November 22, 2024

"ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა" - პრეზიდენტი

ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური დაპირებების ნაცვლად, „შიშის, მუქარის, რევანშის დაპირებისგან შედგება“.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის ხმებით გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ცდილობს საზოგადოება კონფრონტაციამდე მიიყვანოს, რადგან შემდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

 

„ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან გამომწვევ მომენტში. ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში და ეს უნდა დავინახოთ, მაგრამ არა შიგა და შიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა აქა-იქ ფულის დარიგების გარდა, არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი და მხოლოდ ერთი, შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა.

 

არავის არაფერს არ ჰპირდებიან, პირიქით, იქ, სადაც მათ მიუხედავად, უცებ ჩნდება რაღაც ერთობა, რაღაც სიხალისე, საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სათავისოდ იმისთვის, რომ შექმნან მათთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში, ეს იქნება ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა და იქაც გამარჯვება, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატებები, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო გაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ამ ქვეყანაში საზოგადოებაში. რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს იმას, ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით აქამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გველაპარაკებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალება, ჩვენც გვინდა თურმე და თქვენც გინდათ. ეს არის თემა იმისათვის, რომ მიგვიყვანონ იქამდე, სადაც უკვე ძალის გამოყენება, (რომელსაც ვერ გამოიყენებენ, ამაში ვარ დარწმუნებული), მათ მხედველობაში იქნება ლეგიტიმური და შეეძლებათ, რომ გამოიყენონ. შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყველამრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა[რუსეთი] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენს გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევამ, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა.

 

ხელისუფლება, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვისკენ - ლევილში აჯანყებაზე აწყობს რაღაც ღონისძიებას, გაუგებარია ეს ღონისძიება რას ემსახურება? უხარიათ ის, რომ აჯანყება დასრულდა, თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აჯანყების ღონისძიებიდან?“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 100 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.