„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებს იმპიჩმენტის პროცესში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, სპეკულაციები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ სხდომას არ დაესწრება.

 

„ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.

 

„ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას და მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ არ დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციების და სპეკულაციების სივრცე, მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება და არ დაესწრონ იმპიჩმენტის პროცედურის განხილვას, ამით ყოველგვარი ინსინუაციები გამოვრიცხოთ. იმავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად წარმოჩინება, ვინაიდან მიზანი ამ კამპანიის არის პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ის არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულობისათვის იბრძვის და უნდა ჩაანაცვლოს სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები, ეს ბუნებრივია, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თამაშებშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქოცურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.  მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი. ვინაიდან, ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიის, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ინსინუაციები და არ დავიტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისათვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

წაკითხვა 380 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.