"საქართველოს მთავრობას უნდა ამერიკის გრანტები და დახმარებები, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა ვინმემ აკონტროლოს მათი ქმედებები და ხარჯები" - ფრიდონ შუბითიძის ბლოგი

FirstNews.ge გთავაზობთ Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერის ფრიდონ შუბითიძის ბლოგს:

მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ინტერნეტში ატეხილ კონსპირაციულ თეორიას, თითქოს „მასონები“ არიან საქართველოს წინააღმდეგ. ჩემი საქმიანობის გამო შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებს სხვადასხვა დროს. ეს პარლამენტარები იყვნენ/არიან საკმაოდ ერუდირებულნი, საქმიანები და დიდი გამოცდილებების მქონე პიროვნებები თავიანთ საქმიანობებში.

წარმოიდგინეთ, რომ მათაც კი ჰქონდათ კონსპირაციის ისეთი თეორიები როგორიცაა: მასონები მართავენ მთელ სამყაროს, მთელი მსოფლიო ებრძვის საქართველოს, ამერიკა ფიქრობს ქართველი ერის მოსპობას და ქართული კულტურის განადგურებას, რომ თითქოს სიმსივნის (კიბოს) განკურნების წამალი არის გამოგონილი, მაგრამ მისი ხმარებაში ჩაშვება არ ხდება, რადგანაც ვიღაცეები ბლოკავენ, რომ თითქოს ქართველების, როგორც ერთ-ერთ უძველესი ერის გარდაქმნა უნდათ, რომ უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო ამერიკამ ევროპის შესაშინებლად და ა.შ. ამ საუბრებს მე ყოველთვის ვთვლიდი ხუმრობად და მასზე დისკუსიას არ ვაგრძელებდით.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ეს კონსპირაციული თეორიები არა ხუმრობა არამედ ერთი მოწვევის პარლამენტიდან გადადიოდა მეორე მოწვევის პარლამენტში და როგორც ჩანს სამწუხაროდ ეს თეორიები ისე გაძლიერდა, რომ უკვე დღევანდელმა პარლამენტარებმა ეს პარლამენტის კედლებიდან უცხოურ პრესამდეც კი მიიტანეს.

ჩემთვის წარმოუდგენელია/დაუჯერებელია, ასეთი კონსპირაციული თეორიების მიმდევარ დღევანდელ პარლამენტის წევრებს წაკითხული და გააზრებული ჰქონდეს, თუ რეალურად რა არის რუსული კანონის არსი და მიზანი და რას მოაწერეს ხელი. მით უმეტეს არ მჯერა, რომ მათ რეალურად იცოდნენ რას ეხება ამერიკული FARA.

ამიტომ მათთვის და სხვებისთვის, ვინც არიან შეყვანილი შეცდომაში მინდა მარტივად ავხსნა, თუ რა არის ეს რუსული კანონი და რატომ მოდის წინააღმდეგობაში ამერიკულ და ევროპულ კანონებთან და ურთიერთობებთან.


სანამ ახსნამდე გადავიდოდით, მოდით შევთანხმდეთ ორ უტყუარ ფაქტზე:

ფაქტი 1. ამერიკის მთავრობა(და ევროკავშირი) არ იღებს სხვა ქვეყნებისგან გრანტებს და დახმარებებს ქვეყნის (ქვეყნების) პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების გასაუმჯობესებლად და რეფორმების ჩასატარებლად.

ფაქტი 2. განსხვავებით ამერიკისგან (და ევროკავშირისგან) საქართველოს მთავრობა დამოკიდებულია ამერიკის, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკების დახმარებაზე.

ახლა ძალიან მოკლედ FARA-ზე. მისი დანიშნულებაა, რომ არ მოხდეს რომელიმე უცხოელი დიქტატორის, ბიზნესმენის, კომპანიის, თუნდაც უცხოელი კერძო პირის, და ა.შ. ლობისტის მიერ ამერიკის მთავრობის, ან ნებისმიერი სახელმწიფო მოხელის შეცდომაში შეყვანა, მოსყიდვა და გამოყენება უცხოელი (რომელიმე უცხოელი დიქტატორის, ბიზნესმენის, კომპანიის, თუნდაც უცხოელი კერძო პირის, და ა.შ.) ინტერესების დასაცავად. ეს ინტერესები შეიძლება იყოს, მაგალითად, მხარდამჭერი განცხადების გაკეთება საინფორმაციო საშუალებებში, ინტერვიუებში, საჯარო გამოსვლებში და ა.შ. ანუ ამერიკის FARA არის შექმნილი ამერიკაში ლობისტური საქმიანობის დასარეგულირებლად და არა არასამთავრობო -არა კომერციული საქმიანობს საკონტროლოდ. FARA არის მექანიზმი რათა გამოირიცხოს სენატორის, კონგრესმენების და ნებისმიერი სახელმწიფო წარმომადგენლის შეცდომაში შეყვანა ლობისტური ფირმების მიერ. ცნობისათვის, ლობისტური კომპანიები არიან საკმაოდ მომგებიანი კომერციული ორგანიზაციები.

მოდით ახლა ავხსნათ რა არის ეს რუსული კანონი და რატომ არ უნდა იყოს ის მიღებული. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს მთავრობა იღებს გრანტებს და დახმარებებს სხვადასხვა ქვეყნებიდან (ამერიკა, ევროკავშირი, იაპონია, და ა.შ.) და ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, და ა.შ.). უნდა ვიცოდეთ რომ ეს თანხა გამოყოფილია არა მთავრობისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური, ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.

მიღებულ თანხებს თან ახლავს შესრულების პირობები და შესაბამისად სახელმწიფოს მიერ ამ პირობების შესრულებას უნდა დამოუკიდებელი კონტროლი.

ისმის კითხვა ვინ უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მიერ მიღებული თანხების ხარჯვის და პირობების შესრულების კონტროლი?

ამერიკა (და ევროკავშირი) ითხოვს რომ ეს უნდა გააკონტროლოს საქართველოს მთავრობისგან დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა. ანუ ორგანიზაციებმა, რომლებიც არ არიან ფინანსურად და იურიდიულად დამოკიდებული მთავრობაზე. ასეთ ორგანიზაციებად საქართველოში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

მაგალითისათვის, როგორც ვიცით წელს ამერიკას გამოყოფილი აქვს 360 მილიონი საქართველოსათვის. ეს თანხა გადაეცემა საქართველოს მთავრობას საქართველოში კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად.


იგივე ამერიკა ქირაობს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათზე ხარჯავს დაახლოებით 1-3 მილიონ დოლარამდე წელიწადში. ამ ორგანიზაციებს ავალებს მოიძიონ დამოუკიდებელი ინფორმაციები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გრანტების და დახმარებების ხარჯვის და შესრულებული პროექტების შესახებ და მიაწოდონ ამერიკის მხარეს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს არც ერთი საშუალება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს დამალონ მიღებული თანხები ან გამოიყენონ ეს თანხები სხვა მიზნებისათვის. მათ მიერ მიღებულ თანხებზე ინფორმაციას ფლობს ეკონომიკის სამინისტრო, ბანკები, და მათი ხარჯები კონტროლდება თვითონ ამერიკის (ევროპის) მხარის მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულები არიან ყოველ გახარჯულ თეთრზე წარმოადგინონ შესაბამის დოკუმენტები.

ანუ რეალურად თუ შევხედავთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ეს რუსული კანონი არის გაუმჭვირვალობის და არა “გამჭვირვალობის” კანონი, როგორც ისინი ამას ასაღებენ მოსახლეობას.

ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობას უნდა ამერიკის (და ევრო კავშირისაგან) გრანტები და დახმარებები, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა ვინმემ აკონტროლოს მათი ქმედებები და ხარჯები. ეს წინააღმდეგობაშია ამერიკის (და ევროკავშირში) მოქმედ ყველა კანონთან. ამიტომ ეს რუსული კანონი უნდა იქნეს გამოწვეული.

ამ კანონის მიღებით არასამთავროები ხვდებიან უშუალოდ მთავრობის გავლენის ქვეშ. ამის შედეგად მათი როგორც საქართველოს მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანიზაციებს დაფინანსება კარგავს აზრს. ეს გამოიწვევს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ხარჯების და ვალდებულების შესრულებაზე დამოუკიდებელი კონტროლის გაუქმებას ბუნებრივად, რასაც მოჰყვება ამერიკისგან (და ევროკავშირისგან) დაფინანსებების შეჩერებას ან შეწყვეტას.

 

ავტორი: ფრიდონ შუბითიძე

წაკითხვა 943 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 18 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.