პარლამენტთან აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.

ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

როგორც გამოსვლისას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია.

„ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა. თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტს ელოდოთ ჩვენგან, ვიდრე მხოლოდ საუბარია. გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის მხარდაჭერებო, მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას. მე ვიცი, რომ თქვენი გული სავსეა ბრაზით, მაგრამ გთხოვთ, მე დავესესხები მიშელ ობამას და ვიტყვი, თუ ისინი მიდიან დაბლა, ჩვენ ავდივართ ზემოთ. არ დაიჯეროთ ტყუილები და კონსპირაციული თეორიები. ჩვენ არ ვართ რადიკალები. თქვენ არ ხართ რადიკალები, თქვენ ჩვეულებრივი ევროპელები ხართ, რადგან იბრძვით იმისთვის, რაც არის ევროპა რეალურად – დემოკრატია, თავისუფლება. ჩვენ აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ, ჩვენ ასევე ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენი მესიჯი ამ მთავრობისთვის და მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი, შეაჩერეთ ეს კანონი. ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და მოკავშირეები. ეს არის ზუსტად ის, რატომაც უნდა გთხოვოთ, რომ არ დანებდეთ. გჯეროდეთ თქვენი იდეების სიძლიერის, რადგან ამაყი ევროპელები წარსულში ანგრევდნენ კედლებს, მათ გადალახეს სიძულვილი და ბრაზი, რადგან მათ სჯერათ თავისუფლების და დემოკრატიის. არ დანებდეთ. თქვენ ყველანი გვამხნევებთ ევროპაში. გთხოვთ, დარჩით მტკიცედ და ერთიანად. მე ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა როთმა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა  აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ახლა ფსონზე დევს.

„ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ პარლამენტს ვეწვიოთ, მაგრამ კარები დაკეტილია. თქვენმა წარმომადგენლებმა არ მიგვიღეს და არ მოგვისმინეს, მაგრამ ჩვენ გვესმის თქვენი. თუ ჩვენ არ შეგვიძლია პარლამენტის შიგნით ყოფნა, ჩვენ შეგიძლია აქ, თქვენთან ყოფნა. თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა, არის ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის საქართველოს მომავალი, რომელიც ფსონზე დევს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ. თავისუფლება მნიშვნელოვანია. დღეს ღამე ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, – განაცხადა ფიშერმა.

აქციაზე სოტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველო იქნება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

„2008 წელს ჩემი პრეზიდენტი იდგა აქ. ხვალ გამოაქვეყნებენ დეპუტატები განცხადებას, რომელშიც ამ კანონს უწოდებენ პუტინის კანონს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინასა და საქართველოში. თქვენ იქნებით ნატო-სა და ევროკავშირის წევრები. ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს ერთად“, – განაცხადა პავილიონისმა.

საქართველოში ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში თბილისში შეხვედრები გამართეს პაველ ფიშერმა, ბოგდან კლიხიმ, მიხაელ როთიმ, ჟიგიმანტას პავილიონისმა და სებასტიან ტინკინენმა.

 

წაკითხვა 276 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.