"ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას – ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოური დაფინანსებით გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები, რაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საბაბი გახდა.
„ეს კანონი რომ მიიღება, ამის შემდეგ გაიგებს საზოგადოება, ვისი დაფინანსებით ყალბდება ხოლმე პარალელური დათვლის შედეგები. აქამდე ეს ყველაფერი გამჭირვალე არ იყო. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო, ეს არის წარსული. თუმცა, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული, საზოგადოება გაიგებს, ვისი დაფინანსებით ყალბდება, მაგალითად, პარალელური დათვლის შედეგები, ან ზედმეტობის შესახებ მონაცემები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა წერია რუსულ კანონში და რა განსხვავებაა ამ კანონსა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შორის.
„ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული, ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს. ეს არის ტყუილის ყველაზე უხეში ფორმა. რატომ არის ეს ცრუპენტელობა და რას ითვალისწინებს მაგალითად რუსული კანონი: რუსული კანონი, გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს დეკლარაციების ჩაბარებას, ითვალისწინებს მაგალითად იმას, რომ რამდენიმე თვით შეიძლება, პირდაპირ ჩაჯდეს სახელმწიფო კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციაში. შეიძლება, შეაჩეროს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ამ კონტროლის განხორციელების პროცესში, შეიძლება, საერთოდ აკრძალოს ამ არასამთავრობოს საქმიანობა, შეიძლება, სისხლის სამართლის საქმე აღძრას, როგორც ორგანიზაციის, ისე მასში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსული კანონი ითვალისწინებს ბრენდირებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მარტო ორგანიზაციაა, არამედ, როცა, მაგალითად, ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი და საუბრობს ასეთი ორგანიზაციის სახელით, მას ქვევით ეწერება ტიტრებში, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ეს, ასე ვთქვათ ამერიკული სტანდარტია. ჩამოგითვალეთ ათი პუნქტი, რაც წერია რუსულ კანონში, ძალიან უხეში პუნქტებია, საიდანაც არცერთი არ წერია ქართულ კანონში. რანაირად არის ქართული კანონი რუსული, ლოგიკა ხომ გაქვთ?,“- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც აქვს ცხრა კლასის განათლება, მიხვდება, რომ როცა ათი უხეში და რეპრესიული რამ წერია რუსულ კანონში, ხოლო არცერთი – ქართულ კანონპროექტში, არ შეიძლება, ამ კანონს რუსული ეწოდოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"