„ევროპა არის გზა შინისკენ - გზა სოხუმისკენ“ - როგორ შეიძლება მოვაგვაროთ აფხაზეთის კონფლიქტი
ომის დღეები ადამიანების სულებში ჭრილობებად რჩება ხოლმე და მას ვერანაირი წამალი ვერ კურნავს. ისტორია კი საკუთარ ფურცლებზე ინახავს და ინახავს ამ ტკივილს. ყოველ წელს გახსენებს ომის თარიღებს, რომელიც სისხლითა და ცრემლებითაა სავსე.
წელს 31 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ამ ომმა სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად კი 300 000-მდე ადამიანი იქცა.
ამ წლების მანძილზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების არაერთი სურვილი გაჩნდა, თუმცა ეს პროცესი გაყინულია და დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წელს კი მოსკოვმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
ძნელია კონკრეტულ შეცდომებზე საუბარი აფხაზეთის ომთან მიმართებით, თუმცა, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, იმაზე, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი.
ამის შესახებ კი FirstNews.ge-ს Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე და მეცნიერებათა დოქტორი, Dartmouth-ის კოლეჯის ასოცირებული მეცნიერ/თანამშრომელი, ტექნოლოგიური კომპანიის “White river technologes “ უფროსი გეოფიზიკოსი, - ირმა შამათავა ესაუბრა. ისინი მეუღლეები არიან და უკვე 23 წელია, რაც ამერიკაში მოღვაწეობენ. მათი გზები კი აფხაზეთში გადაიკეთა. სწორედ ეს გახდა ჩვენი იდეის წყაროც, რომ მათი თვალით გვეჩვენებინა თქვენთვის აფხაზეთის კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები.
ირმა შამათავა გვიყვება, თუ როგორი იყო „დაუვიწყარი ყავის გემო ზღვის მარილიან სურნელთან ერთად“ - მოგონებები აფხაზეთიდან
21 წლის ვიყავი როცა ის საშინელი დღე, 1992 წლის 14 აგვისტო დადგა, რასაც ვერაფერი წაშლის ჩემი მეხსიერებიდან. ყურებამდე შეყვარებული მე-5 კურსელი სტუდენტი გახლდით. აგვისტოს თვე ულამაზესი იყო სოხუმში. უამრავი ტურისტი ფუსფუსებდა ქალაქში. სტუდენტებიც არდადეგების ბოლო დღეებს ვილევდით და ნელ-ნელა ივსებოდა ქალაქი ხმაურიანი გოგო-ბიჭებით.
14-ში დილით აღმოვაჩინე პური არ მქონდა სახლში და საუზმისთვის ახლო მაღაზიაში გადავირბინე. საღამოსთვის ფრიდონსა და კურსელებს უნდა შევხვედროდი ზღვის ნაპირას ერთ-ერთ კაფეში. ეს ჩვეულებრივი რუტინა იყო სოხუმელი ახალგაზრდებისთვის. კაფეში წყდებოდა ჩვენთვის ყველა საჭირბოროტო საკითხი, ჭიქა ყავასთან ან საოცარ სოხუმურ ნაყინთან ერთად.... მმმმ... როგორ მახსოვს ის დაუვიწყარი ყავის გემო ზღვის მარილიან სურნელთან და თოლიების ჭყვიტინთან რომ ირეოდა... ზღვის ჩურჩული უმეტესად ნაზი იყო, ქვეცნობიერს რომ ელამუნებოდა, ზოგჯერ კი საოცრად ბობოქარი სიბრაზეს რომ ახეთქებდა ნაპირებს მისი ძლიერებისა და ყოვლისშემძლეობის დასამტკიცებლად.
ჰო, გამიტაცა მოგონებებმა და ის მთავარი გამომრჩა, პურის საყიდლად რომ წავედი „უნივერსამ“-ში. რუსი ქალი შემომეგება სარაფნით მოფარფატეს და მომაძახა, ახლავე სახლში წადი, ომი დაიწყოო.... თავიდან ყურადღება არ მივაქციე, სანამ უფრო ხმამაღლა არ შემომკივლა, სახლში წადიი, გესმის!!! შემოვიდნენ!!! ომი დაიწყო გოგონა....ეს საშინელი სიტყვები სულ ჩამესმის, არ შორდება ჩემს ქვეცნობიერს... 14 აგვისტოს ომი დაიწყო აფხაზეთში... მაშინ ვერ გავითავისე ამ წინადადების საშინელება. ყველანი ამ გაუგებრობას მორიგ პროვოკაციად აღვიქვამდით, რომელიც არც თუ ისე უცნობი იყო მაშინდელ აფხაზეთში...
წლების მერე გავაანალიზე, რუსული "კაგებეს" მიერ ჩადებული ნაღმები საქართველოში რაც წინასწარ იყო გათვლილი ურჩი, თავისუფლების მოყვარე, მოძმე რესპუბლიკების მიმართ, ვაი თუ ეთავხედათ და დამოუკიდებლობის სურვილი ჩაედოთ გულში.... თავისუფლების იდეა ხომ დასჯადი იყო სსრკ-ში, რისთვისაც ციხეშიც კი უშვებდნენ ხალხს მოღალატის იარლიყით. საქართველოს საუკუნეების მანძილზე ტანჯავდა, ანადგურებდა ერთმორწმუნე ისევ საკუთარი ხელით, ამ შემთხვევაში ის მოძმე აფხაზი იყო, რომელმაც იარაღი აღმართა მისი ნახევარძმის-ქართველის მიმართ, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო 90 წლების მიწურულში და სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის დაგვსაჯა. ჯერ სამაჩაბლო ჩამოგვაჭრა და მერე კი ჩვენი თვალმარგალიტი, სამოთხე დედამიწაზე - ჩვენი აფხაზეთი. მთელი ჩემი სტუდენტობა 1988 წლიდან დაწყებული იყო გაფიცვები, მოთხოვნები, უკმაყოფილება ხალხში, რამაც არც თუ ისე სახარბიელო შედეგი გამოიღო. გააქტიურდნენ სეპარატისტები, რასაც რუსეთი სისტემატურად აღვივებდა და ბოლოს იფეთქა ამ მძვინვარე ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა, რასაც უამრავი ჩემი თანაქალაქელი, მეგობარი, ახლობელი ემსხვერპლა. პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული თაობა შეიწირა აფხაზეთის ომმა, ვისაც დღეს ჩემი სამშობლო უნდა ეშენებინა, დოვლათი შეექმნა, მომავალი აღეზარდა.....მორალურადაც გაგვანადგურა აფხაზეთის ომმა...
„სულ იქ ვარ, სულ მესიზმრება, სულ მენატრება“ - სოხუმის მონატრება
უკიდეგანოა ჩემი ემოციები აფხაზეთის მიმართ. მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, რომელიც შემიცვლის იმ ემოციას, რაც სოხუმთან მაკავშირებს.... სულ იქ ვარ, სულ მესიზმრება, სულ მენატრება ზღვა, სანაპირო, სოხუმური ყავა, ნაყინი, თოლიები. მენატრება ბობოქარი ტალღები პატარას და უსუსურს თითქოს ჩაყლაპვას რომ მიპირებდა და მერე უეცრად მშვიდდებოდა და ჩურჩულით განაგრძობდა ჩემთან საუბარს. მენატრება დაუსრულებელი ჟუჟუნა წვიმები, ირგვლივ ყველაფერს სიხასხასეს რომ მატებდნენ, მენატრება ლეღვის ხის მწარე გემო, ევკალიპტების ჯარი, სიჭრელით თვალებს რომ გვჭრიდნენ, მენატრება სოხუმური ჟარგონი მარტო იქაურებს რომ ესმოდათ... მენატრება მცხუნვარე მზე ნაწვიმარზე ათას ცისარტყელას ერთდროულად რომ შემოარტყამდა იმ ლაჟვარდ ცას რომელიც ჩემია... მენატრება, სასოწარკვეთამდე მენატრება ღუნღულა ყვითელი მიმოზები, რომლის მძაფრ სურნელს თავის ტკივილამდეც კი მივყავდი, მენატრება ჩემი ბავშვობა, ჩემი სკოლა, მშობლიური უნივერსიტეტი, მენატრება სოხუმელი კოლორიტი ადამიანები, რომლებიც ჩემზე ადრე შეუერთდნენ იმიერ აფხაზეთს და იმ ზღვას, რომელიც არც თუ ისე შორია.... მენატრება, ტკივილამდე მენატრება ყოველი კენჭი, ქვიშის ნამცეცი, ნიჟარა, რომელიც უთუოდ ჩემია....უპირობოდ ქართულია...
„იმედი დამიბრუნა იმისა, რომ აფხაზეთის დაბრუნება შესაძლებელია“ - კონფლიქტის მოგვარების გამოსავალი
2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომმა ბევრი რამ ცხადი გახადა. უპირველესად კი იმედი დამიბრუნა იმისა, რომ აფხაზეთის დაბრუნება შესაძლებელია. მსოფლიომ დამოკიდებულება შეცვალა რუსეთის მიმართ. გადაფასდა ღირებულებები, გაჩნდა მხოლოდ ორი ფერი-თეთრი და შავი.
უკრაინელების თავგანწირვამ და სიმამაცემ აიძულა მსოფლიო მხარში ამოსდგომოდნენ, დახმარებოდნენ უკრაინას საერთო მტრის, კაცობრიობის მტრის-რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიახ, მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ დადგება ის დღე, როცა აფხაზი მიხვდება მის მიერ დაშვებულ დიდ შეცდომას, როცა რუსეთი მეგობრად და ქართველი მტრად აღიქვა. ჩვენ არაფერი გვაქვს აფხაზებთან გასაყოფი საერთო ისტორიით, მსგავსი ტრადიციებით, ადათითა და საერთო მიწა-წყლით. კონფლიქტის მოგვარების უმარტივესი და უმტკივნეულო გზა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა, რაც ჩვენს ქვეყანა დიდ დოვლათსა და განვითარებას მოუტანს. სწორედ ასეთი საქართველო იქნება მიმზიდველი ჩვენი მოძმე ოსებისა და აფხაზებისთვის. გზა ევროპისკენ ჩემთვის ასოცირდება გზა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსკენ. ეს სავიზიტო ბარათია ჩვენთვის შინ აფხაზეთში დასაბრუნებლად. ეს არის ის გასაღები და ნაბიჯი, როცა საღად მოაზროვნე აფხაზი მოქალაქე რუსულ ჭაობში ჩარჩენას ევროპულ მომავალ არჩევს, სადაც დაცული იქნება მისი უფლებები, ტრადიციები, ენა, რელიგია, მისი მომავალი თუ სიბერე.... დიახ, ჩემთვის ევროპა არის გზა შინისკენ-გზა სოხუმისკენ. მე კი აუცილებლად დავტოვებ ამერიკას და გავუდგები გზას შინისკენ, სოხუმისკენ, რომელიც ძალიან მშობლიური და ახლოა.
„30 წელზე მეტი გავიდა აფხაზეთში რუსების მიერ ორგანიზებული ომიდან. აფხაზეთი იყო, არის და იქნება ყველაზე დიდი მოუშუშებელი ტკივილი, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებამდე,“ - ამის შესახებ Firstnews.ge - თან საუბარში ფრიდონ შუბითიძე აცხადებს.
მისი თქმით, აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის მიზეზები არა 30 წლის წინათ არამედ უფრო ადრე უნდა ვეძებოთ.
უფრო ვრცლად გთავაზობთ ინტერვიუს ფრიდონ შუბითიძესთან:
- რა შეცდომები იქნა დაშვებული, ახლანდელი გადმოსახედიდან, აფხაზეთის კონფლიქტის დროს?
- ქართველებისა და აფხაზების გახლეჩა/გაუცხოება და ერთმანეთს შორის დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ მეფის რუსეთის იმპერიიდან იწყება. ერებსა და/ან ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მანიპულირება და გამოყენება გახდა "კაგებეს" ფუნდამენტური კონცეფცია საბჭოთა რესპუბლიკების მართვისათვის. ამ კონცეფციის საფუძველზე საბჭოთა რესპუბლიკებში შექმნეს ავტონომიური რესპუბლიკები ეთნიკური კონფლიქტების წარმოსაშობად, რათა არც ერთი რესპუბლიკა არ გამოსულიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. კერძოდ, ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტების მიზანი იყო: საბჭოთა კავშირიდან გამსვლელ რესპუბლიკის ეკონომიკის დანგრევა და მისი ტერიტორიების დანაწევრება. სწორედ ეს გეგმა აამუშავა "კაგებემ", როგორც კი საქართველო დამოუკიდებლობის გზას დაადგა. პირველად ეს იყო ცხინვალის რეგიონში და შემდეგ აფხაზეთში.
ძნელია კონკრეტულ შეცდომებზე საუბარი აფხაზეთის ომთან მიმართებით, ეს უფრო იყო დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საქართველოს დასჯა. ამიტომ კარგი იქნება თუ უფრო ფართო ჭრილში განვიხილავთ მიზეზებს. კერძოდ, ჩემი აზრით ძირითადი მიზეზი იყო საქართველოში ეროვნულ - სახელმწიფოებრივი აზროვნების არ არსებობა. მე-13 საუკუნის შემდეგ საქართველოს განაგებდნენ/მართავდნენ სხვადასხვა იმპერიები და ბოლო 200 წელი ქვეყანა იყო რუსული მმართველობის ქვეშ. რუსეთის იმპერიის მართვის სისტემა დაფუძნებული იყო ჰიბრიდულ აზიურ და ევროპულ იმპერიების მართვის მიდგომაზე. ერთის მხრივ ის ახორციელებდა ტერიტორიების ოკუპაციას და მეორეს მხრივ, ანადგურებდა ეროვნული-სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ის არ ახორციელებდა ეროვნული განათლების ცენტრების შექმნას დაპყრობილ ერებში, ყველა უმაღლესი განათლების ცენტრს ქმნიდა რუსეთის ტერიტორიაზე, ახორციელებდა რუსული იმპერიული იდეოლოგიის გავრცელებას და ჩანერგვას ყველგან და ყველაფერში. იგივე იდეოლოგია გააგრძელა საბჭოთა წყობამაც. ამის შედეგად, საბჭოთა კავშირის ჩამოშლისას ჩვენთან არ იყო ჩამოყალიბებული ეროვნული-სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენ მიზანი და სურვილი იყო საბჭოთა კავშირიდან სწრაფად გამოსვლა და დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნა. სახელმწიფოებრივი-აზროვნების გამო ვერ გავითვალისწინეთ (და ვერც გავითვალისწინებდით არ იყო შესაბამისი მომზადება) რას ნიშნავდა ერთიანი საქართველოს შექმნა და რა ადგილი ჰქონდა მასში, აფხაზებს, ოსებს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს. სახელმწიფოებრივი აზროვნების არ არსებობის გამო, „კაგებემ“ შეძლო თავის გეგმის ამუშავება და მოახდინა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებისა და ოსებს შორის კონფლიქტების გაჩაღება, საქართველოს ტერიტორიების დანაწევრება და ოკუპაცია. ახლაც იგივე მეთოდები ფიქრობს საქართველო ჩამოაშოროს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანების გზას.
- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს მხრიდან?
- დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ძირფესვიანი ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი შედეგი იქნება მომავალში მსოფლიოს მშვიდობიანი მოწყობის ახალი არქიტექტურის შექმნა. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ერთის მხრივ მოხდება უკრაინის უშიშროების გარანტიის დაცვა, ისე როგორც ეს მოხდა გასულ საუკუნეში მეორე მსოფლიო და კორეის ომების დასრულების შემდეგ დასავლეთ გერმანიაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გასულ საუკუნეში. უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ მოხდება უკრაინის ინფრასტრუქტურის მთლიანი შეცვლა, და ადგილობრივი და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების სწრაფი განვითარება. უკრაინა გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისა და მაღალი-ტექნოლოგიების სამრეწველო-სამხედრო კომპლექსის შესაქმნელად. მას ექნება სრული წვდომა ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.
მეორე მხრივ მოხდება რუსეთის სრული იზოლაცია ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ფინანსურად. რა თქმა უნდა, ეს იცის რუსეთმა და ამიტომაც ცდილობს ომის დამთავრებამდე და დამთავრების შემდეგაც რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოაქციოს თავის გავლენის ქვეშ, რათა გააკონტროლოს ენერგო რესურსები. ამ მხრივ რუსეთის ინტერესი საქართველოს მიმართ არის განსაკუთრებული, რადგანაც აზიიდან მომდინარე ენერგო რესურსები რუსეთის გვერდით გავლით გადის საქართველოზე. დღეისათვის, საქართველოში გამავალი ენერგო რესურსების კონტროლი საინტერესოა არა მარტო რუსეთისათვის არამედ დასავლეთის ქვეყნებისათვის. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ენერგიის ალტერნატიულ წყაროების შექმნის დღევანდელ ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში, შესაძლებელია დასავლეთის ქვეყნების ინტერესი საქართველოს, როგორც მხოლოდ ენერგიის გამტარებლის ქვეყნის მიმართ შეიძლება ახლო-მომავალში. ცნობისათვის, ევროკავშირი ჩრდილოეთ ზღვაში აშენებს ქარის ელექტროენერგიის გამომამუშავებელ სისტემას ( რომლის ღირებულება არის დაახლოებით 1 ტრილიონი ევრო), რომელიც სისტემაში უნდა შევიდეს 2030-2040 წლებში.
(ომისგან დაზარალებული პარლამენტის შიდა მონუმენტური კიბე)
- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, მშვიდობის დასამყარებლად?
- ამიტომაც დღეს საქართველომ უნდა მოახერხოს და შევიდეს ევროკავშირის შემადგენლობაში. მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები და შეძლოს ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გასვლა; უნდა მოახდინოს განათლების სისტემის განახლება/შეცვლა, რათა საქართველოს მოქალაქე გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ახალი იდეებისა, ახალი მიმართულებებისა და ინოვაციების შექმნაში; უნდა მოხდეს საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა მცირე ბიზნესის განვითარება და მხარდაჭერა; უნდა შეიქმნას ძლიერი, განათლებული და ჯანსაღი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საშუალო ფენა. ასეთი მიდგომებით აფხაზები და ოსები ნათალ დაინახავენ, რომ საქართველო ეკონომიკურად, განათლებითა და ცხოვრების დონით გაცილებით მაღლა დგას ვიდრე რუსეთი და რომ საქართველოს შემადგენლობაში უფრო დაცულები იქნებიან ვიდრე რუსეთის ქვეშ.
მე ვფიქრობ, ამ მხრივ აფხაზებთან ურთიერთობა და მიდგომა იქნება გაცილებით მარტივი იქნება ვიდრე ოსებთან. აფხაზებმა შექმნეს/ჩამოაყალიბეს საკუთარი ინტერესი ეთნიკური იდენტობაზე. ისინი, ოსებისაგან განსხვავებით, რუსეთს არ აძლევენ საშუალებას თავისუფლად განაგონ აფხაზეთი მიუხედავად იმის რომ 1992-1993 წლებში რეალურად რუსეთის არმიის ცოცხალი ძალით, შეიარაღებითა და ლოგისტიკით მოხდა ქართველების გამოდევნა აფხაზეთიდან.
აფხაზებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი ეთნიკური იდენტურობა გარანტირებული იქნება არა მარტო საქართველოს კანონმდებლობით არამედ ისინი დაცული იქნებიან ევროკავშირის კანონმდებლობითაც. მათი ენა, წესი-ადათი, ისტორია გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი და არ არასოდეს დაიკარგება.
- რა გამოსავალზე საუბრობენ, აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკაში? რა განწყობები აქვთ?
- ამერიკა ინდივიდუალისტების ქვეყანაა. ამერიკელისათვის წარმოუდგენელია ორი საერთო ისტორიის, საერთო ფესვების ეთნიკური ჯგუფის გადაკიდება და შუღლი. ეთნიკური კონფლიქტები და დაპირისპირება არის "კაგებეს" ძირითადი ინსტრუმენტი თავისუფლების მოყვარული ერების წინააღმდეგ. ამერიკელების უმეტესობა თვლის, რომ საქართველოს მოსახლეობა წინ უნდა აღუდგეს "კაგებეს" მეთოდებსა და განათლებით, ეკონომიკური სიძლიერითა და ცხოვრების დონით გახადონ საქართველო უფრო მიმზიდველი ვიდრე რუსეთი აფხაზებისა და ოსებისათვის.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის