"აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე, რადგან რუსული კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოლოდინი მაქვს - გვჭირდება ხელისუფლების ცვლილება"

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე იმიტომ, რომ რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, არის არაკონსტიტუციური - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, ბოკუჩავამ ისაუბრა „მეგობარ აქტზე“, მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ დემოკრატიული, პროდასავლური ხელისუფლების პირობებში იქნებოდა უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, თუმცა „ქართული ოცნების“ გამო, საზოგადოება ამ აქტში გაწერილ სიკეთეებს ვერ იღებს.

„დღეს მთავარი არჩევანი კეთდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების ნება უნდა აისახოს საარჩევნო შედეგზე, რაც გამოიწვევს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას და ის მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მათი მხრიდან საუბარი იყოს არა ინდივიდუალურ სანქციებზე ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, არამედ იმ უამრავ სიკეთეზე, რომელიც საქართველოს მყისიერად შეუძლია მიიღოს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და დამატებითი დახმარება, მათ შორის თავდაცვის ნაწილში.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე იმიტომ, რომ რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, არის ანტიკონსტიტუციური. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოლოდინი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ გვინახავს მთელი რიგი სხვა გადაწყვეტილებები, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე, როგორც სხვა ინსტანციის სასამართლოები, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

„მეგობარი აქტი“ დემოკრატიული, პროდასავლური ხელისუფლების პირობებში იქნებოდა უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის იმიტომ, რომ იქ ჯო უილსონის ინიციატივით, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდი ცოტა ხნის წინ, მათ შორის ბუქარესტში, არის ჩადებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ისევე, როგორც დამატებითი სამხედრო დახმარება, მაგრამ ანტიამერიკული და ანტიდასავლური ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ვერ ვიღებთ ამ სიკეთეებს და ამისთვის გვჭირდება ხელისუფლების ცვლილება. ახლა ერთადერთი, რაც შესაძლებელია, რომ ვნახოთ „მეგობარი აქტიდან“, არის ქართული დემოკრატიის დაცვა ინდივიდუალური სანქციების გამოყენებით ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

წაკითხვა 145 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.