპოზიციაზე ლაპარაკი, ალბათ არ შეიძლება. შეიძლება “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში მსხვილი მოთამაშე იყოს, მაგრამ ამ პარტიაში რთული პროცესი მიმდინარეობს და მას საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია, და არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” გარდა უამრავი სხვა ოპოზიციური პარტიები არსებობს, რომელთაც, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, კეზერაშვილი არ აფინანსებს და არა მგონია მათ კეზერაშვილის დაფინანსება მიიღონ. ფინანსები პოლიტიკაში საჭიროა, მაგრამ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არასდროს ჰქონია, მით უმეტეს არ ექნება არც ახლა. კეზერაშვილის ფინანსები შეიძლება გარკვეულწილად ტოქსიკურიც კი იყოს ამომრჩევლის მიმართ, მისი ფინანსების წარმოშობიდან გამომდინარე. აქ ბევრი კითხვა არსებობს და ამ ინტერვიუდან, რომელიც მან თავის ტელევიზიას მისცა, მაინცდამაინც არ ჩანს, რომ მისი ფინანსები, ან მისი ბიზნესი გამჭვირვალე იყო და, ასე ვთქვათ, სუფთა ფულია. მას ძალიან ცუდი სუნი ასდის, ბიზნესის მოპოვების ბიზნესმენად გახდომის თუ კომერციული მხრიდანაც. აქედან გამომდინარე, მისი ფული პოლიტიკაში დიდი სიკეთის მომტანი არაა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

“ვინ არის ოლიგარქი? ზოგადად უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას მივიჩნევთ და ვის მივიჩნევთ ოლიგარქად, როდესაც ეს კრიტერიუმები ფაქტობრივად არ არის განსაზღვრული, ნებისმიერი პირი შეიძლება შევიყვანოთ ოლიგარქის სიაში მეტ ნაკლებად შეძლებული. “ქართულ ოცნებას” თუ ჰგონია, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია და ივანიშვილი არა, “ნაციონალური მოძრაობა” პირიქით ამბობს. მე რომ მკითხოს კაცმა, ორივე ოლიგარქია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 236 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.