"მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის"

„მრავალ ადამიანს უთხოვია შეწყალება, თუმცა მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ ამბობს უარს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და განიცდის თუ არა ამ საკითხზე რამე გარე ზეწოლას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე.

 

„როგორც პრეზიდენტმა, მე უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც კვლავ ყოფს საქართველოს მოსახლეობას. ისეც არ არის, ქართველი ხალხი მიიჩნევდეს, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება, არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ მას შესაძლოა, ეპყრობოდნენ არა ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა ეპყრობოდნენ.

 

ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის, შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით. ასეთი შეგრძნებაა ზოგადად.

 

ამასთანავე, არის შეგრძნება, რომ საჭიროა მასთან ღირსეულად მოპყრობა და გადაწყვეტილების მოძებნა. აღვნიშნავ, რომ ექსტრადირების მოთხოვნა არ ყოფილა. ყველაფერი ეს - მთავრობის პასუხისმგებლობაა.

 

შეწყალება მორალური საკითხია, რომელზედაც მე პასუხისმგებლობა მეკისრება ადამიანების წინაშე, რომლებიც სხვადასხვანაირები არიან.

 

თუმცა, მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ, ვიმუშაო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. მათ შეუძლიათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვანაირი რეაგირება, თუმცა მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ისინი პასუხისმგებლები არიან ამ გადაწყვეტილებაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კითხვაზე, მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილის შეწყალების თხოვნით? საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

 

„მრავალ ადამიანს უთხოვია ჩემთვის პირადად, თუმცა მე მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო. თუმცა, არსებობს სხვა გზები და თუ არსებობს ზეწოლა, ეს ზეწოლა უნდა იქნეს გამოყენებული იქ, სადაც პასუხისმგებლობა დევს და სადაც არის რამის შეცვლის ძალაუფლება. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური.

 

ყველაფერი ეს ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც უნდა მოძებნოს გზები, რომლებიც იქნებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უფრო მეტად შესაბამისი. ეს არ არის ახალი საკითხი. მრავალი ქვეყნის მრავალი პრეზიდენტი იყო გასამართლებული და ზოგჯერ ჩვენ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, არის ასევე, ზოგადად მიღებული მიდგომები მოცემული სირთულის გადასაწყვეტად და ჩვენ ვალდებულები ვართ, უფრო მეტად შევესაბამებოდეთ მათ“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 296 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.