"არავის აქვს უფლება, სუვერენულ სახელმწიფოს ვიზალიბერალიზაცია წაართვას, რა ჩავიდინეთ, კანონს რომ ვიღებთ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არის ნაკარნახევი?"
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოსახლეობის მიერ არის ნაკარნახევი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება, სუვერენულ სახელმწიფოს ვიზალიბერალიზაცია წაართვას.
„დარწმუნებული ვარ, შარშანდლის მსგავსად დაფინანსებული რეზოლუციაა. გონივრული ეჭვია, იმიტომ, რომ „ფარას“ კანონის დროს ვნახეთ, მილიონი დოლარი იყო გადახდილი ლობისტებში, რომლებმაც ტექსტები დაწერეს. აქაც ანალოგიურად არის. ორი კვირა აქვთ დარჩენილი კუბილიუსებს და ფოტიგებს ევროპარლამენტარის სტატუსის შენარჩუნებამდე, მერე არჩევნები დაიწყება და იმედი მაქვს, იქ ვერ ვნახავთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სიცრუეს ტირაჟირება, უარგუმენტოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება. გასულ წელს ეს ადამიანები გვეუბნებოდნენ, სანამ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, კანდიდატის სტატუსი დაივიწყეთო, არ მიიღებთო. ჰგონიათ, დაავიწყდა ქართველ ხალხს, როგორ გვემუქრებოდნენ. სააკაშვილი კრიმინალია, სტრასბურგმაც კი დაადასტურა ეს და არ მიიღო განხილვაში, როგორც გვარამიასი. საპირწონედ დაგვიდეს ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსი. საკუთარ ქვეყნებში ფოტიგა, რაისა და კუბილიუსი თავის დროზე ერთ-ერთი მაგარი კომუნისტები იყვნენ და გორბაჩოვის „პერესტროიკასთან“ თანამშრომლობდნენ, მათმა მოქალაქეებმა მითხრეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, სწორედ ეს ადამიანები დღეს მმართველ გუნდს ასწავლიან, როგორ მართონ ქვეყანა, დემოკრატია როგორ უნდა წარიმართოს.
„უძველესი დემოკრატიისა და ცივილიზაციის მქონე საქართველოს გვასწავლიან და გვეუბნებიან, სააკაშვილი უნდა გამოუშვათ, თორემ გემუქრებით, კანდიდატის სტატუსს წაგართმევთო. იგივე მარაზმი ჩაიდინეს ახლაც. ქართველ ხალხს და საქართველოს დაემუქრნენ ვიზალიბერალიზაციის წართმევით. ვინ ეკითხება კუბილიუსს? ეს არ არის მათი კომპეტენცია, სარეკომენდაციოა. გვეუბნებოდნენ, პოლიტპატიმარი სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსსო, ის ციხეში ზის, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ დამსახურებულად, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ანალოგიურადაა აქაც“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, არავის აქვს უფლება სუვერენულ სახელმწიფოს წაართვას ვიზალიბერალიზაცია.
„რა ჩავიდინეთ, რომ კანონს ვიღებთ? ჩვენი საქმიანობა არის კანონის მიღება. ეს კანონი ჩვენი მოსახლეობის მხრიდან არის ნაკარნახევი, რომ დავიცვათ სუვერენიტეტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო