კობახიძე აშშ-სგან „რევოლუციის მოწყობაზე“ ტრენინგის დაფინანსებისთვის განმარტებას ითხოვს
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტებას მოითხოვს აშშ-სგან საქართველოში ტრენინგის დაფინანსებისთვის, რომლის მიზანი, მისივე მტკიცებით, რევოლუციის მოწყობაა.
„ჩვენ დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით - რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“, - განაცხადა კობახიძემ დღეს, 2 ოქტომბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძის შეფასება მოჰყვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების (USAID) პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები.
სუსის მტკიცებით, 2023 წლის 26-29 სექტემბრის პერიოდში თბილისში, სასტუმროში „იბისში“, მათ ჩაუტარეს ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების ერთ-ერთ დიდ ჯგუფს, "რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.
კობახიძე შემაშფოთებელს უწოდებს ფაქტს, რომ ტრენინგი დაფინანსდა USAID-ის მიერ.
„სცენარია არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი, ყველამ ვიცით, მეორე ფრონტი, რომელსაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი“, - თქვა კობახიძემ.
მმართველი პარტია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ავითარებს კონსპირაციას, თითქოს უკრაინა, აშშ და დასავლეთი ცდილობენ, საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ.
„ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა, - თქვა კობახიძემ და დაამატა, - რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, სერბეთის მოქალაქეებმა ქართველ აქტივისტებს ასწავლეს ძალაუფლების ხელში აღება, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლა და შედარებითი ანალიზისთვის მოუყვანეს სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი მაგალითი.
სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს სუსის გამომძიებლებმა გამოჰკითხეს. სუსის მტკიცებით, ისინი შეეცადნენ, შეენიღბათ საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი და მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
თუმცა სერბეთის მოქალაქეებს საქართველოს დატოვების უფლება მისცეს და ისინი უკვე ბელგრადში გაემგზავრნენ.
„კანვასი“ ნაწილია სერბული ახალგაზრდული მოძრაობა „ოტპორისა“ (Отпор!), რომელიც 1998-2004 წლებში არსებობდა. ამ ორგანიზაციის გამოცდილებას და სიმბოლიკას იყენებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“, რომელსაც თავისი როლი ჰქონდა 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციაში“.
„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს სუსის განცხადებას.
სიახლეები
- 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა