"ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი, გადადგება?" - ირაკლი კობახიძე

ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? - რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის, არ უნდა იაროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პასუხისმგებელი მხოლოდ მთავრობაა.

ამასთან, მან უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, თეიმურაზ ტუღუშის შეკითხვას: „თუ საშინაო და საგარეო პლატფორმები არ ექნება პრეზიდენტს, მაშინ ამომრჩეველს რა უნდა უთხრას? მე ვიქნები კანდიდატი, რომელიც არც იქ ჩავერევი, ჩუმად ვიქნები და არავის არ შევუშლი ხელს? ანუ ამის მიღმა ამ ინსტიტუტს არაფერი რჩება?“ - საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გასული წელს განხორციელებული ვიზიტები გაიხსენა, როდესაც მისი განმარტებით, ზურაბიშვილმა ივნისამდე რამდენჯერმე ითხოვა თანხმობა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით.

„პირდაპირ ასე ეწერა. ანუ კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით, ოთხ ქვეყანაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, ვერ იხსენებს ყველა ქვეყანაში წასვლასთან მიმართებით უარი მიიღო, თუ არა ზურაბიშვილმა, რა დროსაც, დროსაც პლენუმის მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტება წაიკითხა:

„ახლავე გეტყვით, ევროსაბჭო, პოლონეთი, გერმანია საფრანგეთი. თებერვალ-მარტში, 2022 წელი. თემა, ევროპულ-და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან პარტნიორობის განხილვა, რაზეც უარი ეთქვა სამუშაო ვიზიტზე“, - აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „თუმცა, ვიზიტი განხორციელდა“.

„ნახეთ, რაში საქმე - პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მისი როლი იყო მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომ შეიძლება ამას გადამწყვეტი როლიც კი, ჰქონოდა. ჩავიდა, ესაუბრა, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ვინმე საუბრობდა იმაზე, რომ ან პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ან პასუხი უნდა მოეთხოვოს? რატომ არ საუბრობდნენ? იმიტომ, რომ ეს არ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ეს არის მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის პასუხისმგებლობა. მაგალითად, ახლაც ხომ ვსაუბრობთ იმაზე რომ რაღაც კეთილშობილური მიზნით შეიძლება დაარღვიოს კონსტიტუცია, ოღონდ კანდიდატის სტატუსი მიგვაღებინოს, ქალბატონმა სალომემ. ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, რომ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი? აი, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც კი დაარღვია, მაშინ, რატომ დადის? ამაშია საქმე! მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან, თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი? ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? - რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არ უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი ან მან უნდა იაროს ან სულ მცირე, მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ. ამას ამბობს კონსტიტუცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. თავად პრეზიდენტი არც დღევანდელ სხდომას ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

წაკითხვა 566 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.