"ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, მეგობრულ ურთიერთობაში, რომლითაც ჩვენ აშშ-ს ვუყურებთ"
ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მაღალ დონეზე მიწვევისას წინაპირობების დაყენება მეგობრულ ურთიერთობაში არ ჯდება.
„სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ჩვენს პარტნიორებთან ამერიკაში სასაუბროდ. ამ დღეებშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და ჰქონდა შეხვედრა, როგორც კონგრესში და სენატში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში. თუმცა როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება მოწვევა პრემიერ-მინისტრის და ხდება წინაპირობების დაყენება, ეს არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რომელიც პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს, კერძოდ, ნდობით ურთიერთობას, და იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც განაცხადეს, რომ „პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
